წმიდა გაბრიელ ბერის სწავლებანი

ზღვები დაშრება, მთები დაიშლება, ქრისტეს დიდება არ მოიშლება.

სიკვდილი გარდაცვალებაა. გარდაცვალების ნუ გეშინიათ, იმ წუთსვე რომ განკითხვა მოდის, იმისი გეშინოდეთ. საშინელია უფლის წინაშე სამსჯავროზე წარდგომა. როდესაც გამოცდაზე გადიხართ, ღელავთ პროფესორის წინაშე, გული გიცემთ; აბა წარმოიდგინეთ, რაოდენ მეტია უფალი.

ღმერთი დაუსაბამო სიკეთე, დაუსაბამო სიმართლე და სიყვარულია. ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს, მას ღმერთი უყვარს, და ღმერთიც, ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს.

”ზოგი იტყვის სიყვარული მაქვსო. აბა ვინ მეტყვის რა არის სიყვარული, ვინ ჩასწვდება სიყვარულს?” – დასვამდა შეკითხვას გაბრიელ ბერი და თვითონვე პავლე მოციქულის სიტყვებით განმარტავდა: ”სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების” (1 კორ. 13:4). ”ესაა ნამდვილი სიყვარული, ამაშია ადამიანის ბედნიერება. სიყვარული მთავარია, მაგრამ ამაზე უფრო მთავარია, როგორ ვისწავლოთ ჩვენ ეს სიყვარული. ნურავის ეგონება, სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია. სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ. თუ თავი არ გასწირე ღვთისა და მოყვასისთვის, ისე არაფერი გამოვა”.

სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე. ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს. ღმერთს უყვარს საქმე. კეთილი საქმე არის სიყვარული.

მოყვასის სიყვარული არის, როცა თქვენი მოყვასი სნეულია და შველა სჭირდება, წამალი კი, შორი გზიდანაა მოსატანი. შეიძლება დაგიღამდეს, ტყეც შეგხვდეს და მგელმაც შეგჭამოს. აი თუ წახვალ ასეთ დროს მოყვასის საშველად, პირდაპირ მიხვალ უფალთან.

ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს, ჩათვალე, რომ არაფერი გაგაჩნია.

ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია.

შიო მღვიმელი ადამიანთა დიდი სიყვარულისთვის ჩავიდა მღვიმეში.

გიყვარდეთ ერთმანეთი. საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ბოლო ჟამია, თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს. უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. ვინც შეინარჩუნებს – ის გადარჩება. ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ვერ დაიდგამს ტახტს.

სიმდაბლე გამძვინვარებულ ლომსაც კი ქედს მოახრევინებს.

ერთი კაციც რომ გძულდეს, საძაგელი ხარ ღვთის წინაშე.

შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და მოიპოვოს სიყვარული.

სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს არ გასცემს. ყველაფერი თავისთვის უნდა. მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვჭოს, მაინც არ დაკმაყოფილდება.

ბოროტი კაცი როგორ უნდა შევიყვაროთ? ჰკითხეს გაბრიელ ბერს. – ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის ვინც ჩვენ გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვით და სინანულით განიწმინდოს და ანგელოზთა მსგავსი გახდეს. ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა.

შენი მტერი უნდა გიყვარდეს, ხოლო ქრისტეს მტერი როგორ უნდა შევიყვარო?! მაგრამ არ უნდა გძულდეს, უნდა გეწყალებოდეს და აქედან მოდის სიყვარული.

ღმერთი ჩვენგან ითხოვს როგორც გულს, ასევე კეთილ საქმეებს. კეთილი ყველასავთვის უნდა გინდოდეს, მაგრამ სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება, ვისაც შენზე მცირე აქვს, იმას რომ დაეხმარები, ის არის ღვთის წინაშე შეწირული, ღვთის ძალითა და სიბრძნით კეთდება ყოველი კეთილი საქმე.

სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შესძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასათვის უნდა გინდოდეს.

როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება.

როგორ იქნება დამშვიდებული სული ადამიანისა, როცა განსაცდელშია მოყვასი? თუ კაცს ავადმყოფი ჰყავს ოჯახის წევრი და მომვლელი თვითონ არის, მას ამ დროს წირვის მადლი სახლში აქვს.

შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე რომ სხვა ილოცებს, ნახევარი მადლი შენზე გადმოდის.

