„ჩვენს სულში თუ არის ისეთი დამოკიდებულება, რომ სხვაზე ვიზრუნოთ, სხვა შეგვებრალოს, ჩვენი ეგოიზმი დავთრგუნოთ და გვქონდეს სიყვარული, მაშინ ჩვენ შევძლებთ“-მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ დიდი მარხვის მეხუთე კვირას, ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით  ქადაგებისას განაცხადა:

-„ჩვენს სულში თუ არის ისეთი დამოკიდებულება, რომ სხვაზე ვიზრუნოთ, სხვა შეგვებრალოს, ჩვენი ეგოიზმი დავთრგუნოთ და გვქონდეს სიყვარული, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ გავხდეთ ქრისტიანები. ღირსი მარიამ მეგვიპტელი დიდი მაგალითია სინანულისა, უფლის სიყვარულისა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღეს არის დიდი მარხვის მეხუთე კვირა, რომელსაც ეწოდება ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელის კვირა. გილოცავთ ამ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს მისი დალოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

ღირსი მარიამ მეგვიპტელი იმდენად დიდი მაგალითია სინანულისა, უფლის სიყვარულისა, ცხოვრების მყისიერად შეცვლისა, უფლისკენ მობრუნებისა, რომ დიდმარხვაშია დადგენილი მისი ხსენება განსაკუთრებულად.

თქვენ იცით, რომ იგი იყო ალექსანდრიიდან და ცხოვრობდა გარყვნილი წესით. მან ერთხელ მოინდომა ტაძარში შესვლა და სიწმინდის მთხვევა, მაგრამ რაღაც საწინააღმდეგო ძალა აჩერებდა და არ უშვებდა, ვერ შედიოდა. მან ილოცა, ევედრა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომელმაც იგი დაუშვა შემდეგ ტაძარში და იქ იგრძნო ისეთი მადლი, რომ ტაძრიდან ღირსი დედა მარიამი სულ სხვა ადამიანი გამოვიდა. შემდეგ მიდის უდაბნოში და ისეთ დიდ სიწმინდეს აღწევს, რომ, ვიმეორებ, დიდ მარხვაში უკვე მრავალი საუკუნეა განსაკუთრებულად აღინიშნება მისი ხსენება, როგორც მაგალითი სინანულისა და სიყვარულისა, მარხვისა და ლოცვისა.

ამასთან დაკავშირებით დღეს წაკითხული იყო სახარება, თუ როგორ მიდის უფალი იესო ქრისტე ერთ ფარისეველთან ოჯახში. იგი პატიჟებს მას სახლში, სუფრას უშლის. სახელიც კი შემორჩა ამ კაცის, მას სვიმონი ერქვა და ეს მისი მხრიდან, რა თქმა უნდა, დიდი გამბედაობა იყო, იმიტომ რომ ფარისევლების საზოგადოება ძალიან ცუდად უყურებდა იესო ქრისტეს, ეწინააღმდეგებოდნენ მას.

როგორც ჩანს, ეს სვიმონი იმდენად ვაჟკაცური ადამიანი იყო, მართლა აინტერესებდა უფლის მოსმენა და მოძღვარსაც კი ეძახის აქ მას, რომ თავისთან დაპატიჟა სახლში, ანუ გადალახა ეს. საერთოდ, ჩვენ, ადამიანები ძალიან დამოკიდებულნი ვართ სხვის აზრზე, – ვინ რას იტყვის, ჩვენზე რას იფიქრებენ, ეს კაცი კი აი, ამ დინების საწინააღმდეგოდ მიდის და უფალს პატიჟებს შინ.

იმ ქალაქში ცხოვრობს ერთი ქალი, რომელზეც სახარებაში წერია, რომ ის ცოდვილი ქალი იყო. რას ნიშნავს ეს? ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ცოდვილია, ეს ნიშნავს, რომ მეძავი იყო, მაშინ ეს ამას ნიშნავდა, ასე რადგან ამბობს.

