წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა – მაცხოვრის ჯვარცმის დღე

დიდი პარასკევი, იგივე წითელი პარასკევი ქრისტიანულმა ეკლესიამ  მაცხოვრის ჯვარცმის დღის აღსანიშნავად დააწესა.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა. მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი – მხოლოდ პურსა და წყალს.
მორწმუნეები ამ დღეს ასევე კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასქასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

დღის მსახურების თითოეული ჟამნი ნათლად წარმოაჩენს მაცხოვრის ვნების სხვადასხვა სახეს – გეთსამანიის ბაღში სისხლით განზავებული ოფლით დაწყებული, გოლგოთაზე მისი ჯვარზე აღსრულებით დამთავრებული. თითოეული საგალობელი თუ საკითხავი სინანულის ცრემლით სავსე და  გულის შემძვრელია.

დიდ პარასკევს, მაცხოვრის ვნებასთან დაკავშირებით, უსისხლო მსხვერპლშეწირვა – წმიდა წირვა არ აღესრულება, ნიშნად იმისა, რომ თვით უფალი იყო უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების აღსრულებისას.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება.

ეკლესიებში მსახურების დაწყებამდე, ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი — „საფლავი”. საკურთხეველში  წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს.

შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში  სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

ამ დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა. სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული.

ამ დღეს მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღევანდელ დღეს სიკვდილი მიანიჭეს მას, ვინც კაცობრიობას მარადიული ცხოვრება მიუძღვნა.საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

წითელ პარასკევს ქრისტიანები სიმბოლურად კვერცხს წითლად ღებავენ.

გადმოცემის მიხედვით,  ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ხალხისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

მარიამ მაგდალინელი  რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?!  ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

კვერცხების სრულყოფილად შესაღებად გაითვალისწინეთ ეს რჩევები:

1. შესაღებად ძალიან დიდი ზომის კვერცხებს ნუ აირჩევთ. საშუალო და ოდნავ მომცრო კვერცხს უფრო გამძლე ნაჭუჭი აქვს.
2. შესაღები ხსნარის მომზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყეთ, მაგალითად, სამშაბათს, რათა ფერი ბოლომდე გაიხსნას და კვერცხებმა უფრო მუქი შეფერილობა მიიღონ.

3. ზემოხსენებული არ ეხება კვერცხის ხელოვნურ საღებავებს, ისინი გაცილებით სწრაფად იხსნება, თუმცა გირჩევთ, ტრადიციული და ნატურალური ინგრედიენტები გამოიყენოთ.
4. დაჩეჩქვეთ 2-3 კონა ენდროს ფესვები და მოათავსეთ დაახლოებით 5 ლიტრის მოცულობის ემალირებულ ჭურჭელში (გაითვალისწინეთ, ამ ჭურჭელს ენდროს ფერს ვეღარ გააცლით). დაამატეთ ხახვის ფურცელი იმდენი, რომ ენდროსა და ფურცლის წილი 2:1 იყოს. ამ მასას დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. ადუღეთ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ამატეთ ხარშვისას დაკლებული წყალი. გააცივეთ და ისევ დადგით მოსახარშად. ასე გაიმეორეთ
3-ჯერ. განაგრძეთ კითხვა…

 

ჯეჯილი, პასკა და წითელი კვერცხი ეს ის სამეულია რომლის გარეშეც აღდგომა წარმოუდგენელია…
როდის და როგორ დავთესეოთ სააღდგომო ჯეჯილი?
იმისათვის რომ სააღდგომო სუფრაზე ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს ის აუცილებლად უნდა დავთესოთ აღდგომამდე ორი კვირით ადრე…
ჯეჯილის დასათესად ნებისმიერი ფორმის ჭურჭელის გამოყენება შეიძლება ეს თქვენ გემოვნებაზე და ფანტაზიაზეა დამოკიდებული..
იმისათვის რომ ჯეჯილი კარგად გაღვივდეს ის გარეცხეთ თბილ წყალში და მთელი ღამე დატოვეთ წყალში.დილით გადაწურეთ წყალი და თქვენს სასურველ ჭურჭელზე ჯერ მოათავსეთ ბამბა ან სუფთა მიწა და შემდეგ მოაყარეთ გაღვივებული ჯეჯილი..
მოათავსეთ თქვენი ჯეჯილი ისეთ ადგილასც სადაც მზე გაანებივრებს თბილი სხივებით ნიადაგი რომ არ გამოუშრეს ყოველ დილით დანამეთ წყლით…
პ.ს როგორი სიყვარულით და მზრუნველობით მიხედავთ თქვენს ჯეჯილს ისეთივე ლამაზი იქნება ის…წარმატებებს გისურვებთ…
წყარო/ Intermedia.ge
კომენტარები