თუ არ იცი მოყვასის სულიერი მდგომარეობა, რჩევას ნუ მისცემ, იქნებ შენი რჩევით დაიღუპოს კიდეც.

იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე. ამაზე დიდი არაფერია.

გული ვისგანაც მოგეცა, იმასვე ეკუთვნის.

ადამიანი დაუღალავად უნდა მიისწრაფვოდეს ღმრთისკენ. უფალი ამას რომ ხედავს, აძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა.

უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს. ჯოჯოხეთი უფლისგან განშორებაა.

ღირსი იოანეს სიტყვებია სახელმძღვანელოდან ”კლემაქსი”: – ”არა ვიმარხვე, არცა დავსწევ ქვეყანასა ზედა, არცა ვიღვიძე, არამედ დავმდაბლდი და მაცხოვნა მე უფალმან”. მდაბალს ყოველგვარი განსაცდელი ჩაუვლის და არ შეეხება. სასუფეველში სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა.

მარხვა ცოდვების სინანულია, როცა საჭმელი არ გახსოვს.

ზოგი იტყვის – არ მაქვს ქალებზე ბრძოლებიო. რა სისულელეა. სანამ არის სქესით გარჩევა, ბრძოლებიც იქნება. მთავარია ვისაც უნდა და არ მიდის ქალთან, ითმენს ქრისტეს სიყვარულუსთვის. აი ეს არის ღვაწლი.

ვაი, იმ ბერსა და მონოზონს, ვისაც თავისი ერის სატკივარი არ სტკივა.

როგორ შეიძლება გარეთ ვინმე გელოდებოდეს და შენ მშვიდად იყო. კარდ ბერს ქალის გული უნდა ჰქონდეს.

ნუ ზრუნავთ ხორცისთვის, იზრუნეთ სულისთვის, სული გადაირჩინეთ. ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას.

როდესაც საჭმელს სჭამ, უნდა გახსოვდეს მშიერი, მწყურვალი, გაჭირვებული, ამაშია სასუფევლის პოვნა.

ანტიქრისტეს მომხრეები ქუჩაში გახდილნი ივლიან. ქრისტიანები წესიერად ჩაცმულები იქნებიან და ამით განასხვავებთ ერთმანეთისგან. ქალი, მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული – შეჩვენებული იყოსო, წერია სჯულის კანონში. ადამიანის ჩაცმულობა მისი სულიერი მდგომარეობის გამომხატველია.

უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გვიჩვენებს, რათა ილოცოთ მისთთვის, დაეხმაროთ მას. ამით სიყვარულს გვასწავლის.

ქრისტემ ლაზარე აღადგინა და ის გაუჭირდება, რომ მე აღმადგინოს? თქვენ ვერ დამინახავთ, მაგრამ ითხოვეთ ღვთისგან და ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ.

ვიცი, სადაცაა უფლის ხელთუქმნელი ხატი. მუზეუმში რომ არის ისიც ხელთუქმნელია და იგივე ძალა აქვს. სანამ მუზეუმიდან ამ ხატს არ გამოაბრძანებენ, სანამ აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება ათონიდან, როგორ გაბრწყინდება საქართველო?

სიკეთე ჰქმენით, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და კი არ აკაკუნებს, შემოგლეჯას ლამობს. თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, იგი მთელ დედამიწაზე მოინდომებს გამეფებას. დევნა ყველგან იქნება, მაგრამ საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება. ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად. ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს. ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებათ მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ.

ბოლო ჟამს ცაში ნუ დაიწყებთ ყურებას, რამეთუ ისეთი სასწაულები მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით.

ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე.

პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ ”მამაო ჩვენო” ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება.

ბოროტს 666 მახე აქვს დაგებული. ანტიქრისტეს დროს ადამიანისათვის ყველაზე დიდი მახე ის არის, ხსნას კოსმოსიდან რომ ელოდება. ეგონებათ, უცხოპლანეტელები მოიტანენ ხსნას. სინამდვილეში ბოროტები მოვლენ სახეშეცვლილები.

თუ საჭმელს მოიპარავ, ათი მცნება ირღვევა და ბეჭედს ისედაც მიიღებ. მორწმუნე ღმერთის იმედად იქნება. ბოლო ჟამს ისეთ სასწაულებს გაუკეთებს თავის ხალხს, ერთი ფოთოლი ერთ თვეს გეყოფა. მიწაც ხომ არ დაილია, გარდასახავ ჯვარს და პურად გექმნებათ.

