„ჩვენი მეგობრობა პანდემიური წინახაზიდან დაიწყო… პირველი კვირა ქაოსური იყო“-ნანა გეგჭკორი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი კარდიოლოგი ნანა გეგჭკორი, ამერიკული საზოგადოებრივი მაუწყებლის (PBS-ის) მიერ მომზადებულ ვიდეორგოლს, სახელწოდებით „როგორ გახდა ამერიკაში მყოფი ორი ქართველი ექიმი კოვიდ პანდემიის გმირი საკუთარ სამშობლოში“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ამერიკულმა მაუწყებელმა რეპორტაჟი ზურაბ გურულისა და ნანა გეგეჭკორის შესახებ მოამზადა

ამერიკაში მყოფი ორი ქართელი ექიმი ერთმანეთს მხოლოდ დისტანციურად ეკონტაქტება. გეგეჭკორი გურულის გაცნობის, მასთან თანამშრომლობისა მეგობრობის დეტალებს იხსენებს: Zurab Guruli ალბათ რამდენისთვის იქნება სიურპიზი ის, რომ ჩვენ, სინამდვილეში, ერთმანეთს პირადად არც ვიცნობთ. ჩვენი მეგობრობა პანდემიური წინახაზიდან დაიწყო…

ნიუ-იორკს პირველი ტალღა რომ დაატყდა, უცხო დაავადებაზე საინტერესო ნიუანსებს ხშირად ვუზიარებდით ერთმანეთს სრულიად უცნობი ექიმები. ასე მიმოვიწერეთ მე და ზურამაც ერთმანეთში.

პირველი კვირა ქაოსური იყო ამერიკაში. ჰოსპიტალური სექტორი მზად არ აღმოჩნდა პაციენტთა მასიური ტალღისთვის. უსწრაფესად შემოელია ჰოსპიტალს პერსონალური თავდაცვის საშუალებები. ჩაკეტილმა ჩინეთმა ფაქტიურად მთელი მსოფლიო დატოვა ყოველდღიური მოხმარების საგნებზე წვდომის გარეშე. მათ შორის აღმოჩნდა სამედიცინო ნიღბები და დაცვის სპეციალური, ანტივირუსული საშუალებები. ერთ-ერთ მორიგეობაზე, უმძიმესი პაციენტის პალატაში გამოძახებულმა აღმოვაჩინე, რომ ნ95 ნიღბის მარაგი ჰოსპიტალში ამოწურული იყო, პაციენტის დასახმარებლად მხოლოდ წუთები მქონდა. ცხადია, ჩვეულებრივი ნიღბით შევედი კოვიდ პალატაში. სხვა გზა იმ წამს მართლა არ არსებობდა. პაციენტის კორონავირუსზე ტესტის პასუხი ჯერად არ იყო ცნობილი, ამიტომ ის სპეციალურ, იზოლირებულ პალატაში მკურნალობდა და იქ ელოდა კოვიდ განაჩენს, იმ დროს როცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არითმიის, პარკუჭების ფიბრილაციის, შეტევა დაეწყო… დახმარება წუთებში აღმოვუჩინე, მერე ლამის საათი გვატარე მის პალატაში სანამ სტაბილურის დატოვებას შევძლებდი… პალატიდან გამოსული სრულიად ახალ რეალობაში აღმოვჩნდი… თუ იმ პაციენტს კოვიდი დაუდასტურდებოდა მე გარდაუვლად ინფიცირებული ვიყავი… საკმარისზე ბევრად დიდი დრო გავატარე მის პალატაში დაუცვლემა. ღამე იმდენად დატვირთული იყო, საკუთარ შიშებთან მარტო დარჩენა არ დამანება, თუმცა სახლში მოსულს ავადმყოფობაზე და სიკვდილზე ფიქრი ამეკვიატა… კოვიდ-ტესტის პასუხს, პანდემიის პირველ კვირაში, მინიმუმ 2 დღე ველოდით.

