„ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელს, განუწყვეტლივ ამყოფე იგი შენს გონებაში, დაიცავი გულში, ადიდე ენით, იმეორე: უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“ – წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

„-ღირსნი ანტონი დიდი უფალ იესო ქრისტეს სახელის განუწყვეტელ ხსენებას ამცნებს:

„ნუ დაივიწყებ, – ამბობს იგი, – ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელს, განუწყვეტლივ ამყოფე იგი შენს გონებაში, დაიცავი გულში, ადიდე ენით, იმეორე: უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე. აგრეთვე: უფალო იესუ ქრისტე, შემეწიე მე. ასევე: გადიდებ შენ, უფალო ჩემო, იესუ ქრისტე“.
… წმინდა იოანე კიბისაღმწერელი მის მიერ მონახულებული ალექსანდრიის საერთო საცხოვრებელი მონასტრის ბერებზე ამბობს, რომ ისინი „თვით ტრაპეზის დროსაც არ ანებებენ თავს სულიერ ღვაწლს, სულში აღსასრულებელი ლოცვის შესახებ ნეტარნი ერთმანეთს დაწესებული ნიშნით შეახსენებენ და ამას არა მარტო ტრაპეზის დროს აკეთებენ, არამედ ყოველი შეხვედრისას, ყოველი შეკრებისას“. ღირსმა ისააკმა, ეგვიპტის სკიტეს დაყუდებულმა ბერმა აუწყა ღირს კასიანე რომაელს, რომ იგი განუწყვეტლივ ლოცულობდა 69-ე ფსალმუნის მეორე მუხლით: „ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე“. ღირსმა დოროთემ, აბბა სერიდეს საერთო საცხოვრებელი მონასტრის (პალესტინაში) ბერმა, „ღმრთის ხსენებაში“ განუწყვეტელი წვრთნა ასწავლა თავის მოწაფეს, ღირს დოსითეს, როგორც დოსითეს ცხოვრებაშია თქმული; ამცნო მას გამუდმებით წარმოეთქვა: უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე; და – ძეო ღმრთისაო, შემეწიე მე. ღირსი დოსითე მონაცვლეობით ლოცულობდა მისადმი უწყებული ლოცვის ხან პირველი და ხანაც მეორე სიტყვებით. ამგვარად ლოცვა ეუწყა მას გონების სიჩვილის გამო, რომ გონება არ დახსნილიყო ლოცვის ერთფეროვნებით… ღირსი იოანიკე დიდი გონებაში განუწყვეტლივ იმეორებდა ლოცვას: სასოებაჲ ჩემდა მამაჲ, შესავედრებელ ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდაჲ, სამებაო წმიდაო, დიდებაჲ შენდა. იოანიკე დიდის მოწაფემ, ღირსმა ევსტრატიმ, რომელსაც მისი ცხოვრების წმინდა აღმწერელმა ღმრთაებრივი უწოდა, განუწყვეტელი ლოცვა მოიხვეჭა. „იგი შინაგანად გამუდმებით ამბობდა: უფალო შემიწყალე“ – ამბობს მისი ცხოვრების აღმწერელი… წმინდა ისააკ ასური იხსენიებს ერთ ბერს, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში ერთი ლოცვით ლოცულობდა: მე, ვითარცა კაცმან, შეგცოდე; შენ, ვითარცა ღმერთმან, შემინდე. სხვა მამებს ესმოდათ, რომ იგი მწუხარებით ლოცულობდა ამ ლოცვით, დაუდუმებლად ტიროდა და მისთვის დღისით და ღამით ყველა ლოცვას ეს ერთი ლოცვა ცვლიდა. მონაზონთა უმეტესობა ყოველთვის „იესოს ლოცვით“ განისწავლებოდა: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ზოგჯერ, საჭიროების მიხედვით, დამწყებთათვის ამ ლოცვას ორ ნაწილად ყოფდნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში ამბობდნენ: უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი; ხოლო შემდეგ, დროის სხვა მონაკვეთში: ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მაგრამ არ არის საჭირო ლოცვის სიტყვების ხშირი მონაცვლეობა, რადგან როგორც წმინდა გრიგოლ სინელი აღნიშნავს, ხე, რომელსაც ხშირად გადარგავენ, ფესვს ვერ იდგამს“.

კომენტარები