ნუ შეგეშინდებათ, მთავარია ანტიქრისტეს ბეჭედი არ დაიდოთ ხელსა და შუბლზე. ნურც იმ კაცის პურს შეჭამ, ვინც ნიშანი დაიდო.

ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვინც კეთილ საქმეებს არ გააკეთებს, არ დაუჯეროთ. საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს.
ზოგი იტყვის ასე მეწერაო. თუ ადამიანს დაღუპვა ეწერა, მაშინ რატომ უნდა განიკითხოს ღმერთმა? ბედისწერას ჩვენთვითონ ვქმნით. ადამიანმა თავისი დაუდევრობით თუ მოუფიქრებლობით სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და გარდაიცვალა, რა შუაშია აქ ბედისწერა?

ღვთის განგებას კაცი ვერ ჩაწვდება. არსებობს დაშვება, ნება და განგება. დაშვებაა, როცა უფალი გვაძლევს თავისუფლებას. ჩვენ ადამიანები, რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ. როცა უფლის ნება შემოდის, ადამიანები განლიგებული, გაშტერებულები ვართ. ამ შემთხვევაში უფალს რაც სურს იმას გვაკეთებინებს. უფლის ნება ყოველთვის მაცხოვნებელია. ღვთის განგებულება მართავს ყოველივეს; ხან ნება მოქმედებს, ხან დაშვება. როდესაც რაიმე საკითხს ვერ წყვეტ და არ იცი როგორ მოიქცე, ღვთის განგებულებას უნდა მიანდო, ილოცო და აღარ იფიქრო მასზე.

ადრე, ცოდვით დაცემამდე, სულს ემორჩილებოდა სამშვინველიც და სხეულიც. ცოდვით დაცემის შემდეგ სულთან კავშირი დაზიანდა და სამშვინველი დაემორჩილა სხეულს. სხეულს რასაც უნდა, იმას აკეთებინებს, სამშვინველი გადაადგილებს სხეულს, სული კი აგონიერებს მას. უფალმა ადამიანის გადასარჩენად სინდისი ჩადო მასში. სული მეცნიერია, ყველაფერი იცის და გრძნობს, რაც სინდისს ეხება. არჩევს რა არის კარგი და რა არის ცუდი. ტყუილად კი არ არის, უცხო ვინმე რომ ჩაგივლის, ხან გიხარია, ხან შეკრთები.

მძიმე ჯვარს ატარებს კათოლიკოს-პატრიარქი, ვინც მას განიკითხავს, თავზე აგუზგუზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის.

როდესაც განიკითხავ სხვას, ესე იგი ღმერთს განიკითხავ. თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე?

დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები. როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას.
მხილება აუცილებელია. განკითხვა სხვა რამ არის. როგორ შეიძლება ცუდ საქციელზე თვალი დახუჭო. იღუმენიამ უნდა მიუთითოს, მათ უნდა შეასრულონ! თუ არ შეასრულებენ, უფალი თვითონ მოჰკითხავს.

ჩვენ კი არ გავიღეთ მოწყალება, ღმერთმა მოიღო ჩვენზე და სიკეთე გაგვაკეთებინა. ასეთი საქმე ღმერთის წყალობა და სიკეთე არის.

რასაც კეთილი საქმისათვის გასცემ, ღმერთი ასწილ მოგიზღვავს.

უსამართლო ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელი.

მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება.

იღუმენობა მარტო ხარისხი კი არ არის, დასამდაბლებელიცაა. ზოგს საცხოვნებლად მიეცემა, ზოგსაც წარსაწყმედელად. თუ იღუმენია სიმდაბლისკენ მიდის – საცხოვნებელია.

ღმერთის წინაშე ყოველი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა. არ არსებობს ცოდვა სინანულს რომ აღემატებოდეს.

უალი დაამდაბლებს და უფალი აღამაღლებს. როცა თავი ვინმეზე კარგი მგონია, თავზე რკინის რგოლს ვიკეთებ, ფეხშიშველი გამოვდივარ. ხალხი მიყურებს და იცინის, მაშინ ვმდაბლდები, ვხედავ ჩემ თავს, რა ნაგავიც ვარ.

ვინც დაიმდაბლოს თავი, იგი ამაღლდეს.

ჯვარშია მთელი ძალა!

