„ჩვენ ვილოცებთ არა მარტო ქართველებისთვის, ვინც ამ ომში დაეცა, არამედ აფხაზებისთვისაც. მინდა გავიხსენო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სიტყვები“-მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა:

-„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ჩვენთან არს ღმერთი!

ძვირფასო და ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის დღესასწაული, რომელიც იწოდება – მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

გილოცავთ და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა.

დღევანდელი დღე უკავშირდება წმინდა მოციქულთასწორ ელენე დედოფალს და მოციქულთასწორ კონსტანტინე დიდს, იმპერატორს, რომლებმაც ქრისტიანებზე დევნის დასასრულის შემდეგ განიზრახეს, მოეძიებინათ ის ჯვარი, რომელზეც ჯვარცმული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე და აღასრულეს კიდეც ეს დიდი საქმე. თქვენ გახსოვთ, რამდენი სასწაული მოხდა მაშინ: აღდგა მკვდარი, რომელსაც შეახეს ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, შემდეგ ჯვარი საზეიმოდ აღიმართა პატრიარქის მიერ და იმ დღიდან დაწესდა ასეთი შესანიშნავი დღესასწაული. თქვენ ასევე იცით, რომ შემდეგ იმ ადგილას, იერუსალიმში, აშენდა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის დიდებული ტაძარი. აი, ასეთი დღესასწაულია დღეს.

პატიოსან ჯვართან მიახლებისას ასე მივმართავთ მას: „გვაცხოვნენ ჩვენ, უძლეველო ღვთაებრივო ძალაო პატიოსნისა ცხოველსმყოფელისა ჯვარისაო“. ასევე ვამბობთ: „გიხაროდენ, პატიოსანო ჯვარო, ეკლესიის ზღუდეო, კარო სამოთხისაო, საჭურველო უძლეველო, მორწმუნეთა სასოებაო, სნეულთა მკურნალომკვდათა აღდგინებაო“. წარმოიდგინეთ, როგორი სიტყვებით მივმართავთ ჯვარს, როგორც ცოცხალ არსებას, აი, ისე მივმართავთ და გვეხმარება ეს ძალა პატიოსნისა ცხოველსმყოფელისა ჯვარისა, როდესაც გვიჭირს ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც არის რთული გარემოებები, ჩვენ მას მივმართავთ და ჯვრის ძალა გვიმსუბუქებს ჩვენს ცხოვრებას, მწუხარებანი განქარდება და ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში იკურთხება ჯვრის გამოსახვით, ჯვრის ძალითა და მადლით.

მინდა დავამატო, რომ, რა თქმა უნდა, როდესაც მივმართავთ ჯვარს, როგორც ცოცხალს, როდესაც თაყვანს ვცემთ ჯვარს, როგორც ცოცხალ არსებას, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხესა და ფიცარს ვეთაყვანებით, არამედ – ჯვრის ძალას, ეს არის მნიშვნელოვანი. იმ ძალასა და საიდუმლოებას, რომელიც გამოვლინდა ცხოველსმყოფელი ჯვრის მიერ. აი, ამ ძალას.

რა არის ეს ძალა? რა არის ეს მადლი? ეს არის გამოვლინება ღმერთის თავგანწირული სიყვარულისა, იმ სიყვარულისა, რომლითაც ღმერთმა შექმნა სამყარო, რომლითაც შექმნა ადამიანი, რომელი სიყვარულითაც იგი განკაცდა, ჯვარს ეცვა, გადაგვარჩინა და გვაცხოვნა ჩვენ. აი, ამ სიყვარულს ვცემთ თაყვანს, როდესაც მას მივმართავთ, როგორც ცოცხალს. ანუ თავგანწირულ სიყვარულს თავად ღმერთისა, ძე ღმერთისა და ყოვლადწმინდა სამებისა. აი, ეს არის ის საიდუმლოება, რომელსაც ჩვენ ვეთაყვანებით, ძვირფასო ძმებო და დებო.

