“ჩვენ დავიწყებთ ბრძოლას, რადგან უდანაშაულო ბიჭი ციხეში ჩასვეს”- ლუკა კალანდია

სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს დასრულების შემდეგ, მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ სასამართლოს ეზოში თეთრი მტრედი გაუშვა.

ლუკა კალანდიას განცხადებით, ისინი არ გაჩერდებიან და ბრძოლას გააგრძელებენ.
„ჩვენ არ გვაქვს სასამართლო და მართლმსაჯულება, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ჩვენ დავიწყებთ ბრძოლას, რადგან უდანაშაულო ბიჭი ციხეში ჩასვეს. რა მოჰყვება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ახლა ვნახოთ“, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.
გუშინ პროკურატურამ მიხეილ კალანდიას ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით.

კომენტარები