ჯერ ღმერთია მკურნალი, მერე ექიმი. მუშაკი ღირსია სასყიდლისა. რომელი არა ჰმადლობდენ ექიმსა, არა ჰმადლობენ უფალსა. ექიმის ხელი და გონება ღვთისთვის სათნო საქმეს აკეთებს.

წინამძღვის გარეშე ნურაფერს გააკეთებთ. ბრწყინვალედ შემოსილი ანგელოზიც რომ მოვიდეს, არ შეცდეთ და კურთხევა არ შეცვალოთ.

შეიცან შენი უძლურება და უფალი გაგაძლიერებს შენ.

მუცელში ბავშვს ყველაფერი ესმის. ღვთის სიტყვა უთხარით და ისე აღზარდეთ.

ყოველთვის არაა საჭირო ადამიანმა წინასწარ იცოდეს რა მოელის.

იმისთვის ხარ ამ ქვეყანაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი სიკეთე აღასრულო.

საჭმელზე მეტად ადამიანების სიყვარული უნდა გშიოდეს და ღვინოზე მეტად მათი სიყვარული უნდა გწყუროდეს.

ქრისტიანს წუწუნი არ შეჰფერის, რადგან ქრისტემ პირველმა გაიარა გზა დამცირებისა და შემდეგ ამაღლებისა. ეს ყველა მისმა მიმდვარმა უნდა იცოდეს.

ღმერთი უმაღლესი განგებით სცდის ადამიანებს.

შენი განსაცდელი, შენს უსჯულოებაშია. ღმერთს პატიება სთხოვე და ისე ახსენე მისი სახელი.

მონოზვნისთვის მოთმინება უსათნოესი კელაპტარია.

მონასტერში მოსულს, სახარების მიხედვით ცხოვრება მოეთხოვება და იმით ცხონდება. ერის ადამიანი კი ათი მცნების დაცვით ცხონდება.

ღვთის ნების გარეშე, ნამცეცის დაგდებაც კი არ შეუძლია დემონს.

ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ, შეიძლება ერთიც გატყუებდეს და მეორეც.

სიმართლის თქმის უფლება ცოდვილსაც აქვს. ცოდვილმა რომ მისი ცოდვების გამო სიმართლე დამალოს და არ თქვას, მის ცოდვებს ესეც დაემატება და კიდევ უფრო მეტად დაისჯება.

ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს.

უხერხულია ვინმესგან მოითხოვო ის, რაც არ მიგიცია მისთვის.

საერო გაზეთებში ხატების დაბეჭდვა დიდი დანაშაულია.

ცუდია, როცა ენა წინ გისწრებს, ჭკუა კი უკან გრჩება.

პირობის დარღვევა დიდი ცოდვაა.

მე თქვენ სიყვარულს ღმერთს ავუტან, მე თქვენი სიყვარული სისხლით მოვიპოვე.

ბერ-მონაზონი უბრალოდ უნდა ცხოვრობდეს. უბრალოებაში ღვთის დიდი წყალობაა.

ბერი უნდა იყოს მტკიცე, სიმართლის გამო ყველას აწყენინოს, რადგან სიმართლე თვითონ ღმერთია.

ბერი სიმართლისთვის ისე უნდა იყოს ქრისტეს წინაშე, როგორც მოღრიალე ლომი.

არასოდეს იმართლო თავი, შენი ნებით არაფერი გააკეთო. ყოველი საქმე და გულმოდგინე ლოცვა მსხვერპლივით შესწირე ღმერთს.

შიში მხოლოდ ერთი უნდა გქონდეს – ცოდვების შიში, და სხვა არაფრისა გეშინოდეს.

ყოველი ცოდვა მტრობაა ღმრთისა, ვის ემტერები, არ გეშინია?

ერის ადამიანი როცა ჭამს, უნდა ახსოვდეს მშიერი, გაჭირვებული, უძლური, ამაშია სასუფევლის პოვნა. მონოზონს კი ჭამის დროსაც ლოცვა მოეთხოვება.

ღმერთის ძიება სიკვდილამდეა; ბრძოლა – უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

მონოზვნობა ანგელოსის ხარისხია, ცეცხლში უნდა გაიარო.

თუ მონოზონს სინანული და სიმდაბლე არ ექნება, არათუ ცხონდება, არამედ დაიღუპება.

მონასტრიდან ხანგრძლივი დროით ნუ გახვალ.

ბერთან სულიერი გაჭირვების და განსაცდელის ჟამს უნდა მიხვიდეთ, რომ რჩევა აიღოთ და ისწავლოთ სიბრძნე.

