დემურ გიორხელიძე: არ შეიძლება ეს უბედურება ზვიად გამსახურდიას პიროვნულ დონემდე იქნას დაყვანილი…

დემურ გიორხელიძე:

რაღაც უნდა გავიხსენო ჩემი დღევანდელი სტატუსის კონტექსტში, რომელიც 92 წლის სახელმწიფო გადატრიალებას ეხება.

2003 წელს, მგონი გაზაფხული იყო, მაშინ პარლამენტის თავ-რემ ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ დამირეკა და მითხრა, რომ ანატოლი ჩუბაისია ჩამოსული, დღეს ვხვდებით და აუცილებლად მობრძანდითო… მე მაშინ დარგობრივი ეკონომიკის თავ-რე და ფრაქციის ლიდერი ვიყავი… ცხადია, მივედი.

შეხვედრაზე ქართული მხრიდან იყო ქ-ნი ნინო, ბ-ნი გიგი წერეთელი, როგორც ვიცე-სპიკერი და მე. რუსული მხარე ანატოლი ჩუბაისითა და იმ დროს საქართველოში რუსეთის ელჩით ბ-ნი ჩხიკვიშვილით შემოიფარგლებოდა…

საკმაო ხანი ვისაუბრეთ, ძირითადად მე და ჩუბაისი ვსაუბრობდით განსახილველი საკითხების ეკონომიკური და ენერგეტიკული აქცენტის გამო…

ჩუბაისმა თქვა:
”’შემომიშვით საქართველოში (იგი მაშინ რაო ეს-ის თავ-რე იყო), ყველა ენერგეტიკულ ობიექტს აღვადგენ უმოკლეს დროში; ხომ იცით, რაც გვინდა – თურქებს მივყიდოთ ელექტრო ენერგია. თქვენ თქვენი დაიტოვეთ, ჩვენ ჩვენსას წავიღებთ… ეს ბიზნესია” (რაც მართალი მართალია, ჩუბაისს საუბარში გონიერება არ აკლდა).

მე ვუთხარი, რომ მჭიდრო თანამშრომლობას წინ არაფერი უდგას, გარდა ერთი საკითხისა, – ეს არის აფზაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემა… გავლენიანი კაცი ხარ.. თუ ეს საკითხი მოგვარდება, ეკონომიკურ სასარგებლო ურთიერთობებს წინ არაფერი დაუდგება… ჩვენ ხომ ჩვენი სახელმწიფოს პრობლემის გადაჭრა გვინდა, ჩვენი შანსი გვინდა გამოვიყენოთ სახელმწიფოს გამართვისა…

ამ დროს ელჩის ხმა მესმის, რომელიც საუბარში აქამდე არასდროს ჩართულა:

”- У. Вас нет шансов. У Вас был шанс, но Вы этот шанс упустили.”

მე მწარედ გამეღიმა და ვუთხარი, რომ კარგად მესმის, რასაც ამბობს (მას სწორედ სახელმწიფო გადატრიალება ჰქონდა მხედველობაში), მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს შანსი და მის ბოლომდე გამოყენებას შევეცდებით-თქო…

დაფიქრება-გააზრებისთვის მომინდვია ეს გახსენება ყველასთვის.. ჩვენ კარგად გვმართებს იმის გააზრება, რაც მოხდა და არ შეიძლება ეს უბედურება ზვიად გამსახურდიას პიროვნულ დონემდე იქნას დაყვანილი…

ეს – ქართული სახელმწიფოს ტრაგედიაა!!!”

კომენტარები