„ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს“-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა:

-„ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს. „სინოვაკის“ ვაქცინა ძალიან ფართოდ გამოიყენება ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. დაახლოებით 15 მილიონი დოზა უკვე გამოყენებულია თურქეთში, ნახევარი მილიონი დოზა აზერბაიჯანში.

ჩინეთს აქვს ხუთამდე ვაქცინა. აქედან საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება ორი – „სინოვაკი“ და „სინოფარმი“.  ორივე ვაქცინა წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებენ აპრილის შუა რიცხვებში. ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება, მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი თუ აიცრება.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვაქცინების მარაგი ქვეყანაში თანდათანობით ფართოვდება. ახლა მასმედიაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, რამდენად სწორ გზავნილებს მივაწვდით მოსახლეობას, რამდენად მეტი იქნება მოსახლეობის აქტივობა, დღეს ეპიდემიის დამთავრების სხვა იარაღი ქვეყანაში არ არის. ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. წელს თუ ჩვენ დასახულ მიზანს შევასრულებთ ჩვენსავე გეგმით, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ,  ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდანდაიწყო, „ფაიზერის“ ვაქცინით 30 მარტიდან. საქართველოში  გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

კომენტარები