თუ ერის კაცი ვნებას დაითმენ უფლის გულისთვის, ბერების ბარდაბარ იქნები.

თვალი სულის სარკეა. თუ სულს არ უნდა, ცუდისკენ არ გაიხედავს.

კადნიერება ყველა ბოროტების დასაბამია.

მოძღვარი შენი სურვილით უნდა ამოირჩიო და უნდა დაემორჩილო. თუ მოძღვარი რაიმე არამართლმადიდებლურს ქადაგებს და გადადის სჯულიდან, განერიდე მას, როგორც მტერს და ბოროტს.

ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე.

ჭეშმარიტი აღმსარებლობა მარტო აღსარების ჩაბარბა არ არის. მორწმუნე ხარ, მაგრამ რწმენამდე ბევრი გიკლია. ათჯერ უნდა დაეცე და ადგე. ცოდვილი ხარ – ეჰ არაფერია. არა არს ცოდვა, სინანულს რომ აღემატებოდეს.

დრო დიდი წყალობაა ღვთისაგან. დროში შეიძლება ადამიანი ცხონდეს. შეიძლება წარწყმდეს.

გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე.

ბავშვივით სუფთა, წრფელი და უმანკო უნდა იყო, და არა ბავშვური გონემა გქონდეს.

ბოროტი რომ ადამიანს დაეპატრონება, პირველად გონებას წაართმევს.

სარწმუნოებასთან ერთად სიმტკიცე თუ არა გაქვს, არაფრად ვარგიხარ.

თუ შენ სარწმუნოებას აგინებენ, შენ კი იქ დგახარ და ხმას არ იღებ, ვეჭვობ, ურწმუნოზე უარესი არ იყო.

ასჯერ მრუში სჯობია იყო, ვიდრე სარწმუნოებას გადაუხვიო.

თუ სარწმუნოების დაცვაა საჭირო და არ იცავ, სული იღუპება. სარწმუნოების გამო თუ მოგკლეს – პირდაპირ შედიხარ სასუფეველში.

როცა იპარავენ, ქურდობის ცოდვაში ვარდებიან. თუ სიწმინდეს იპარავენ, უფრო დიდი ცოდვაა.

თუ ხედავ რაიმეს იპარავენ და არ შეგიძლია წინააღმდეგობის გაწევა, არ ჩაერიო. ილოცე ”მამო ჩვენო”. ქურდობის ცოდვას მკვლელობის ცოდვას ნუ დაამატებინებ. მოყვასზედაც იფიქრე.

ჯოჯოხეთში მყოფთათვის საკურთხზე რომ პანაშვიდი გადაახდევინო ისეა, როგორც პატიმარი გამოიყვანო დღის სინათლეზე, ხოლო თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, როგორც არწივი ისე ამოფრინდება იქიდან.

ლოცვა მიცვალებულისთვის საჭიროა თვით მლოცველისთვისაც.

როცა ადამიანი ფსიქიურად ვერ არის კარგად და თავს იკლავს, უფალი იწყალებს, ხოლო თუ ადამიანი შეგნებულად იკლავს თავს, მიდის ჯოჯოხეთში. მათ სახელზე კეთილი საქმე უნდა აკეთონ ჭირისუფლებმა, ზოგჯერ ასეთებიც ამოდიან ჯოჯოხეთიდან.

არის ისეთი ფული, რომელშიც იუდას წილი დევს. თუ ასეთი ფული შემოგწირეს, ნუ აიღებ, დამღუპველია. აუცილებლად ჩაგაგდებს ცოდვაში და მდგომარეობიდან ვერ გამოხვალ.

ცხოვრებაში ისეთი ცოდვა არ არსებობს, როს შენდობაც უფალს არ შეეძლოს აღსარება-ზიარების გზით.

ღვთის გმობა ის არის, როცა ადამიანი ღვთის რწმენით, ეკლესიურად არ ცხოვრობს.

მოწყალება ოქროა, მოთმინება კი ბრილიანტი.

უტიფარია დამიანი, ვინც თავის ცოდვებს ვერ ხედავს და თავი მოაქვს. ყოველი ამაყი და ამპარტავანი გულითა, საძაგელი არს უფლის წინაშე.

კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავისი კეთილიკ გადაწყვეტილებით. როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა… მე რა უფლება მაქვს ან ასე ვთქვა, ან ისე.

