„ძალიან სამწუხაროა, მოსახლეობამ იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით შევიწროება წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით” – ბექა ლილუაშვილი

გახარიას საპარლამენტო გუნდის წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს:
-„ჩვენ რამოდენიმე კვირის წინ ამ დარბაზში გავაჟღერეთ განცხადება, – დაიწყო პოლიტიკური ნიშნით ფართომასშტაბიანი შევიწროების პროცესი, მაშინ მოვისმინეთ სქეპტიკური მოსაზრებები, რომ ეს განცხადებები არ იყო გაჯერებული ფაქტებით, სახელებითა და გვარებით და მეტიც, რომ ეს იყო სიცრუე.
ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოებამ ნათლად დაინახა, – შევიწროების კონკრეტული ფაქტები რამდენიმე რეგიონში ერთდროულად ხდება; იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით, ღიად, საჯაროდ და შეიძლება ითქვას, სამაგალითოდ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით შევიწროება და მათი სამსახურიდან გათავისუფლება, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით შევიწროება წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით.
უბრალოდ, ძალიან სამწუხაროა, ჩვენი მოქალაქეებისთვის უკიდურესი იმედგაცრუებაა, მსგავსი მეთოდების გამოყენებით ხელისფულება უფრო მეტად ემსგავსება მის წინამორბედს.
მინდა, პირველ რიგში, მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს მხარდამჭერებს და უბრალოდ მოქალაქეებს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მსგავსი მეთოდების შედეგები, სასიკეთო არ არის ხელისუფლებისთვის და აუცილებლად დამთავრდება ის დრო, როდესაც მოქალაქეს ვინმე დაუშლის, შეხედულებისამებრ იხელმძღვანელოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები“.
კომენტარები