წმიდა ფოტიოსი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი IX საუკუნეში ცხოვრობდა და კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. მამამისი ხატთაყვანისცემის დაცვისთვის მოწამეობრივად აღსრულებულა

წმიდა ფოტიოსი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი

6 (19) თებერვალი

წმიდა ფოტიოსი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი IX საუკუნეში ცხოვრობდა და კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. მამამისი ხატთაყვანისცემის დაცვისთვის მოწამეობრივად აღსრულებულა.

ფოტიოსმა ბრწყინვალე განათლება მიიღო: თანამედროვეთა მოწმობით, მას განსწავლულობით თავის საუკუნეში ტოლი არ ჰყავდა. ფილოსოფიის, მედიცინის, ასტრონომიისა და ღვთისმეტყველების ამ შესანიშნავ მასწავლებელთან სხვადასხვა მეცნიერებებს ეუფლებოდნენ იმპერატორის ტახტის მემკვიდრე მიხეილი და მომავალი სლავთა განმანათლებელი, მოციქულთასწორი კირილე. ფოტიოსს პირველი სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეჭირა სენატში, მაგრამ სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება არ იზიდავდა მონაზვნობისკენ მიდრეკილ მის სულს.

857 წელს იმპერატორ მიხეილის თანამმართველმა, ბარდამ კონსტანტინეპოლის კათედრიდან გააძევა პატრიარქი ეგნატე და მის ნაცვლად ფოტიოსის დადგინება გადაწყვიტა. მომავალ წმიდანს ამ მაღალი ხარისხისათვის თავი უღირსად მიაჩნდა და უარობდა, მაგრამ მისი არ შეისმინეს: ექვსი დღის განმავლობაში აამაღლეს იერარქიის საფეხურებზე და შობის დღესასწაულზე პატრიარქადაც აკურთხეს. მალე გადაყენებული მღვდელმთავრის მომხრეებმა შფოთი დაიწყეს. 861 წელს მღელვარების ჩასაცხრობად მოწვეულ იქნა კრება, რომელმაც დაადასტურა ეგნატეს გადაყენება და ფოტიოსი პატრიარქად დაამტკიცა. პაპი ნიკოლოზ პირველი იმედოვნებდა, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიის ახალი მესაჭე მისი ნების აღმსრულებელი იქნებოდა, მაგრამ, როცა იმედები არ გაუმართლდა, ფოტიოსი ანათემას გადასცა. ამ დროიდან მოყოლებული, სიცოცხლის აღსასრულამდე წმიდანს უხდებოდა დაუცხრომელი ბრძოლა პაპის თვითნებობასთან და მის მიერ აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელყოფის ცდებთან. 864 წელს ბულგარეთი საკუთარი ნებით მოექცა მართლმადიდებლობაზე. როგორც ვარაუდობდნენ, ბულგარეთის მეფე ბორისი პატრიარქმა ფოტიოსმა მონათლა, რის შემდეგაც ახალმოქცეულ ქვეყანაში მთავარეპისკოპოსი და მღვდლები გაგზავნა. შემდეგ, წმიდა ფოტიოსის კურთხევით, ბულგარეთში გაემგზავრნენ წმიდა კირილე და მეთოდე – სლავურ ენაზე ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად. პაპის მომხრეებმა შეძლეს, რომ ქვეყანაში აღმოსავლელი მქადაგებლებისადმი უნდობლობა გაეღვივებინათ. ამასთან, გერმანელთა თავდასხმებით შევიწროებული მეფე მიხეილი იძულებული შეიქმნა, დახმარება დასავლეთში ეძია და პაპს მიმართა თხოვნით, ბულგარეთში თავისი ეპისკოპოსები გამოეგზავნა. ახალნერგ ქვეყანაში ჩამოსულმა პაპის ლეგატებმა აქ ლათინთა სწავლებისა და წეს-ჩვეულებების დანერგვა დაიწყეს, ამასთან ირწმუნებოდნენ, რომ პატრიარქ ფოტიოსის მიერ აღსრულებულ მღვდელმოქმედებებს ძალა არ ჰქონდა და ნათელღებულ ბულგარელებს ხელმეორედ სცხებდნენ მირონს. ეს იყო მთელი კონსტანტინეპოლის ეკლესიის დიდი შეურაცხყოფა. მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველმა და უსჯულოების მამხილებელმა წმიდა ფოტიოსმა აღმოსავლეთის ეკლესიებს დაუგზავნა ეპისტოლეები, რომლითაც აუწყა ისინი პაპის ქმედებების შესახებ და ამცნო, რომ რომის ეკლესია მართლმადიდებლობას ემიჯნებოდა არა მარტო წეს-ჩვეულებებით, არამედ სწავლებითაც და მათ ანტიქრისტეს მსახურები უწოდა.

867 წელს, იმპერატორ მიხეილის მკვლელობის შემდეგ, სამეფო ტახტი მიიტაცა ბასილი მაკედონელმა. მღვდელმთავარმა ფოტიოსმა უშიშრად ამხილა მკვლელი. ამის გამო ის გადააყენეს პატრიარქობიდან, მონასტერში გამოამწყვდიეს და მის ნაცვლად ეკლესიის მესაჭეობა კვლავ ეგნატეს მიანდეს. მღვდელმთავარ ფოტისის მოქმედების გამოსაძიებლად მოწვეულ კრებას პაპის ლეგატებიც ესწრებოდნენ. მათ შეკრებილებს ხელმოსაწერად წარუდგინეს სიგელები, რომელთა მიხედვითაც მთელი ეკლესია პაპის სამსჯავროს უნდა დაქვემდებარებოდა. აღმოსავლელი ეპისკოპოსები არ დაყვნენ პაპის ნებასა და ლეგატებთან გაცხარებული კამათი წამოიწყეს. კრებაზე გამოძახებულმა ფოტიოსმა დუმილით მოისმინა მისი დაპატიმრების უსამართლო განაჩენი. ბოლო კითხვაზე – ხომ არ მოინანიებდა წმიდა ფოტიოსი მის დანაშაულს, მღვდელმთავარმა უპასუხა: „იქნებ თქვენ გადაიფიქროთო რამე”.

შემდგომ მოვლენები ისე წარიმართა, რომ ბულგარეთიდან განდევნეს ლათინი ღვთისმსახურები და პატრიარქმა ეგნატემ ისევ თავისი ეპისკოპოსები გაგზავნა ქვეყანაში. 879 წელს, პატრიარქ ეგნატეს გარდაცვალების შემდეგ, მოწვეულ იქნა კრება, რომელმაც კვლავ ცნო ფოტიოსი კანონიერ მწყემსმთავრად.

იმპერატორ ბასილის მემკვიდრის, ლეონის დროს მღვდელმთავარ ფოტიოსს მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა დასდეს ბრალად და 886 წელს კათედრიდან გადააყენეს. წმიდა მამა არმონიის მონასტერში გამოამწყვდიეს, სადაც დაასრულა კიდეც თავისი მრავალტანჯული სიცოცხლე.

მართლმადიდებელი ეკლესია თაყვანს სცემს წმიდა პატრიარქს ფოტიოსს, როგორც პაპის თვითნებობისაგან აღმოსავლეთის ეკლესიის მხურვალე დამცველს, როგორც ღრმად განსწავლულ ღვთისმეტყველს, რომელმაც დაგვიტოვა მრავალი ნაშრომი ლათინთა ცდომისა თუ სხვა ერესების სამხილებლად, წმიდა წერილის განსამარტავად და სხვა სარწმუნოებრივი საკითხების გასარკვევად.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ

კომენტარები