ეკუმენიზმი ერესთა ერესია. მართლმადიდებლური ეკლესია აზვირთებულ ოკეანეში მცურავი ხომალდია, რომელშიც ჩვენ მართლმადიდებლები ვზივართ.

ღვთისათვის ერი და ბერი რამ გაყო, ადამიანი დაუღალავად უნდა მიისწრაფოდეს ღვთისაკენ, ერისკაცი იქნება ის თუ ბერი. ბოლომდე განა ვინ მიაღწევს სრულყოფილებას, მაგრამ ამ მისწრაფებით ცხონდება, ბერს ბერისა მოეთხოვება, ერისკაცს – ერისა.

ადამიანი ისე უნდა ამხილო, რომ გული სიყვარულით გქონდეს სავსე.

სინდისი პატარა ღმერთია. ძილის წინ კარგად დააკვირდი შენს საქციელს მთელი დღის განმავლობაში, რას აკეთებდი, რა არ მოგეწონა, სად სცოდე, რა არ უნდა გეთქვა და სხვა. ანგარიში ჩააბარე შენს თავს, მუდამ ყურადღებით და ფხიზლად იყავი შენი თავის მიმართ.

საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, აკეთებს ან ამის ნებას იძლევა. სანამ დროა უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთ მკვლელობის ცოდვა მიეტევოთ.

არასიდეს უღალატოთ ღმერთს. სადაც ღმერთი და სიბრძნეა – განსაცდელი ყოველთვის დიდია. ბოლომდე მოითმინე და თუ შეძლებ ბოლომდე დათმენას, სამოთხის კარი გაგეღება.

თუ ცილი დაგწამეს, სიკეთის წილ ბოროტება მოგიზღეს, გულში ბოროტება არ ჩაიდო, შეუნდე და გიხაროდეს, რადგან ამით რამდენიმე საფეხურით უფალს მიუახლოვდი.

სადაც მეტი მადლია, საჩუქარიც მეტი იქნება.

ადამიან ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და თუ ვერ გაიგო, დაანებე თავი.

საქართველო აღდგება, ისე როგორც ლაზარე. სკიპტრა სკიპტრაა და სანამ საქართველოს გვირგვინოსანი მეფე არ ეყოლება, არაფერი გამოვა. საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს გვირგვინოსანი ბაგრატიონი. ის რა ერია, რომელსაც მეფე არა ჰყავს.

საქართველო უნდა გაბრწყინდეს, მაგრამ დიდი ტანჯვა უნდა გამოიაროს. როცა იტყვიან აი, მორჩა, მაშინ განათლდება და გაბრწყინდება.

ჯერ ჩემამდე, მამა გიორგი (მხეიძე) უნდა შერირაცხოს წმიდანად, ის უდიდესი წმიდანია (ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველება ასრულდა. დიდი ბეთანიელი მამა გიორგი 2003 წ. შერაცხეს წმიდანად).

ჯერ უგუნური უნდა იყო, რომ მერე ბრძენი გახდე.

საოცრებათა საიცრება ის არის, რასაც მზის იქით უყურებ და ხედავ. მზის ყურებაზე მეტი, თავათ მზის გამჩენის ყურებაა.

აღსარება ღვთის იმხელა საიდუმლოებაა, რომ ადამიანის გონება ვერ ჩასწვდება მასში. ის ღვთის დიდი წყალობაა დედამიწაზე.

ჭეშმარიტმა რწმენამ გულში უნდა დაისადგუროს, არა გონებაში. ანტიქრისტეს სწორედ ის გაჰყვება უკან, ვისაც გონებაში აქვს რწმენა, ხოლო ვისაც გულში აქვს რწმენა, ის შეიცნობს ანტიქრისტეს.

მაცხოვარს არ უვლია ზანზალაკებით და ხალიჩებზე. დეკორაცია ეზიზღება ღმერთს. ქრისტე უბრალო იყო, ერთი პერანგი ეცვა ღვთისმშობლის მოქსოვილი.

გოლგოთა უდიდესი წყალობაა ღვთისა. თუ განსაცდელი არ იქნება, როგორ გამოიცდები?

როგორც კი შესცოდავ, მაშინვე შეინანე.

თუ შენ ლოცულობ და ამ დროს მოგადგა ვინმე გაჭირვებული და გთხოვა დახმარება, შენ რომ არ მიეხმარო და უთხრა: ვლოცულობ, დავამთავრებ და მერე მოგხედავო, აი, ასეთი ლოცვა ღმერთს არ სჭირდება. ასეთ ლოცვაზეა ნათქვამი, ლოცვა ცოდვად შეერაცხაო.