როგორც ჩანს, როდესაც მაცხოვარი ქადაგებდა იმ ქალაქში, იმდენად იმოქმედა ამ ქალზე ქრისტეს სიტყვებმა, იმდენად შეძრა, იმდენად დააფიქრა თავის ცოდვებზე, თავის ცხოვრებაზე, რომ ეს ქალი მოდის, როცა გაიგებს, რომ ფარისეველთან ოჯახში არის უფალი იესო ქრისტე, მოდის მასთან; მოდის მასთან და მოაქვს ძვირფასი ჭურჭლით უძვირფასესი ნელსაცხებელი. ცხადია, მას თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს ძვირფასი ნელსაცხებელი ექნებოდა, მეტი რა სიმდიდრე ექნებოდა. აქ ნათქვამია, რომ „რაც კი ჰქონდა, ყველაზე ძვირფასი მოიტანა“.

ქალი იწყებს ტირილს, თავისი ცრემლებით დაალტობს მაცხოვრის ფეხებს, ამ ნელსაცხებელს სცხებს და ასხამს, შემდეგ თავის თმებით წმენდს მაცხოვრის ფეხებს. როგოც ჩანს, ამ ქალმა იგრძნო, რომ ხსნა არის მაცხოვარში, დაინახა, თუ ვინ არის მის წინაშე, რომ მისგან არის ხსნა, დაინახა დიდი სიყვარული, დიდი ძალა და დიდი მადლი და ამას აკეთებს.

ამის დანახვაზე ეს სვიმონი, ფარისეველი გაიფიქრებს, იესო რომ მართლა წინასწარმეტყველი ყოფილიყო, მაშინ ხომ მიხვდებოდა, რანაირი ქალი ეხება მასო. და უფალი იესო ქრისტე, მართლაც, რადგან წინასწარმეტყველია, ეტყვის სვიმონს: „სვიმონ, რაღაც მაქვს შენთვის სათქმნელი“. „თქვიო“, – მიუგებს იგი. ახლა ყველაფერს არ მოგახსენებთ, მაგრამ ბოლოს უფალი ეუბნება მას: „მე მოვედი შენთან, შენს სახლში, შენ კი ფეხები არ დამბანე“ (თქვენ იცით, რომ ძველი ტრადიცია იყო აღმოსავლეთში სტუმრისთვის ფეხების დაბანა), ეს არ გააკეთე, ხოლო ამ ქალმა ცრემლით დაალტო ჩემი ფეხები და თავისი თმებით წარხოცა იგი, შენ ამბორისყოფა არ მომეცი. როგორც ჩანს, შეხვედრისას გადაკოცნის ტრადიციაც ძველი დროიდან მოდის, იმიტომ რომ აქ მაცხოვარი ამბობს, შენ მე არ მაკოცე, ამბორისყოფა არ მომეციო. ეს ქალი კი შემოვიდა და „არ დაცხრება ამბორისყოფითა ფერხთა ჩემთა“, შენ ზეთი თავზე არ დამასხი, ამან კი ნელსაცხებელი მცხო და „რომლისა მადლისათვის გეტყვი შენ.“

როგორც ჩანს, ამ ფარისეველმა გადაწყვიტა, რომ ესეც საკმარისი იყო: მან რომ სახლში მოიყვანა იესო ქრისტე და სუფრა გაუშალა, იფიქრა, რომ ესეც საკმარისია, უკვე ესეც დიდი საქმეა, კიდევ, რომ ამბორი-ეყო და ფეხები დაებანა მისთვის, შეიძლება ბევრად უარესი მომხდარიყო მისთვის. ყოველ შემთხვევაში, ჩათვალა, რომ ეს საკმარისი იყო და სვიმონმა ეს ტრადიცია არ შეასრულა.

შემდეგ უფალი იესო ქრისტე ამბობს: „ამ მადლისთვის გეტყვი შენ, მიეტევება მაგას მისი შეცოდებები, რამეთუ შეიყვარა ფრიად, ვინაიდან დიდი სიყვარული გამოავლინა და ვისაც აქვს ეს დიდი სიყვარული, მასაც მეტი მიეტევებაო“. და იწყეს შემდეგ მეინახეთა მათ სიტყვად – ეს ვინ არის, რომ ცოდვებს მიუტევებსო, უფალი კი უკვე ამ დედაკაცს მიმართავს: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით“. აი, ასეთი საოცარი ეპიზოდია და ზუსტად უკავშირდება მარიამ მეგვიპტელს. რა თქმა უნდა, ქრისტემ ამ დედაკაცს არ უთხრა, წადი და აღარ სცოდო; გახსოვთ, სხვაგან ეუბნება ხოლმე უფალი ცოდვილებს, მაგრამ აქ არ ეტყვის, იმიტომ რომ ხედავს, ის იმ წუთშივე შეიცვალა, როგორც მარიამ მეგვიპტელი, ის უკვე სხვა ადამიანია.

