„წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია საერთოდ, ისე აწამეს გირგვლიანი და მოკლეს ბუტა რობაქიძე, ასევე მოლაშვილი. ეს საერთოდ არ მომხდარა კანონის საფუძველზე“ – სოფო კილაძე

-„რამდენიმეჯერ გაიჟღერა  ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, რა თქმა უნდა, სავსებით სამართლიანად. როდესაც ადამიანების უფლებების შეზღუდვას ეხება საქმე, ბუნებრივია, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი უნდა იყოს აქტიური,  ჩვენ გუშინდელ განხილვაზეც ვიყავით, დანარჩენზე უკვე მოგახსენეთ და მეტს აღარ გავიმეორებ. რა თქმა უნდა, არსებობს ადამიანის უფლებებში არათანაზომიერი ჩარევის რისკი, არსებობს გარკვეული საფრთხეები. ჩვენ იმიტომ ვართ აქ, რომ დავაზღვიოთ ეს საფრთხეები, დავაზღვიოთ რისკები, ერთად მსჯელობით ისეთ კონდიციამდე მივიყვანოთ ეს კანონი, ეს რისკები იყოს მაქსიმალურად დარღვეული. თუ რომელიმე კოლეგა მეტყვის, ეს კანონი არ შეიძლება მივიღოთ იმიტომ, რომ ის შეიძლება, ბოროტად გამოიყენოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. კოლეგებს, შემიძლია, ვუთხრა, წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია საერთოდ, ისე აწამეს გირგვლიანი და მოკლეს ბუტა რობაქიძე, ასევე მოლაშვილი. ეს საერთოდ არ მომხდარა კანონის საფუძველზე.  თუ ვინმეს უნდა ​რამის ბოროტად გამოყენება, სულ არ სჭირდება ამისთვის არც კანონი, არც სასამართლო, არც სამართალი, არაფერი არ სჭირდება და ეს ძალიან მოკლე ხნის წინ ვნახეთ ყველამ, როგორ ხდება ეს, როგორ ხდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებ.

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, ეს ჩარევა იყოს თანაზომიერი. ჩვენ, საქართველოს პარლამენტი ვართ სწორედ ის ორგანო, რომელმაც ზედამხედველობა უნდა განახორციელოს, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბოროტად არ გამოიყენოს ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება.  ჩვენ ხელთ გვაქვს ის ძლიერი ბერკეტები, რომლებიც დევს საქართველოს კონსტიტუციაში. ეს სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. „ქართული ოცნების“ ინიციატივით შეიქმნა ძლიერი საპარლამენტო ბერკეტები საქართველოს კონსტიტუციაში, რეგლამენტში. შესაბამისად, შეგვიძლია, მოვუსმინოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. განაცხადა კიდეც გიორგი გახარიამ, არაერთგზის მოვა საქართველოს პარლამენტში.  შეგვიძლია, გამოვიყენოთ საკომიტეტო მოსმენის ბერკეტები. ჩვენ შეიძლება, გამოვიყენოთ მინისტრების კომიტეტზე მოყვანის ბერკეტები და ა.შ.

მოდი, მივყვეთ ლოგიკურად. პირველი გზა არის, რომ ჩვენ მივუშვათ ეს სიტუაცია თვითდინებაზე. როგორც არაერთმა ჩვენმა კოლეგამ, მედიცინის წარმომადგენლებმა თქვეს და ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემაც კარგად თქვა, ჩვენ გვაქვს სერიოზული საშიშროება, პანდემია არსად არ წასულა, პანდემია აქ არის ისევ. თუ ამ სიტუაციას მივუშვებთ,  გვეყოლება ათასობით და ათიათასობით დაავადებული, დახოცილი ადამიანი. ეს ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის არის დაღუპვის და კატასტროფის ტოლფასი. ეს გზა, ბუნებრივია, არ გამოგვადგება. რა არის მეორე გზა. მეორე გზა არის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია, გადავავადოთ, ასე ვთქვათ, გადავაგრძელოთ და გავაკეთოთ ეს დაუსრულებლად, რადგან არ ვიცით, სადამდე გაგრძელდება პანდემია. ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. სანამ პანდემია იქნება, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ საგანგებო მდგომარეობაში. ეს რას მოიტანს, მოდი, ამაზე დავფიქრდეთ. ეს მოიტანს იმას, რომ ჯერ ერთი, საგანგებო მდგომარეობა უფრო მეტად ზღუდავს ადამიანის უფლებებს, ვიდრე ეს წარმოდგენილი კანონპროექტი. მეორე – ეს იქნება ძალიან ბევრი ადამიანისთვის სამუშაოს დაკარგვის პირდაპირი საფუძველი. ჩვენ გვეყოლება უამრავი ადამიანი, რომელიც დაკარგავს სამუშაოს, გვექნება გაჩერებული ეკონომიკა, გვეყოლებიან ადამიანები, მოხუცები, ბავშვები და ა.შ. სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფი, რომლებიც შიმშილის ზღვარზე იქნებიან და ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდებით, თუ საგანგებო მდგომარეობას დაუსრულებლად გავაგრძელებთ. ასეც არ ივარგებს,  ეს ისევ და ისევ ჩვენს ქვეყანაზე ცუდად და ნეგატიურად აისახება. რა თქმა უნდა, მესმის,  ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის ინტერესში შედის, რაც შეიძლება დიდი სირთულეები ჰქონდეს ქვეყანას, რომ შემდეგ ისევ ხელისუფლებაზე გამოიშვიროს ხელი. „ქართული ოცნება“ იმიტომ აირჩიეს ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს პასუხისმგებლობა, იზრუნოს, გადაარჩინოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა. ჩვენ იმიტომ არ ავურჩევივართ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ოპოზიცია როგორც გვეტყვის, ისე მოვიქცეთ. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ამას გვეტყვის ქართველი ხალხი, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე როგორც ეს ქვეყნის ინტერესებშია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობაც და ჩვენი უფლებაც“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

კომენტარები