ჩემი გონება სასწრაფოდ შეუდგა მოსალოდნელი ავადმყოფობისთვის მზადებას და ოჯახის შემზადებას. პირველი კვირის კოვიდ დრამიდან მიღებული შტაბეჭდილება მაიძულებდა საკუთარი სიკვდილი დამენახა. მინდოდა წინასწარ მქონოდა გათვლილი ჩემი მკურნალობის გეგმა, იმ შემთხვევაში თუ გონებას დავკარგავდი და მე ვერ მივიღებდი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ამერიკაში, ექიმს არ აქვს უფლება პაციენტს სურვილის საწინააღმდეგოდ უმკურნალოს. თუ პაციენტს თვითონ არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, მისი ოჯახის წევრი ან მის მიერ წინასწარ განსაზღვრული ადამიანი იღებს რთულ გადაწყვეტილებებს. ვერაფრით მოვნახე ფორმა, მეუღლისთვის გამემხილა ჩემი სურვილები, დაავადების მძიმე ფორმების შემთხვევაში, როდის მინდოდა ექიმს მკურნალობა შეეწყვიტა. ვიცოდი, ასე ჩემზე დარდს გავუასმაგებდი. ვერც მეგობრები და მითუმეტეს დედა და ძმა გავიმეტე ამ თემაზე სასაუბროდ. ბოლოს ზურას ვთხოვე, თუ რთული სამედიცინო ჩარევა დამჭირდებოდა, ჩემს ოჯახს სწორი და ჩემი სურვილების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებოდა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვმეგობრობდით, ვიფიქრე პროფესიულად მიუდგებოდა ამ საკითხს, თან მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ მეპარებოდა.

იმ პაციენტს კოვიდი არ აღმოაჩნდა…

მოგვიანებით ზურას ექიმი გავხდი, როცა მას კოვიდი შეეყარა. რადგან ჩვენი შტატები ათასობით კილომეტრითაა ერთმანეთს დაშორებული, მასაც ისევე ვუწევდი პროფესიულ დახმარებას როგორც სხვებს საქართველოში. რამდენიმე დღით მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მივიღე. მის ჰოსპიტლის ექიმს რომ ვესაუბრე, მითხრა, ზურამ მთხოვა მართვითი სუნთქვის საჭიროების შემთხვევაში თქვენ დაგიკავშირდეთ გადაწყვეტილების მისაღებად და საუკეთესო საკონტაქტო საშუალება დამიტოვეთო. ექიმები უკეთ მიხვდებიან რას ნიშნავს ნდობის ეს ხარისხი.

ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მეგობრობას პროფესიული კოლაბორაციაც დაერთო თან.

ეხლა უკვე ოჯახებით ვმეგობრობთ, ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ ვირტუალურად. იმედია პანდემია მალე დასრულდება და მექნება საშუალება ვისიამოვნო ჩემს მეგობრებთან პირადი ურთიერთობით.

Nino Zambakhidze ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხარ ჩემს ცხოვრებაში. კიდევ ბევრი საინტერესო იდეა უნდა განვახორციელოთ, რათა განვითარებული ქვეყნების სიკეთეებით საქართველოს ყველაზე მიუვალ სოფლებშიც კი შეძლონ ადამიანებმა სარგებლობა.

Marita Tevzadze, Ana Jangaradze – მადლობა ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ მალე გაგიცნობთ უფრო დიდი აუდიტორია.P.S. ახლა შევნიშნე ამ სიუჟეტის სათაური. კატეგორიულად არ ვეთანხმები გმირობის ამბებს, მაგრამ ამას მე არავინ შემითანხმებდა. ჩვენი პროფესიაა ისეთი, რომ სხვა პრიფესიებისგან განსხვავებული ყოველდღიურობა გვაქვს. საკუთარი საქმის პატიოსნად კეთება არანაირად არ არის გმირობა. გულწრფელად მჯერა, ესაა მინიმალური სტანდარტი რასაც ექიმობა ითხოვს” – წერს გეგეჭკორი.

კომენტარები