ცეცხლის ქრობის სამუშაოს 500 მეხანძრე-მაშველი 7 ლოკაციაზე განაგრძობს – თავი შეიკავეთ, მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

-„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა მონიტორინგს ტყისა და მინდვრის ხანძრის 7 კერაზე. არც ერთ მათგანზე გართულება არ ყოფილა. გათენებისთანავემეხანძრე-მაშველებმა განაახლეს მუშაობა ყველა მიმართულებით. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში, ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული 7 კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოს. ხანძარი დარჩენილია სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და შიდა ქართლში.

შვიდი კერიდან 4 სამეგრელოშია, მათ შორის, ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო. სამზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოს.

2 კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ერთი სოფელ ფახულანში და ერთიც მარტვილში, სოფელ დობარაზენში.

2 კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, მათ შორის, ერთი ლოკალიზებული. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაო.

ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო, ხოლო ამბროლაურში, სოფელი აბარში, გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაო.

ხანძარი ლოკალიზებულია, ასევე, შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაო. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“.

 

კომენტარები