„ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა – 80 პროცენტი მხარს აღარ უჭერს „ქართულ ოცნებას“ და სურს ცვლილება“

-„ენდიაის“ კვლევებმა აჩვენა სურათი, რომელიც რეალობაა ჩვენს ქვეყანაში. იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა საგრძნობლადაა გაღარიბებული და ეკონომიკა არის ფაქტობრივად ჩამოშლილი. ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა – 80 პროცენტი მხარს აღარ უჭერს „ქართულ ოცნებას“ და სურს ცვლილება. ახლა ბურთი ოპოზიციის მხარეს არის – იმისათვის, რათა ჩვენ მოვახერხოთ და უახლოეს თვეებში, სწორედ იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ძალიან დიდი რაოდენობა დავარწმუნოთ, რომ ქვეყნის სწრაფი განვითარების სწორი გეგმა აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას. ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ხანა ქვეყანაში დასრულდა. ყველაზე მაღალი ნეგატიური შეფასება აქვს სწორედ ბიძინა ივანიშვილს. ქართველი ხალხი აღარ აპირებს, ბიძინა ივანიშვილს დაუტოვოს საკუთარი სახელმწიფო სამართავად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი უკანასკნელი პროექტი – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასევე ლიდერია უარყოფითი დამოკიდებულების თვალსაზრისით. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი დასრულდა კრახით და ქართველი ხალხი გამარჯვებას გააფორმებს შემდეგ არჩევნებზე, ამას აჩვენებს რეალურად ეს კვლევა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით,

ამოკითხულთა 32 პროცენტის აზრით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ყველაზე მეტ ხმას „ქართული ოცნება“ მიიღებდა.

კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით ვინ მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას“, პასუხები შემდეგნაირია:

„ქართული ოცნება“  – 32 პროცენტი, „არ ვიცი“ – 14 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 14 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 12 პროცენტი, „არცერთი“  – 11 პროცენტი, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ – 6 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – 2 პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – 2 პროცენტი, „გირჩი“ – 1 პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 1 პროცენტი, „სხვა“ – 1 პროცენტი.

კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბრისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასეთია: „არცერთი პარტია“ – 20 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 19 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)“ – 13 პროცენტი, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – შვიდი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – ექვსი პროცენტი,  „პატრიოტთა ალიანსი“ – ხუთი პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“ – ოთხი პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ – სამი პროცენტი, „გირჩი“ – ორი პროცენტი, თავისუფალი საქართველო – ერთი პროცენტი, სხვა – ერთი პროცენტი.

კომენტარები