“წიგნები ტალონებზეც იყიდებოდა… როცა ტალონი არ მქონდა და ვერ ვყიდულობდი, მაღაზიაში ვიდექი და ახალ გამოცემას ისე ვკითხულობდი” – ბონდო მძინარაშვილი:

– “მარჯანიშვილის მოედანზე ვიყავი. სხვა საქმეზე. იქ, მეტროს წინ, მოგეხსენებათ, ბუკინისტების დახლებია და ჩამოვუარე. მეგობრები ვნახე. წიგნები. სადაც უნდა ვიყო, წიგნებს რომ ვხედავ, გვერდს ვერასგზით ვერ ავუვლი. სულ რომ მეჩქარებოდეს, აუცილებლად შევჩერდები, ფეხს მაინც შევანელებ, თითქოს ასე ვცდილობ პატივისცემის გამოხატვას.

გახსოვთ, სკოლის დერეფანში დირექტორს რომ დავინახავდით და ნელი ნაბიჯით ვაგრძელებდით გზას საკლასო ოთახისკენ. აი, ასე ვარ ახლაც. ესენი არიან ჩემი დირექტორები. ზოგი ახალგაზრდაა და გამოპრანჭული, ზოგიც ხანმოთეულია და დარბაისლობას იხდენს…
ახლაც შევჩერდი და, ახლოს ვინც (ჰო, წიგნი არის “ვინ”!) იყო, სათითაოდ ჩამოვართვი ხელი. თან რამდენი იყვნენ. ყველას ვერც გავწვდი. ბევრს შორიდან მივესალმე თავის დაკვრით, ზოგსაც – მოწიწებით. ბევრი მათგანი ბიბლიოთეკაში გავიცანი დიდი ხნის წინ და სულ არ შეცვლილან. ზოგი ძალიან კარგ იერზე იყო, ზოგსაც ეტყობოდა, რომ დიდი ჯაფა დაადგა, მაგრამ ისევ მხნედ გამოიყურებოდა…
ბუკინისტ ქალბატონთან საუბარში გავარკვიე, რომ სახლებში დადიან და წიგნებს ასე ყიდულობენ. აქაც მოაქვთ და აბარებენ. ძალიან იაფად.
და უცბად ეს ქალბატონი მეუბნება, – ხალხი წიგნებს ყრის, ნაგვის ურნებთანაც კი ვაგროვებ; ამას წინათ, რასაც მოვერიე, წამოვიღე და მეორე გზადაც მივედი; კარგი წიგნები იყო, მკითხველიც მალე გამოუჩნდაო…
განა გამიკვირდა. ადამიანის სიცოცხლემ დაკარგა ფასი და წიგნების გადაყრა რატომ გამაკვირვებდა ვითომ?!
გადაყრას, არ ჯობია, თქვენთან მოიტანონ და გაჩუქონ?! ბოლოს და ბოლოს, აქ ვინმე იყიდის და შინ წაიღებს მეთქი, – დანანებით ჩავილაპარაკე და მეტროს შესასვლელისკენ გავიხედე. აქ, ზუსტად შესასვლელის გვერდით, წიგნების მაღაზია იყო. კარგი მაღაზია. ახლა ფეხსაცმელებს ჰყიდიან. მარცხნივ ქალის ფეხსაცმელი აწყვია, მარჯვნივ – მამაკაცის. 30 წლის წინ კი აქ წიგნები ეწყო. ლამაზად ეწყო თაროებზე – მარცხნივ სამეცნიერო ლიტერატურა და სახელმძღვანელოები, მარჯვნივ – მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა… საზღვარგარეთის ლიტერატურის განყოფილება იყო… წიგნები ტალონებზეც იყიდებოდა… როცა ტალონი არ მქონდა და ვერ ვყიდულობდი, მაღაზიაში ვიდექი და ახალ გამოცემას ისე ვკითხულობდი.
ახლა წიგნების ადგილზე ფეხსაცმელები აწყვია… შესვლას კი არავინ გიშლის, მაგრამ, აბა, ფეხსაცმელს როგორ უნდა მიესალმო, ანდა რაზე უნდა ელაპარაკო?!
ვაი, რომ ნამდვილად გაუფასურდა ყველაფერი… ეს გაუფასურება კი წიგნების ჯერ მაღაზიების თაროებიდან გადმოყრით, შემდეგ კი საერთოდ გადაყრით დაიწყო…”
 – წერს ბონდო მძინარაშვილი
კომენტარები