„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა 2019 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა“

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა:

„ივნისში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა, 15 ოქტომბერს კი შუალედური ვადა ამოიწურა.

ივნისში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა 2019 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. დღეს ამოიწურა შუალედური ვადა. ამ ვადის მთავარი ამოცანა იყო, რომ მისი დაცვის შემთხვევაში ჩვენ ერთობლივად გვექნებოდა იმის გარანტია, რომ ეს ვალდებულება წლის ბოლომდე ნამდვილად შესრულდებოდა. სამწუხაროდ, დღეს ეს ვალდებულება არათუ ნაწილობრივადაც არ შესრულდა, არამედ, სამწუხაროდ, კონსორციუმმა რაიმე სახის დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი მოვისმინეთ.

მთავრობამ ვადები 2017 წლის აგვისტოდან ჯერ 2017 წლის დეკემბრამდე, შემდეგ 2018 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა. 2018 წლის ბოლოდან ჩვენ დავიწყეთ სამმხრივი მოლაპარაკებები და ხელშეკრულება კიდევ 6 თვით, 2019 წლის ივნისში კი წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სრული უფლება, ხელშეკრულება დღესვე მოვშალოთ, ჩვენ მივცემთ კონსორციუმს იმის საშუალებს, რომ ბოლომდე ამოწუროს მისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე 400-მილიონიანი სესხი.

ამ პროექტს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის გარდა არაფერი ჰქონია. კონსორციუმი აცხადებს, რომ ინვესტორების მოზიდვა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის გამო ვერ ხერხდება, თუმცა ეს არის მოგონილი მიზეზი, რომლითაც ისინი წარუმატებლობას ხსნიან. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის ფაქტი, რომ გადავადება 2017 წლის აგვისტოდან ხდება, გამოძიების შესახებ კი ჩვენ მხოლოდ მიმდინარე წლის დასაწყისში გავიგეთ.

ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მთავრობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლა შეუძლია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის საქმეზე“  დაწყებული გამოძიების გამო, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ცოტა ხნის წინ, ანაკლიის პროექტი მსხვილმა ამერიკულმა ინვესტორმა – „კონტი ჯგუფმა“ დატოვა. ამ ეტაპზე, კონსორციუმი, ინვესტორებთან დაკავშირებით, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს“.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და კონსორციუმის ორმა უცხოელმა წევრმა 15 ოქტომბერს ბრიფინგი გამართეს.

ლევან ახვლედიანმა განაცხადა, იმის ნაცვლად, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა, რამდენიმე მიმართულებით მისი საბოტაჟი განახორციელა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის გასაჯაროებას არ აპირებს.

 

კომენტარები