„ძალიან ცუდად იყო გაგებული, ამოჭრილია. არა, ბატონო, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“- ივერი მელაშვილი

-„ჩემი და ნატალიას მიზანია,  რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პროცესი. წერტილი დაესვას, სიმართლე არის ერთი. დარწმუნებულები ვართ, -მართლები ვართ. პროკურატურა  ყველა განცხადების თავის სასარგებლოდ გამოყენებას  ცდილობს, – ყველა კითხვას აქვს თავისი პასუხი. ძალიან ცუდად იყო გაგებული, ამოჭრილია. არა, ბატონო, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს ისტორიულად, კულტურულად, ეთნოგრაფიულად, ყველანაირად ასეა. მე მხოლოდ იმაზე მქონდა საუბარი, – ხმამაღალი განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს და არამხოლოდ დელიმიტაციის პროცესს. სამწუხაროდ, ცუდად იქნა აღქმული, გაგებული, იქ ვიღაცამ ისე გაიგო, თითქოს, მე სხვანაირად მიმაჩნია. არა, ბატონო, მე ერთი ქართველი ვარ, რომელსაც არანაკლებად გული სტკივა სხვა ქართველებთან შედარებით“, –  განაცხადა  საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

დავით გარეჯის საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა გადაიდო.

გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 28 იანვარს, 20-20 ათას ლარიანი გირაოთი, სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ბრალდების მხარე 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, – მოსამართლემ შუამდგომლობა ცვლილებებით დააკმაყოფილა.  სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების დაკავებულების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

 

კომენტარები