წვევამდელი სამხედრო სამსახურში გაწვევის მეორედ გადავადებით რიგ შემთხვევაში ვეღარ ისარგებლებს – კანონში ცვლილებები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს დაუჭირა მხარი.

კანონი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს რიგ შემთხვევებში სამხედრო სამსახურის გადავადების საშუალებას აძლევს.

-„კანონპროექტთან დაკავშირებით იყო კითხვები, ხომ არ გამოიწვევდა ინიცირებული პროექტის დამტკიცება გაწვევის სისტემაში წვევამდელების დეფიციტს. სესიაშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა და საკითხზე შეჯერება მოხერხდა.

შეთანხმება სამ საკითხზე შედგა, – წვევამდელი, რომელიც ერთხელ უკვე ისარგებლებს სამხედრო სამსახურის გადავადებით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დროს, ვეღარ ისარგებლებს მეორედ გადავადებით, თუ პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარებს; აპლიკანტს, რომელიც დარეგისტრირდება გამოცდებზე, ექნება სამხედრო სამსახურის გადავადების უფლება, თუმცა, ეს უფლება მათ ექნებათ მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს; თუ პირი სამხედრო ვალდებულებას უკვე იხდის და პარალელურად ისარგებლებს უფლებით და ჩააბარებს პროფესიულ სასწავლებელში, მას გადავადების უფლება არ მიეცემა და სამხედრო სამსახურის დასრულება მოუწევს“, – განაცხადა  კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

კანონპროექტის ინიცირებული ვერსიით, აღნიშნული დათქმები გათვალისწინებული არ იყო. კერძოდ, ინიცირებული ვერსიის თანახმად, სამხედრო სამსახურის გადავადებით შეეძლო ესარგებლა აპლიკანტს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე.

კომენტარები