ცხინვალის ძირძველი მოსახლეობა

ცხინვალის ძირძველი მოსახლეობა.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დედაქალაქ ცხინვალში XX საუკუნემდე ოსებს არასოდეს უცხოვრიათ. იგი ყოველთვის ქართული ქალაქი იყო.

ცხინვალსა და მის მიდამოებში წარმოებული არქეოლოგიური გათხრები მოწმობენ, რომ ცხინვალი საქართველოს ერთ–ერთი უძველესი დასახლებული პუნქტია. ფეოდალური საქართველოს ქალაქების ისტორიისა და საქალაქო წყობის ცნობილი მკვლევარის შ. მესხიას აზრით, ცხინვალი წინა ქრისტიანულ ხანაშიც მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა.

სახელწოდება ცხინვალი წარმოდგება მცენარე რცხილადან. ძველ ქართულში ამ მცენარეს ქრცხილას უწოდებდნენ, ამიტომ ძველ ქართულ წყაროებშიც ცხინვალი მოიხსენება ქრცხინვალის სახელწოდებით. 1344 წლის ერთ–ერთ სიგელში იგი მოხსენებულია როგორც ვაჭრებით დასახლებული პუნქტი, [22] რასაც, უეჭველია, მისი ადგილ-მდებარეობაც უწყობდა ხელს. როგორც ქალაქი, ცხინვალი პირველად 1392 წლის მცხეთურ სიგელში იხსენიება. ისტორიული წყაროების ცნობებით XIV – XVI საუკუნეებში ცხინვალი დასახლებული იყო სვეტიცხოვლის მონასტრის ყმებით. მცხეთის კათალიკოსს მე–18 საუკუნეშიც ჰყავდა ცხინვალში ყმა ვაჭრები.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ქართლში 14 მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტია, რომელთაგან უმთავრესი ქალაქებია მხოლოდ ორი – თბილისი და გორი. დანარჩენი 12 “მცირე ქალაქებს” წარმოადგენდნენ, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ცხინვალი. მე–18 საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე ალ. ამილახვარი “გეორგინულ ისტორიაში” ცხინვალს “ყოველთვის ქართლის ქალაქად მოიხსენიებს და გორის შემდეგ მეორე ადგილს აკუთვნებს”. [23] ამ პერიოდში იგი სამეფო ქალაქად ითვლება.

ცხინვალს, როგორც ქალაქს, ჰქონდა სასიმაგრო ნაგებობანი. სათანადო საბუთებში მოიხსენიება ცხინვალის ციხე და “ქრცხინვალის გალავანი”, რომელიც საგანგებო თხრილითაც ყოფილა გამაგრებული. როგორც შ. მესხია აღნიშნავს, გვიან ფეოდალურ საქართველოში ქალაქებს, რომლებსაც ციხის გარდა იცავდა ქალაქის კედლები ან მისი მსგავსი სასიმაგრო ნაგებობანი (თხრილები, კოშკები) მიეკუთვებოდა თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ცხინვალი.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ბატონიშვილი ვახუშტის გადმოცემით, გიორგი სააკაძე იყო “მოურავი ტფილისისა, ქცხინვალისა და დუალეთისა.” ამასთან ცხინვალის მოურავობა მეფეთაგან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ბოძებული ჰქონდათ ამილახვართა გვარის წევრებს _ ამილახვრიშვილებს, თუმცა იყო შემთხვევებიც, როცა ცხინვალს მოურავი არ ჰყავდა და მის მოვალეობას სხვა მოხელე ასრულებდა. სწორედ ამის შესახებ მეტყველებს 1766 წლის ერთ – ერთი დოკუმენტი, რომლის თანახმად სამოურავო გამოსაღებს მეფე და ციხისთავი იყოფდნენ. [24]

თუ ყოველივე ზემო აღნიშნულს გავითვალისწინებთ და ბევრ სხვა დოკუმენტსა და საბუთსაც მივიღებთ მხედველობაში, მაშინ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ცხინვალი სხვა ქალაქებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეკნომიკურ ცხოვრებაში.

