„ცხინვალში ახალგაზრდებს ქართველებთან შერიგება უნდათ, თუმცა იციან, რომ მათ აზრს არავინ გაითვალისწინებს“- რას აცხადებს ეთნიკურად აფხაზი გოგონა

თბილისის მკვიდრი, ეთნიკურად აფხაზი გოგონა, რომელსაც სახელის გამხელა არ სურს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მდგომარეობასა და იქ მკვიდრი მოსახლეობის განწყობაზე გვესაუბრება.

გვიამბე ქართველ ხალხთან ურთიერთობის და საქართველოსთან დაკავშირებული პირადი ისტორიის შესახებ…

– დედით ოსი ვარ, მამით აფხაზი. მიუხედავად იმისა, რომ ბაბუა ქართველებმა 1993 წელს მომიკლეს, ჩემს ოჯახში საქართველოს მიმართ ცუდი დამოკიდებულება არასდროს გვქონია. მე გულით მწყინს, როდესაც ჩემი ეთნიკური იდენტობის აღნიშვნის დროს, პრობლემებს ვაწყდები. ძალიან მინდა, რომ ახალგაზრდებმა რაღაც მაინც გავაკეთოთ ურთიერთობის აღსადგენად და კონფლიქტის გადასაწყვეტად. ყველა დავიტანჯეთ.

ოსმა დედებმა შვილების სიკვდილს საკუთარი თვალით უყურეს. ეს საშინელებაა! ბავშვი ასე არ უნდა კვდებოდეს! კონფლიქტი უნდა დამთავრდეს.

ყველამ დავაშავეთ ომში, ოსმაც, აფხაზმაც და ქართველმაც, თუმცა აქ რომ ჰკითხო ხალხს, ყველა მხოლოდ ქართველს ამართლებს.

ქართველებთან დამოკიდებულების მხრივ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ვითარებაა?

– ცხინვალში ყველას უნდა ქართველებთან ურთიერთობა. იქ ქართველები ყველას ენატრება. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ქართველებთან შერიგება უნდათ, თუმცა იციან, რომ მათ აზრს არ გაითვალისწინებენ. მეც მინდა, რომ რამე შეიცვალოს, ძალიან მინდა…

აფხაზეთში კი ყოველ ზაფხულს ჩავდივარ.

თქვენ არ იცით იქ რა ხდება. იქ უკვე აფხაზების აღარაფერია. სკოლებში სწავლება რუსულ ენაზე მიდის. სოხუმში და გაგრაში რუსები ცხოვრობენ.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი ჩემი მშობლიური კუთხეა, იქ ჩასვლა არ მიყვარს.  ბიჭები ნარკომანები არიან, საშინელებაა იქ. ისეთი რაღაცები ხდება, ღამით გარეთაც ვერ გახვალ.

რას იტყვი საქართველოს მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებულ პოლიტიკაზე, რამდენად სამართლიანია ქართული მხარე თქვენს მიმართ?

– საქართველო ჩვენთვის რასაც აკეთებს, იმდენი რუსეთს არ გაუკეთებია. აფხაზებს უფასოდ მკურნელობენ C ჰეპატიტზე. ერთხელ მქონდა შემთხვევა, გაგრაში ვიყავი და ნათესავმა თქვა, რომ ჩემი შვილი თბილისში უფასოდ მკურნალობსო და მე ვუთხარი, თქვენ ხომ ქართველები არ გიყვართ, წადით რუსეთში და იქ იმკურნალეთ მეთქი. პოლიტიკა გვაშორებს, თორემ ქართველები ჩვენი მეგობარი ხალხიაო, – მიპასუხა. მე აფხაზ ხალხთან საერთო ენის გამონახვა მიჭირს…

პირადად შენ, ამ ორი ოკუპირებული რეგიონის განვითარების რა პერსპექტივას ხედავ?

_ არანაირს! ცალკე აღებულ და სამშობლოდან მოწყვეტილ რეგიონებს, განვითარების და აღიარების შანსი არა აქვთ.

ესაუბრა მარიამ ნოზაძე

 

კომენტარები