ცეზარ ბაჯალაძე: ეჭვგარეშეა, რომ მომხდურებმა წინასწარ იცოდნენ ზვიად გამსახურდიას სამყოფელი! – ინტერვიუ:

 

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გამოუძიებელი მკვლელობა დამღასავით ადევს საქართველოს. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტთა ჯგუფმა რამდენიმე წლის წინ დევნილი პრეზიდენტის უკანასკლელ ნაკვალევზე გაიარა და ჟურნალისტური გამოძიებით, მრავალი სკანდალური გარემოება დაადგინა, კერძოდ: სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში სამეგრელოს მთიანეთში გახიზნულ ზვიად გამსახურდიას გარშემო საეჭვო კატეგორიის ადამიანები შეიკრიბნენ და სავარაუდოდ, მისი ზუსტი ადგილსამყოფელი შევარდნაძის ძალოვნებს სწორედ მათ შეატყობინეს, რასაც დევნილი პრეზიდენტის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია მოყვა.

  • რაც „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებმა გამოიძიეთ, ყველაფერი სწორია, მინდა, მნიშვნელოვანი დეტალებით შევავსო თქვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციები ერთ ეპიზოდში, რამაც შესაძლოა, პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიების საქმეში გადამწყვეტი როლი შეასრულოს… ამ თემაზე მე აქამდე არ მისაუბრია!“ – ამ სკანდალური სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ზვიად გამსახურდიას მეგზურმა და დაცვის წევრმა, სამეგრელოს მკვიდრმა                                                                                                                                                                                

    ცეზარ ბაჯალაძემ:

 

  • ზვიად გამსახურდიას დაცვაში იმ დღიდან გახლდით, როდესაც ბატონი პრეზიდენტი ზუგდიდში ჩამობრძანდა. თავს უფლებას ვაძლევ, ვისაუბრო მხოლოდ იმ ფაქტებზე, რაც საკუთარი თვალით ვნახე. ვერ დავუშვებ, რომ ეს ინფორმაციები ჩემთან ერთად დაიმარხოს.

 

  • როგორ მოხვდით ზვიად გამსახურდიას დაცვაში?

 

  • სიმართლე გითხრათ – არ ვიცი. ზვიად გამსახურდიას შევხვდი ზუგდიდში ჩამოსვლის შემდეგ და ალბათ, მისი დაცვის უფროსმა, რობინზონ მარგველანმა შეახსენა პრეზიდენტს ჩემი ვინაობა. ვერ დავიწყებ მტკიცებას, ეს მოხდა პრეზიდენტის ინიციატივით თუ რობიზონის გადაწყვეტილებით…  მანამდე, ბატონ ზვიადს 1989 წლის აპრილის აქციებიდან ვიცნობდი, მასთან სახლში, კოლხურ კოშკშიც ვარ ნამყოფი. სამეგრელოში მის ჩამოსვლამდე ჩავირიცხე პრეზიდენტის დაცვის ჯგუფში… მოკლედ, ჯვარში ვარ, ჩემთან სახლში. მოდის რობიზონ მარგველანი და მეუბნება – ხოკოზე ამოდი, ზვიადი გეძახისო – არ გავყევი. ხოკო ენგურჰესის ზემოთ შემაღლებულ ადგილს ეწოდება, სადაც კომუნისტების პერიოდში მონადირეთა კავშირის რეზიდენცია იყო. ზვიად გამსახურდია სწორედ ამ შენობაში დაბინავებულიყო.  არ გავყევი რობიზონს. მერე პეტო ჩამოვიდა (დმანისის ყოფილი პრეფექტი, ლერი გირგვლიანი) და მითხრა – შენ რობიზონი კი არა, თავად ზვიად გამსახურდია გიხმობსო. წავედით პრეზიდენტთან. კარი მიხურული იყო და როცა მე და პეტომ გავაღეთ, პირდაპირ შევესწარით, როგორ ეუბნებოდა რობიზონ მარგველანი ზვიად გამსახურდიას – ახლა ჩვენ სვანეთში წავიდეთ, მე ვერტმფრენს ვიშოვი და იქიდან ჩეჩნეთში გადაგაფრენო.

 

  • რა უპასუხა ზვიადმა?