ჩვენ ყველას გვაქვს გულსაკიდი ჯვრები, სხეულზე ვატარებთ ჯვრებს, მაგრამ აუცილებელია, მთავარია, რომ ჩვენს გულში გვქონდეს, ჩვენს გულებში აღიმართოს და გამოისახოს ჯვარი, ჩვენ უნდა ვიაროთ იმ გზით, რომელ გზასაც ჯვარი გვიჩვენებს. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის თავგანწირული სიყვარულის გზა ღმერთისა და მოყვასისადმი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვეშინია სწორედ ამ თავგანწირვისა, უფრო ხშირად გვეშინია, ვერიდებით და გვავიწყდება, რომ სწორედ ამ თავგანწირულ სიყვარულში არის გზა და ეს თავგანწირული სიყვარულია მიმყვანებელი ყოველგვარი სიკეთისადმი, ბედნიერებისადმი, კეთილდღეობისადმინეტარებისადმისიტკბოებისადმი, ყოველი სიკეთისა და სიხარულისადმი. დღეს გვავიწყდება, რომ როგორც სვიმონ კვირინელმა ზიდა ქრისტეს ჯვარი, ჩვენც, ჩვენი ჯვრის აღებისას, სვიმონ კვირინელის მსგავსად ქრისტეს ჯვარს ვეზიდებით და ეს ჯვარი ხდება სიხარულის მომტანი. წმინდა მამებს აქვთ ასეთი გამოთქმა, რომ „ჯვარი შენი, ცხოვრებისეული, უნდა აქციო ქრისტეს ჯვრად“. მაშინ ის გადაიქცევა დიდ სიხარულად. ჩვენ გვავიწყდება, რომ სადაც არის ჯვარი ქრისტესი, სადაც არის მისი თავგანწირული სიყვარული, იქ არის ყოველგვარი ბედნიერება, სიხარული და გზა ნეტარებისკენ და თავად ნეტარებაც, როგორც ამ მიწიერ, ასევე ზეციურ ცხოვრებაში.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

დღეს, როდესაც მივეახლებით პატიოსან ჯვარს, ვევედროთ მას, შეგვეწიოს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს გზაზე, რომ დაემკვიდროს ჩვენს გულში, ძალა ჯვრისა დაგვეხმაროს, ამ გზით ვიაროთ, იმიტომ რომ ჩვენ გვსურს, ჩვენ დღეს ვამბობთ ამას, ჩვენ გვინდა, ქრისტეს გზით ვიაროთ, რაც არის ღვთისა და მოყვასისადმი თავგანწირული სიყვარული.

აი, ამაზეა დღევანდელი დღე და ვევედროთ წმინდა ჯვარს საგალობლის დიდებული სიტყვებით: „ჰოი, დიდებულო ღვთაებრივო ძალაო პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა უფლისაო, ნუ დამიტევებ ჩვენ ცოდვილთა, ამინ“.

დღეს, ამ დიდ საზეიმო დღესთან ერთად, გვაქვს სამწუხარო დღეც. დღეს არის სოხუმის დაცემის დღე. ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგიკულ ომს, ამ ომის დღეებს. ახლა გადავიხდით პანაშვიდს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მოსახსენიებლად.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვილოცებთ არა მარტო ქართველებისთვის, ვინც ამ ომში დაეცა, არამედ აფხაზებისთვისაც. მინდა გავიხსენო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სიტყვები. მან ბრძანა, რომ „ჩვენ ყველასთვის ვლოცულობთ, როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის, ყველასთვის, ვინც ამ ომში დაეცა, იმიტომ რომ, სინამდვილეში, ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ ჩვენ, ორივე მოძმე, ვიყავით მსხვერპლი ამ ომში“. მისმა უწმინიდესობამ ბრძანა: „მჯერა, დადგება დღე, როდესაც აიგება ქართველ და აფხაზ დაღუპულ გმირთა ერთი საერთო ძეგლი“.

აი, ასეთი დღეა დღეს. ღმერთმა აცხონოს სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე აღსრულებულნი და უფალმა ინებოს ჩვენი ერის გამთლიანება ჯვრის ცხოველსმყოფელი ძალითა და მადლით, ამინ!“

კომენტარები