აი, აქ ჩანს, რომ ამ დედაკაცმა გაიგო მთავარი რამ, დაინახა სიყვარული უფლისა, დაინახა მოწყალება და გამოავლინა დიდი სინანული, რაც, სხვათა შორის, არ აღმოაჩნდა იმ ფარისეველს, სვიმეონს; ის ჭკვიანიც იყო, განათლებულიც, დაინტერესებულიც იყო, იმიტომ რომ დაპატიჟა მაცხოვარი და მოძღვარს ეძახის, უნდოდა მისი მოსმენა, მაგრამ ეს მთავარი რამ ვერ იგრძნო, რადგან ეს ქალი განიკითხა, – ეს რომ სცოდნოდა, ვინ არის და ვინ შეეხოო… ანუ მთავარი არ იგრძნო, აი, ამ ქალმა კი იგრძნო და მასში შემოვიდა უფალი.

უფალი მზად არის, მივიდეს ყველაზე დიდ ცოდვილთანაც კი, თუ მასში ხედავს სიყვარულის შესაძლებლობას, სიყვარულისა და სინანულის უნარს.

ყველასთან მიდის, მაგრამ ვისაც ეს არ აქვს, მაშინ რა რჩება? მაშინ რჩება მხოლოდ ცარიელი ფორმა, ფორმალიზმი: – იქ დავდექი, აქ არ დავდექი, ეს შევჭამე, ის არ შევჭამე, ეს დავიცავი, ის არ დავიცავი, მხოლოდ გარეგნული, ანუ ისევ ფარისევლობა, მკვდარი ფორმა რჩება. ეს უფალს არ უნდა, ამისთვის არ მოსულა უფალი.

აი, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს გავითავისოთ. როდესაც ადამიანის ძარღვებში ჩქეფს ასეთი სიყვარული, რომელიც ფიქრობს მოყვასზე, მის მსახურებაზე, აი, დღეს პირველ სახარებაში იყო ასეთი სიტყვები: „თუ გინდათ, რომ დიდნი იყოთ, იყავით სხვების მსახური, და თუ გინდა, პირველი იყო, იყავი სხვების მონა“.

ეს ნიშნავს, რომ თავდავიწყებით, შენი თავი აღარ გახსოვდეს, შენ უნდა გინდოდეს, სხვას ემსახურო, სხვა გაახარო და თუ არის ასეთი დამოკიდებულება ჩვენს სულში, რომ სხვაზე ვიზრუნოთ, სხვა შეგვებრალოს, ჩვენი ეგოიზმი დავთრგუნოთ და გვქონდეს ასეთი სიყვარული, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ გავხდეთ ქრისტიანები.

ეს დიდი მარხვა ამისთვის არის, მაგრამ თუ ვერა, მაშინ დავრჩებით ვინ? – დავრჩებით და გარდავიცვლებით, როგორც ფარისევლები, მხოლოდ ცარიელი ფორმის დამცველები. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა, იმიტომ რომ უფალი იესო ქრისტე იმისთვის არ მოსულა, რომ ჩვენ გარდავიცვალოთ, როგორც ფარისევლები, არამედ იმისთვის მოვიდა, რომ გვაცხონოს და გადაგვარჩინოს, როგორც აი, ეს მეძავი დედაკაცი შეიწყალა და გადაარჩინა მისი სიყვარულის გამო და როგორც ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელი გადაარჩინა, რომლის ლოცვით შეგვიწყალოს ჩვენ უფალმან ყოველნი ჩვენგანნი, ამინ! ღმერთმა დაგლოცოთ“.

კომენტარები