 

  • ეს ხდება სადღაც, ნოემბერში (1993 წელი დგას) – სოხუმი დაცემულია, ლოთი ქობალია ტყეშია გახიზნული, სამეგრელოს სოფლებში მხედრიონელები დაძრწიან…  – რობიზონ! – მიუგო, პრეზიდენტმა – ბარემ ავთო მარგიანს ჩააბარე ჩემი თავიო! აი, ამ საუბრის პროცესში შევედით ოთახში პეტო და მე. ზვიადმა ჩამიხუტა, გადამკოცნა და მითხრა – შენ გენდობი, აქაურობა ზეპირად იცი, სადმე უსაფრთხო ადგილზე გამიყვანეო.  – კი ბატონო, ოღონდ, ერთი პირობით, მეთქი. ვინც აქ გყავთ გარემოცვა, კაცები, ქალები… არავინ ჩემს შერჩეულ ადგილზე პირადი დაცვის გარდა არ უნდა წამოგყვეთ მეთქი.

 

  • ეს რატომ უთხარით?

 

  • იმიტომ, რომ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებთან ერთად დამალვას პრეზიდენტი ვერ მოახერხებდა. რობიზონის სურვილის შესაბამისად, იქვე იყვნენ ქალებიც – ახალგაზრდა გოგონები და ასეთი გარემოცვით შეუმჩნევლად გადაადგილება შეუძლებელი იქნებოდა. პრეზიდენტი მაშინვე დამთანხმდა. იქვე იყო აწ განსვენებული ოთარ ქირიაც. გადავხედეთ ჩვენს განკარგულებაში მყოფ ავტომობილებს: ცისფერ ვოლგა „გაზ-31“ – ს, ავტომანქანა „მაზ“ – ს, მიკროავტობუს „ტოიოტას.“ იქ მახლობლად არის ადგილი, სადაც გზა იყრება და ვერავინ გაიგებდა, თუ რა მიმართულებით წავიდოდით. რობიზონმა „ვოლგა გაზ-31“ ერთ-ერთ ოჯახს მიაბარა; „ტოიოტა“ მე დავაყენე ჩემი ნათესავების ეზოში და გზას „მაზ“ -ით გავუდექით. მივედით ჩქვალერში, მიშა ფიფიას ოჯახში.

 

  • ვინ იყო მიშა ფიფია?

 

  • ჩემი ოჯახის მირონი გახლდათ და მას ვენდობოდი, მითუფრო, რომ ჩემი დეიდაშვილი ინგა იმ ოჯახის რძალია. ამჟამად მიშა გარდაცვლილია, შვილები დარჩა. ჩვენთან ერთად იყო პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი, მას ისტორია დაარქმევს შესაბამის სახელს, მე კი, კურდღელ ბესარიონ გუგუშვილს ვუწოდებ! მიშა სამამულო ომში ნაომარი კაცი გახლდათ. უახლოესი მეზობელი კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი – სოფლის გამგებელი იყო; იქ ყველა – ზვიადის თავდადებული მომხრე გახლდათ! მიშამ სუფრა გაშალა. მე სუფრასთან არ დავრჩენილვარ, სოფელ ჯვარის ჯგუფის მოსაძებნად გავემართე. ამ ჯგუფში დავით  ქარდავა (მეტსახელად „ფაზა“) და ჯანი შეროზია მეგულებოდა.  ჯანი იმ პერიოდში „მონკავშირის“ ხელმძღვანელი იყო და თითოეული ხის თუ ბუჩქის მდებარეობა ზეპირად იცოდა. მეგობრები ვიპოვნე, ყველაფერი ვუამბე. მათი რაზმი მთისკენ, გარე დაცვაში გავამწესე. ევალებოდათ, რომ თოფის გასროლით ენიშნებინათ ჩვენთვის, თუ მახლობლად ვინმე საეჭვო პირი გამოჩნდებოდა. ჯანი და „ფაზა“ ზვიადთან მივიყვანე. გაიმართა საუბარი. ბატონმა პრეზიდენტმა დამავალა, მომეძებნა სარდალი ლოთი ქობალია და საველე მეთაური სოსო ჯომიდავა, რომლებიც უკლებლივ ყველა მებრძოლთან ერთად, ტყეში იყვნენ გახიზნულები. გავემართე დავალების შესასრულებლად. ამ დროს ჯვარზენში უკვე იდგა მხედრიონი. ისინი მე მეძებდნენ, ამიტომ შეუმჩნევლად გასვლას ვერ შევძლებდი და აღარც გავრისკე. უკან დავბრუნდი და პრეზიდენტს მოვახსენე გარემოება, რომ დავალების შესრულება შეუძლებელი იყო.ცეზარ ბაჯალაძე

 

  • რაში სჭირდებოდა პრეზიდენტს ქობალია და ჯომიდავა? ამ ეტაპზე, რა მიზანი აქვს – გახიზვნა თუ ბრძოლის გაგრძელება?