მე–18 საუკუნის და უფრო ადრეული პერიოდის ცხინვალის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება. ვიცით მხოლოდ ის, რომ 1770 წლის აღწერით ცხინვალში 700 კომლი ცხოვრობდა. სამაგიეროდ, სხვადასხვა პერიოდის ლიტერატურული წყაროებით და საბუთებით ჩვენთვის ზედმიწვენით ცნობილია მისი ეროვნული შემადგენლობა.

როგორც ჩანს, აქ უძველესი დროიდანვე ცხოვრობდნენ ქართველები, ებრაელები და სომხები. მეტი სხვა ეროვნების წარმომადგენელს აქ არასოდეს უცხოვრია. როგორც XVIII საუკუნის პირველ ნახევრის გამოჩენილი მოღვაწე, ისტორიკოსი და გეოგრაფი ბატონიშვილი ვახუშტი აღნიშნავს, “დიდის ლიახვის კიდეზედ არის მცირე ქალაქი ქცხინვალი, კეთილ – ჰაოვანი, მსახლობელნი არიან ქართველნი, სომეხნი, ურიანი, [25] ანალოგიურ ცნობას ვხვდებით ცხინვალის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის შესახებ ვახტანგ მეექვსის “დასტურლამალშიც”. კერძოდ, ცხინვალის მოსახლეობა ვალდებული იყო მეფისათვის ყოველწლიურად ეძლია ღვინო 28 კოკა, დაემუშავებინა ბატონის ვენახი; ამასთან, მათ “ზოგჯერ კვერნა შეეწერება, ქართველმა, სომეხმა, ურიამ უნდა გამოიღოს, რაც იქ მოსავალი მოვა იმათვე მოიტანონ” [26]

ამასთან ცხინვალი და საერთოდ მთელი შიდა ქართლი ქართულ წყაროებში ყოველთვის განიხილება, როგორც ქართლის განუყოფელი ნაწილი. მაგალითად, ამის შესახებ ბატონიშვილი ვახუშტი შემდეგს აღნიშნავს: “იდგა რა მეფე ლუარსაბ (საუბარია ქართლის მეფე ლუარსაბ II–ზე, რომელიც 1606 – 1614 წლებში მეფობდა–ა. თ.) ქცხინ-ვალს, რამეთუ ჟამად მოვლიდიან თუისთა ქვეყანათა ყოველთა” [27] ცხინვალი არა ერთხელ იქნა აოხრებული და განადგურებული მტრის მიერ, მას არც შინაური მტერი აკლებდა ხელს. მაგალითად, 1772 წელს კახეთიდან კაპიტანი ი. ლვოვი ატყობინებდა გრაფ ნ. პანინს, რომ თავადი ხიდირბეგიშვილი, რომელიც განაწყენდა ერეკლე მეფეზე, საქართველოდან გადავიდა ახალციხეში და რამდენიმე დღის შემდეგ ღამით შემოიყვანა ცხინვალში თურქები და ლეკები, გაძარცვა იგი, ტყვედ აიყვანა 306 ორივე სქესის ქართველი და წაიყვანა ახლციხეში [28].

ახლა იმის შესახებაც უნდა ითქვას, თუ რამ განაპირობა ცხინვალში ქართველებთან ერთად ებრაელებისა და სომხების შედარებით დიდი რაოდენობით ცხოვრება. ცხინვალი, ისე როგორც ონი, სადაც ასევე ადრიდანვე დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ ებრაელები, მდებარეობდა ჩრდილოეთ კავკასიიდან, ქართლიდან და ზემო რაჭიდან მომავალ გზებზე და ამდენად თავიდანვე წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს. სომხები და ებრაელები კი, როგორც ცნობილია, საქართველოს ქალაქებში ძირითადად ვაჭრობას მისდევდნენ.

არც მთელი მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე შეცვლილა ცხინვალის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა. როგორც მოსახლეობის აღწერები და სხვა დოკუმენტები ადასტურებენ, ცხინვალში მხოლოდ ქართველები, ებრაელები და სომხები ცხოვრობდნენ. მართალია, იგი ამ პერიოდში უკვე ქალაქად არ მოიხსენიება, მაგრამ ცხინვალი ყველგან აღინიშნება როგორც ქართული სოფელი. კერძოდ, ამას აღნიშნავენ XIX საუკუნეში საქართველოში მცხოვრები რუსი მოხელეებიც.

