„ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი. სომხეთი დაინტერესებულია,  მის მეზობელ ქვეყნებში ძლიერი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემები იყოს“ – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სხვაობაზე ისაუბრა.

ამის შესახებ გამოცემა „პანორამა.ამი“ წერს,

„ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი. სომხეთი დაინტერესებულია,  მის მეზობელ ქვეყნებში ძლიერი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემები იყოს.

არსებობს სხვაობა მოქალაქეებში ტესტების ჩატარების მეთოდოლოგიაში. რა თქმა უნდა, მე არ გამაჩნია 100-პროცენტიანი ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ, არც მიმაჩნია ეს ჩვენს პრიორიტეტულ მიზნად. თუმცა, შესაძლოა, საქართველოში ჩატარებული 40 ათასი ტესტიდან ყველა „პისიარ“ ტესტი არ იყოს. შესაძლოა, მათი ნაწილი ყოფილიყო კორონავირუსის ექსპრესტესტი, რომელსაც ჩვენ პრაქტიკაში არ ვიყენებთ, რადგან ისინი ნდობას არ იწვევს. ამასთან, იტარებენ თუ არა კორონავირუსზე ტესტს მოქალაქეები, რომლებსაც რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსუბუქი სიმპტომები აქვთ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ? ამ კითხვაზე პასუხი მე არ ვიცი და არც მსურს, ვიცოდე, რადგან ეს ჩვენი პრობლემა არ არის“, – განაცხადა არსენ ტოროსიანმა.

ტოროსიანი დაინტერესდა, საქართველოში სტატისტიკა მოიცავს თუ არა პნევმონიით გარდაცვლილებს, რომლებსაც ამავე დროს, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ჰქონდათ:

„ჩვენთან ცალსახად მოიცავს. ამასთან, ჩვენ იმ შემთხვევების ცალკე სტატისტიკას ვაწარმოებთ, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილი სხვა მიზეზით მოხდა. გამჭვირვალობის ასეთი დონე სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ვიცი.

არის შემთხვევები, როდესაც ტესტი უტარდებათ საქართვლოს გავლით სომხეთში ჩასულ პირებს, მათ შორის, ქართველ მძღოლებს და ტესტის პასუხი დადებითია.

შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ საქართველოში დღეში როდესაც ცხადდება ინფიცირების 1-2 ან 6 შემთხვევის შესახებ, ყველა შემთხვევა არ დასტურდება და არ ხდება სტატისტიკად? საბოლოო პასუხი ამ შეკითხვაზე მე არ მაქვს“.

კომენტარები