 

  • ზვიადი და დამალვა? არასოდეს მას მსგავსი განზრახვა არ ჰქონია! მისი მიზანი იყო ყველა მეომარი ჯგუფის გაერთიანება და კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მიზნით პარტიზანული ბრძოლის გაგრძელება! მე პერიოდულად, ჩქვალერიდან ჯვარში ჩამოვდიოდი სურსათის შესაძენად და ინფორმაციების შესაკრებად – ვინმე ხომ არ ედგა პრეზიდენტს კვალში… ერთხელაც, როცა  დავბრუნდი პრეზიდენტთან, განცვიფრებული დავრჩი – პრეზიდენტის ამალაში ნამყოფი ყველა ის ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდა ქალები, რომელთა ჩამოცილებაც უსაფრთხოების მიზნით ჩქვალერში ამოსვლამდე ვითხოვე – რობიზონს პრეზიდენტის ახალ სამყოფელში დაებრუნებინა! ის დევნილ პრეზიდენტს კი არ იცავდა, იქაც საკუთარ კომფორტზე ზრუნავდა! კიდევ ერთ ეპიზოდზე მოგახსენებთ:  მეორედ ასვლისას, ბატონმა ზვიადმა მე 300 ამერიკული დოლარი მომცა. იმ პერიოდში 100 დოლარად 5 ტომარა პურის ფქვილის ყიდვა შეიძლებოდა. ამასთან ერთად, პრეზიდენტისთვის უნდა შემეძინა რეზინის ჩექმები, თბილი წინდები და სიგარეტი – ცხონებული „LM” – ს ეწეოდა. ნავაჭრი ნივთები და პროდუქტი დათქმის მიხედვით, მეკავშირესთვის უნდა გამეტანებინა, რათა უნებურად, მტერი ჩემს კვალს არ გამოყოლოდა, თავად კი, მოგვიანებით უნდა დავბრუნებულიყავ პრეზიდენტთან. მე რომ გამოვედი პრეზიდენტისგან, 5 კაცს გადავეყარე, რომლებიც პრეზიდენტთან შესვლას აპირებდნენ.

 

  • კონკრეტულად, ვინ იყვნენ?

 

  • წალენჯიხის პრეფექტი ზური გუჩუა, პრეფექტურის თანამშრომელი ავთო კინწურაშვილი, ძმები – ანატოლი და ზაურ ჩუხუები, და ჩემი ბავშვობის მეგობარი ბესო მიქავა. ჩუხუებს არ ვიცნობდი, მაგრამ ყველას ერთად მივესალმე და ჯვარისკენ გავწიე.

 

  • ამის მერე რა ხდება?

 

  • ყველაფერი შევიძინე. ცხონებული ვალერი ფიფია ცხენებით ჩამოვიდა, ნივთები გადავეცი და მთაში წაიღო. მე მოგვიანებით დავბრუნდი ჩქვალერში, მაგრამ, სახტად დავრჩი, რადგან პრეზიდენტი იქ აღარ დამხვდა! ჩემმა სიძემ, რევაზ ფიფიამ, ვისაც პრეზიდენტი ვასტუმრე, გამაჩერა და მითხრა – ტყუილად მოდიხარ, პრეზიდენტი და ყველა მისი თანმხლები გადავიდნენ სხვაგანო, რადგან წალენჯიხის გამგეობიდან დელეგაცია იყო მოსული, რომლებმაც უთხრეს, რომ თქვენსკენ მხედრიონი მოემართება, წინ ქალები და ბავშვები ჰყავთ ამოყენებულიო. ხუთეულიდან კონკრეტულად რომელმა უთხრა პრეზიდენტს ეს სიცრუე – დღემდე არ ვიცი, მაგრამ სწორედ ამ დღიდან და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პრეზიდენტი სხვაგან, ჩქვალერის მთების გადაღმა, უპატიოსნესი კაცის – პალად ქარდავას ოჯახში წაიყვანეს! ასე მგონია, ბატონ ზვიადთან ამ ცრუ ინფორმაციის მიმტანს დავალებული ჰქონდა ამის გაკეთება, შეგნებულად ჰქონდა ნაკისრი ფუნქცია.

 

  • ამას რაზე დაყრდნობით ამბობთ?