არ შეიძლება ხატს სახეზე ემთხვიო, ჩარჩოზე რომ ემთხვიო მორიდებულად, ისიც საკმარისია. სასოება უნდა ხატებთან ურთიერთობას, არ უნდა ბევრი კოცნა. უნდა მიხვიდე სიყვარულით, გულით და სასოებით. გადაჭარბებული ღმერთს არაფერი უყვარს.

დიდი მადლია მტრედებს და ჩიტებს აჭამო საჭმელი.

ღვთის სახელის ხსენება უმიზეზოდ არ შეიძლება, ხშირად რომ ახსენებ მესამე მცნება ირღვევა.

ღვთის განგების იმედი არასოდეს დაჰკარგო.

ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, ჯერ იმათთვის დაიწყე ლოცვა, მაგალითად შენი შვილებისათვის, როდესაც მათთვის ილოცებ, შემდეგ ილოცე დანარჩენი ოჯახის წევრებისათვის, შემდეგ ყველა თქვენს ირგვლივ მყოფი მეზობლებისათვის, რომ მტერი არ გყავდეს. დალოცე ის ქალაქი, სადაც შენ ცხოვრობ, თბილისი ხომ მარტო არ არის, დალოცე ყველა მცხოვრები, რომელიც საქართველოშია, საქართველო ხომ მარტო არ არის, ირგვლივ სხვა ქვეყნების მცხოვრებლებითაა გარემოცული, სთხოვე ღმერტს, რომ დაამშვიდოს მათი გული, რათა მტრობა ვერ შესძლონ. ახლა, როცა მთელი ქვეყნისთვის ილოცე, ერთი მტერიღა დაგრჩა, იმასაც ნუ გამოტოვებ, ღმერთს სთხოვე აავსოს მისი გული სიკეთით დაგონება – სიბრძნით. აი, ასე შესძლებთ ბოროტებით აღსავსე ადამიანისათვის და თქვენი მტრისთვისაც ლოცვას.

შიშით და მოწიწებით უნდა ილოცო. როცა ლოცულობ, გაიაზრე ვის წინაშე დგახარ, ვის ესაუბრები, ქრისტე უხილავად არის ჩვენთან, სულ არს ღმერთი.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით, ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.

თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ბევრი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგერაცხებათ.

ყველა ვერ გადარჩება. ვერც მე შეგიწყალო, ვერც უფალმა შეგიწყალოს, შენი თავი შენ თვითონ თუ არ შეიწყალე. ვინც სულს გადაირჩენს და სხვასაც შეეწევა სიტყვით და საქმით, ის ქრისტეს მცნების შემსრულებელია.

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რაც საქართველოში ხდება, ეს განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდაა. არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი.

წნიდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან ტელევიზიით გადასცემენ.

ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება, სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა და არა დოლარების ფრიალი, ზოგს რომ ჰგონია. უამრავი მორწმუნე მოიყრის საქართველოში თავს. რაც კომუნისტებმა გააკეთეს, არის შესავალი და ახლა იწყება უფრო მნიშვნელოვანი. ქვეყნის დასაბამიდან ასეთი განსაცდელი არ ყოფილა დედამიწაზე, ეს არის ბოლო. წარმოიდგინე დედა, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს, როგორ გამოკვებოს ეს ხუთი შვილი, თუ ბეჭედი არ მიიღო. ხედავ რამხელა მახეს უგებს ანტიქრისტე ადამიანს? თავდაპირველად იქნება ნებით, მაგრამ როცა გამეფდება და გახდება მსოფლიო მბრძანებელი, აიძულებს ყველას, რომ ეს ბეჭედი მიიღოს; ვინც არ მიიღებს, ასეთ ადამიანებს გამოაცხადებს სამშობლოს მოღალატეებად და ხალხიც უნდა გაიქცეს ტყეში, ათი – თხუთმეტი ერთად, ერთი და ორი ვერ გადარჩება. ასეთ ხალხს სულიწმიდა შეინახავს. რაც არ უნდა მოხდეს ღმერთის იმედი არასოდეს დაკარგო. უფალი მოგცემს სიბრძნეს როგორ მოიქცე.

ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს დაგანახებს.

ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს.

კომენტარები