„წინა ხელისუფლების დროს არსებული კრიზისების პირობებში არ გაცემულა მსგავსი მასშტაბის დახმარებები“ – ნათია თურნავა

-„ძირითადი აქცენტი ამ ფაზის არის ის, რომ ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდებს, ვეხმარებით ბავშვებს, სტუდენტებს, მათ განათლებაში ვეხმარებით, ხელს ვუწყობთ. ვეხმარებით ოჯახს ყველაზე უფრო მტკივნეული ხარჯის დაფარვაში, –  კომუნალური გადასახადები. ელექტროენერგიისა და გაზის გადამხდელების ბაზა არის ერთ-ერთი ძალიან ობიექტური კრიტერიუმი,   საუბარია მილიონზე მეტ ოჯახზე, ვინც უკვე ისარგებლა ამ სამთვიანი შეღავათით. კიდევ ყველაზე მტკივნეული და ცივი 4 თვის განმავლობაში ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ამ სუბსიდირებას. ეს არის უნიკალური ნიშან-თვისება ამ ანტიკრიზისული გეგმის, არასოდეს წინა ხელისუფლებებს, ამ კუთხით არაფერი გაუკეთებიათ.

როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, – 200 ლარი უნდა დარიგდეს, 150 თუ 300, უნდა გაიხსენონ არც თუ ისე შორეული წარსული, როდესაც არც ერთი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ასეთი მასშტაბური დახმარება სწორედ ადამიანებს, ოჯახებს, სოციალურად დაუცველ კატეგორიას, თვითდასაქმებულებს არასოდეს არ მიუღიათ.

მსგავსი მასშტაბის დახმარებები წინა ხელისუფლების დროს არსებული კრიზისების პირობებში არ გაცემულა“, – განაცხადა  ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

დღეს  ცნობილი გახდა მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური დახმარების პროგრამები.

17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. შეძლებული ოჯახები შეძლებენ,  ამ დახმარებაზე უარი თქვან. 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, გადაერიცხება 200 ლარი. შეძლებული ოჯახები, რომელთაც ასეთ დახმარებაზე უარის თქმა შეუძლიათ, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს. დღეს საქართელოში 880 ათასი ბავშვია. ასევე, ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება, 150 ათასამდე სოციალური ქულის მქონე და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსდება.

ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს მთავრობა დაფარავს

კომენტარები