ცნობილია, რომ გასული საუკუნის პირველ ნახევარში რუსი გენერლები მრავალგზის მიუთითებენ ოსების მიერ ქართული სოფლების დარბევაზე, ძარცვა-გლეჯაზე და ქართველების მკვლელობაზე. XIX საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაე ს. მგალობლიშვილი იგონებს: “ლეკთა თარეში რა მოსატანია, ან რა შესადარებელია ოსთა თარეშობასთან. ოსები ყველა თავად მაჩაბლებისა და ერისთავების ყმები იყვნენ, შემდეგ და შემდეგ, როცა გამრავლდნენ, სხვადასხვა თავადთა და აზნაურთა მამულებში გაიხიზნენ და მოედვნენ თითქმის მთელს ქართლის მთა-ტყეებსა… ოსები მთა-ტყეებში ცხოვრობდნენ; სახნავ-სათესი არ ჰქონდათ… ოსების ნაწილი ქურდობა _ ავაზაკობას მისდევდა… დაირღვა მყუდროება სოფლისა, ლეკს მორჩნენ და ოსებმა უარესი დღე დააყენეს”.1 ამ ბოროტების აღმოსაფხვრელად რუსი გენერლები გადაუდებელ საჭიროებად თვლიდნენ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. გენერალი ტორმოსოვი 1809 წელს ავაზაკობისათვის ხუთ ოსს უსჯის სიკვდილს ჩამოხრჩობით. უფრო მოგვიანებით, 1824 წელს გენერალი ხონევი უპატაკებს გენერალ ერმოლოვს: იმისათვის, რომ შეწყდეს ქართველებზე თავდასხმები და მათი ძარცვა-გლეჯა ოსების მხრიდან, ქართლის მცხოვრებთ უნდა მივცეთ საშუალება დაიცვან თავი მძარცველებისაგან იარაღით, ისე როგორც კახეთის მცხოვრებნი იცავენ თავს ლეკებისაგან. ამიტომ ქართველს მძარცველის მკვლელობისათვის კანონის წესით დევნას ნუ დავუწყებთ. ჩავაგონოთ როგორც მემამულეებს, ასევე ქართლის მცხოვრებლებს, რომ ისინი პასუხს არ აგებენ ბოროტმოქმედთა და ავაზაკთა მკვლელობისათვის. ქართველები მხოლოდ ვალდებული გავხადოთ ყოველი ასეთი შემთხვევა შეატყობინონ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, კერძოდ, რომ ესა თუ ის ოსი მოკლულია თავდასხმისა თუ ძარცვის დროს.2

როგორც ჩანს, ისე ხშირი იყო ოსების მხრიდან გორის მაზრაში მკვლელობები, ძარცვა და ადამინათა ტყვედ წაყვანა, რომ გენერალი ახვერდოვი გენერალ ტორმოსოვისადმი გაგზავნილ პატაკში საჭიროდ თვლის ოსებს, რომლებსაც ესაჭიროებოდათ “სავაჭროდ ჩასვლა ქართულ სოფლებში და განსაკუთრებით ქართულ სოფელ ცხინვალში., მიეცეთ სპეციალური ბილეთი თავად რევაზ მაჩაბლისა და ერისთავისაგან”. [29]

ამრიგად, რუსი გენერლები ცხინვალს ქართულ სოფლად ასახელებენ, სადაც ოსებს სპეციალრი ნებართვის _ ბილეთის გარეშე შესვლა აკრძალული ჰქონდათ.

ახლა თუ მოსახლეობის აღწერის კონკრეტულ მონაცემებსაც მოვიშველიებთ, ცხინვალის მოსახლეობის რაოდენობა და ეროვნული შემადგენლობა უფრო ნათელი გახდება. კერძოდ, 1886 წლის საოჯახო სიების მიხედვით ცხინვალში ცხოვრობდა 3832 კაცი, აქედან: 1135 – ქართველი, 1953 – ებრაელი და 744 – სომეხი. 1886 წელს არცერთ ოსს ცხინვალში არ უცხოვრია. [30]

