„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან 2020 წლამდე ხუთჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობა. ეს მიუთითებს“ – ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა. 

-„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან 2020 წლამდე ხუთჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობა. 2019 წელს 131 საქმესთან დაკავშირებით მოხდა სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვა, 2012 წლამდე,  სულ მცირე, 400 საქმე წარიმართებოდა ყოველწლიურად.

 ჩვენ განვიხილეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით 2019 წლის ანგარიში. ანგარიში შეეხება 2012 წლამდე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს.  საუბარია წინა ხელისუფლების პირობებში ჩადენილ უმძიმეს დარღვევებზე, საუბარია სიცოცხლის უფლების ხელყოფასა და საუბარია წამების აკრძალვის დარღვევაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფაზე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან 2020 წლამდე ხუთჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობა. ეს მიუთითებს იმ რეფორმებზე, რომელსაც ატარებს ჩვენი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება; ეს მიუთითებს მოქალაქეების ნდობაზე ჩვენი სასამართლო სისტემისადმი, ვინაიდან ხუთჯერ შემცირება 2012 წლიდან 2020 წლამდე არის სწორედ ნდობის მაჩვენებელი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ეროვნული სასამართლოების მიმართ.

ჩვენ ვართ ერთგული ევროპული სამართლებრივი პრინციპებისადმი, ერთგული იმ პრინციპებისადმი, რაზეც დგას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომ დავიცვათ განუხრელად ჩვენი მოქალაქეების უფლებები და სამწუხაროდ, გვიწევს მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხებიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გადახდა, კომპენსაციის მიცემა იმ ადამიანებისთვის, რომელთა უფლებებიც უხეშად დაირღვა 2012 წლამდე. ეს პროცესები გრძელდება, ძალიან ბევრი საქმეა წარმოებაში სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც შეეხება სწორედ 2012 წლამდე ჩადენილ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ანგარიში განიხილეს. ანგარიში  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებას ეხება. 

კომენტარები