წლის ბოლომდე ყაჩაღანში ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება
წლის ბოლომდე ყაჩაღანში ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლ ყაჩაღანში მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. იუსტიციის მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დიდი სოფლები წარმოადგენს. საზოგადოებრივი ცენტრი ყაჩაღანისა და მიმდებარე 6 სოფლის − თაქალოს, ხაჯიგაზლოს, აღმამედლოს, კასუმლოს, ულაშლოს, კირაჩმუღანლოს − 20 000-მდე მოსახლეს მოემსახურება.
ადგილობრივი მოსახლეობა ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს კომფორტულ გარემოში სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების სწრაფად მიღებას. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს სოფლიდან გაუსვლელად − პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, მობილური ოპერატორის საშუალებით სამყაროსთან 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით. საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა განთავსდება, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ცენტრი აღიჭურვება საკონფერენციო დარბაზით, სადაც მოსახლეობა შეხვედრების გამართვას შეძლებს. საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მისაღები ოთახებიც. ყაჩაღანში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა გაეროს-ს განვითარების პროგრამა „მდგრადი განვითარების მიზნების“ (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებთან თანამშრომლობით. „UNDP“, შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADC) ორი საზოგადოებრივი ცენტრის (ყაღაღანისა და ჭრებალოს) მშენებლობას აფინანსებენ. შესაბამის ხელშეკრულებას „UNDP“-მ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ხელი 2019 წლის 26 თებერვალს მოაწერეს. ყაჩაღანის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აგრომშენსერვისი“ აწარმოებს. საზოგადოებრივი ცენტრი წლის ბოლომდე გაიხსნება.