ცხინვალის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა იცვლება მხოლოდ 1920_იანი წლების დასაწყისში, განსაკუთრებით კი 1922 წლის შემდეგ, როდესაც შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და ოსებს ოლქის დედაქალაქად ცხინვალი უბოძეს. სრულიად საქართველოს ქალაქთა მოსახლეობის 1922 წლის აღწერის მიხედვით ცხვინვალის ოსი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მოსულია და მათგან ერთ მესამედს ერთი წელიც არ უცხოვრია ცხინვალში. [31] სულ ქალაქ ცხინვალის მსახლეობა 4543 კაცს უდრიდა და მისი მოსახლეობის უმეტესობას ისევ ქართველები (1436 კაცი), ებრაელები (1651 კაცი) და სომხები (1465 კაცი) შეადგენდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ გადმოდიან ოსები ცხინვალში დიდი რაოდენობით მუდმივ საცხოვრებლად. ამას განსაზღვრავს უკვე ცხინვალის როგორც ავტონომიური ოლქის დედაქალაქში მოთავსებული მმართველობითი ორგანოების ეროვნული კადრებით დაკომპლექტებისა და კულტურულ ცენტრად გადაქცევის საჭიროება. უკვე 1926 წელს ცხინვალის მოსახლეობა 5818 კაცს შეადგენდა. აქედან ქართველი _ 1920 კაცს, ოსი_1152, ებრაელი – 1772 და სომეხი_827 კაცს უდრიდა. მართალია, ამ აღწერის მიხედვით ცხინვალში ოსებს ქართველები ჯერ კიდევ დიდად ჭარბობენ, მაგრამ შემდეგ წლებში რაოდენობრივი თანაფარდობა ქართველებსა და ოსებს შორის სწრაფად იცვლება ოსების სასარგებლოდ. უკვე 1959 წელს ცხინვალში 4652 ქართველი და 12432 ოსი ცხოვრობდა, ხოლო 1989 წელს მხოლოდ 6905 ქართველი და 31537 ოსი. ასე რომ, “დიდი ლიახვის კიდეზე” მდებარე უძველესი ქართული ქალაქი თითქმის მთლიანად გაოსდა. აქ რაოდენობრივი თანაფარდობის მკვეთრ დარღვევასთან ერთად მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოებაც, რომ ცხინვალი, როგორც ავტონომიური ოლქის დედაქალაქი, თითქმის მარტოოდენ ოსური კულტურის ცენტრად გადაიქცა.

ამჟამად ოსი ექსტრემისტების “მოღვაწეობისა” და ხელოვნურად შექმინილი ეთნო-კონფლიქტის შედეგად ცხინვალი ქართული მოსახლეობისაგან თითქმის დაცლილია. ზუსტად არ არის ცნობილი რამდენმა კაცმა დატოვა ქალაქი, მაგრამ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ცხინვალში დღესდღეობით ქართველი თითქმის აღარ ცხოვრობს.

ცხინვალის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა 1886-1989 წლებში

1886 წ. 1922 წ. 1926 წ. 1959 წ. 1970 წ. 1979 წ. 1189 წ

ქართველი 1135 1436 1920 4652 5475 5584 6905

ებრაელი 1953 1651 1772 1649 1475 652 396

სომეხი 744 765 827 860 768 712 734

ოსი _ 613 1152 12432 20846 25319 31537

რუსი _ 64 114 1583 1180 1737 1836

დანარჩენი _ 14 33 465 567 787 925

სულ 3832 4543 5818 21641 30311 34791

42333

ახლა ცხინვალის რეგიონში ქართველი ხალხი ეძებს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს. ქართველი კაცი ოსებთან მხოლოდ მშვიდობიან თანაარსებობას ითხოვს და ეს მისი სავსებით სამართლიანი მოთხოვნაა. მას სჯერა, რომ აქ არსებული წინააღმდეგობის გადაწყვეტა სავსებით შესაძლებელია ურთიერთნდობისა და კეთილი ნების პირობებში. ცხინვალის მოსახლეობის შესახებ ზემოთ აღნიშნული მონაცემები ნათლად გვიჩვენებენ, რომ ქართველ კაცს ოსები ცხინვალში უშურველად მიუღია და მათთვის კეთილმეზობლობაც გაუწევია. თუ იაკობ გოგებაშვილის სიტყვების მოვიშველიებთ, ეხლაც ქართველობას… სხვებისათვის სიკეთის მეტი არაფერი სურთ, ითხოვს მხოლოდ, რომ მას მიუწყონ იმ საწყაულით, რომლითაც იგი უწყავდა სხვებს.

 

კომენტარები