 

  • მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩქვალერისკენ მხედრიონი არასოდეს დაძრულა და მითუმეტეს, იმგვარად, რომ წინ ბავშვები და ქალები დაეყენებინათ! გასაკვირია, რომ ახალ სამყოფელში პრეზიდენტს დაცვის უფროსი, რობიზონ მარგველანი რატომღაც, არ მიჰყოლია. მთავარი განსაცდელი თურმე, წინ ელოდათ. ერთ დღეს, პრეზიდენტს ეტყობა, ალღომ უგრძნო და დაიჟინა – სასწრაფოდ, ამ ადგილს გავეცალოთო. გაცლა ძლივს მოუსწრიათ და პალადის ქარდავას ოჯახს შეიარაღებული ბანდა მართლაც დადგომია თავზე. წარმოგიდგენიათ? ამდენი ხნის განმავლობაში პრეზიდენტი სრულიად უხიფათოდ მყავდა ჩქვალერში, მერე მთაში ავიდა, არც იქ მოსულა ვინმე და პალად ქარდავას სახლში მიაკითხეს! პალადი დაჭრეს, ცოლი გაულახეს და პრეზიდენტი იქ რომ დახვედროდა მომხვდურებს, ადვილად წარმოსადგენია, რას იზამდნენ – აუცილებლად, დააპატიმრებდნენ! ეჭვგარეშეა, რომ მომხდურებმა წინასწარ იცოდნენ პრეზიდენტის სამყოფელი!  პალადის შვილი, მალხაზი – პრეზიდენტს გაყვა, როცა მისი ამალა სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. ბოლოს კი, ეს ამალა ბადრი ზარანდიასთან მოხვდა, მუჟავაში.

 

  • ბატონო ცეზარ, თქვენი ნაამბობი რით არის საინტერესო, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებისთვის?

 

  • რაც მე ახლა გიამბეთ, ჯერ საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ალღო მიგრძნობს, რომ ცრუ ინფორმატორის მიღმა შეიძლება ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემსრულებლები იდგნენ!
    ზვიად გამსახურდიას მარცხნივ – ცეზარ ბაჯალაძე; მარჯვნივ – ბესო მიქავა.

    P.S.

ცეზარ ბაჯალაძის ნაამბობის კომენტარისთვის ჩვენ დავუკავშირდით მის მიერ ხუთეულში დასახელებულთაგან ერთ-ერთს, რესპონდენტის ბავშვობის მეგობარ ბესო მიქავას, რომელმაც გვითხრა: 

 

  • მე, ბესო მიქავა – არასდროს, არანაირ ხუთეულში არ ვყოფილვარ, არამედ 1993 წლის 25 სექტემბრიდან – ზვიად გამსახურდიას წალენჯიხაში ჩამოსვლის დღიდან მის პირად დაცვაში ვირიცხებოდი. გვერდიდან არ მოვშორებივარ 23 ნოემბრამდე, ანუ, იმ დღემდე, ვიდრე დაცვის უფროსის, რობიზონ მარგველანის ბრძანებით დაცვის ჯგუფი – 18 კაცი დავიყავით იმ მოლოდინით, რომ მალევე, მისი ბრძანებით კვლავ გავერთიანდებოდით ადგილზე, სადაც მიგვითითებდა.ბესო მიქავა

 მიშა ფიფიას სახლში სტუმრობისას პრეზიდენტის დაცვაში ამ 18 კაცს შორის გახლდით. ამ ამპლუაში  დავხვდი პრეზიდენტთან სასაუბროდ გვიან ღამით მოსულ ზურაბ გუჩუას და ჩემთვის უცნობ მის თანმხლებ პირებს. თუ რაზე ისაუბრა პრეზიდენტთან გუჩუამ – ჩემთვის უცნობია, ვინაიდან საუბარს მე  არ დავსწრებივარ. მიშა ფიფიას სახლიდან ჩვენ 18 კაციანი ჯგუფით, მათ შორის ორი ქალით, რომლებიც რობიზონ მარგველანს ახლდნენ, გადავინაცვლეთ მთაში, სადაც ცეზარ ბაჯალაძე ჩვენთან ერთად არ ყოფილა. ეს უკანასკნელი მე არ მხსოვს არც ილორში და არც ხუბერში პრეზიდენტის ყოფნისას, ანუ, მანამდე, ვიდრე ჩქვალერში მოვიდოდით. მე ვერ მექნებოდა უშუალო ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა წალენჯიხაში, ზუგდიდში თუ სხვა რაიონებში, რადგან მუდმივად პრეზიდენტის გვერდით ვიმყოფებოდი. ალბათ დროა, ყრუ-მუნჯმა პროკურატურამ გაასაჯაროვოს ყველა ინფორმაცია, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით გააჩნია და ბოლოსდაბოლოს, ზვიად გამსახურდიას მკვლელები გამოავლინონ!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები