„ძალიან სასაცილოა“, -სააკაშვილმა კაცებად ვინც აქცია, ისინი უპირისპირდებიან“ – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ძალიან სასაცილოა“, როცა „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებენ და მის პრემიერობას ეწინააღმდეგებიან.

19 აგვისტოს, ტვ „პირველზე“, „დღის ამბეში“, პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა „ძალიან სასაცილო ამბავი“ უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სააკაშვილის პრემიერობის შესაძლო განხილვას: – „სააკაშვილი არ იქნება და არ უნდა იყოს ამ ქვეყნის პრემიერი“.

ყოველ შემთხვევაში, რაც ძალი და ღონე გვექნება, მე და ჩემი გუნდი,  ამის წინააღმდეგ ვიქნებით. სააკაშვილს არ აქვს უფლება, იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. არც უნდა იყოს.

მაგრამ ამის თქმის უფლება მე მაქვს. დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა ამაზე  რომ ლაპარაკობენ, ეს ხომ ძალიან სასაცილოა? რანაირად ლაპარაკობენ ასეთ რამეს, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არიან თვითონ? 

სააკაშვილმა კაცებად ვინც აქცია, ისინი დგანან ახლა, უპირისპირდებიან, მოძალადე იყოო, რეჟიმი და რაღაცებს ლაპარაკობენ… მოკლედ, რა, ყველას ღმერთმა თავის გზაზე გაუმარჯოს“.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“  ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაერთი შეცდომა დაუშვა.

14 აგვისტოს, „რუსთავი 2-ის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ  განაცხადა,  რომ მისი პარტიის გადმოსახედიდან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ყოფილმა გენპროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და ყოფილმა შსს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების პოსტები არ უნდა დაიკავონ.

ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების კრიტიკა მოჰყვა.

 

კომენტარები