„ძალიან დიდი ტალღაა გულანთებული ახალგაზრდების, რომელთაც აქვთ დიდი სურვილი, მივიდნენ სკოლაში, გახდნენ მასწავლებლები“ – მიხეილ ჩხენკელი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ქუთაისში, საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას დაესწრო.

-„განათლების რეფორმა, ზოგადი განათლების, სკოლების მიმართულებით, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. რასაკვირველია, ეს კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, – სკოლისთვის მთავარი ფიგურა, მთავარი პიროვნება მასწავლებელია.

მასწავლებლის პრესტიჟის გაზრდა ჩვენთვის, ცალსახად, პრიორიტეტული მიმართულება იქნება. რასაკვირველია, აქ იგულისხმება მასწავლებლების ხელფასების გაზრდა, ეს უკვე დაწყებულია და გაგრძელდება. ხელფასები მხოლოდ ერთი ნაწილია. აქ შედის მასწავლებელთა მომზადება, მასწავლებლის როლის გაზრდა საზოგადოებაში, მისი პროფესია ჭეშმარიტად რომ იყოს დაფასებული ისე, როგორც ამ პროფესიას ეკადრება. უკვე ძალიან დიდი ტალღაა გულანთებული ახალგაზრდების, რომელთაც აქვთ დიდი სურვილი, მივიდნენ სკოლაში და გახდნენ მასწავლებლები. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, – საზოგადოებაში მასწავლებლის პრესტიჟი იზრდება. განათლების რეფორმის ფარგლებში, შეიქმნება მომავლის სკოლა. ხვალინდელი სკოლა იქნება ადგილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიებს, აკადემიურ გარემოს, სასწავლო პროგრამას, რომელიც მორგებულია თითოეულ მოსწავლეზე. ჩვენი მიზანია, თითოეულმა მოსწავლემ, თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის განსაკუთრებული მზრუნველობა, რომელსაც სკოლა გამოიჩენს და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი მასწავლებლების, სკოლების ხელმძღვანელების უდიდესი როლი პანდემიის პერიოდში, გამოწვევების დაძლევის თვალსაზრისით. მინდა, მათ უღრმესი მადლობა გადავუხადო ამ გმირობისთვის. მასწავლებლები ჭეშმარიტად არიან თანამედროვეობის გმირები და ქედს ვიხრი მათ წინაშე“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები