წმინდა ელენე დედოფალი, მოციქულთასწორი – იერუსალიმში ყოფნისას წმ. ელენემ მრავალი ტაძარი ააგო, მათ შორის, უფლის საფლავზე

ელენე დედოფალი იმპერატორ კონსტანტინე I დიდის დედა იყო. წმინდა ელენე წარმოშობით ბითვინიელი იყო.  ცოლად გაჰყვა რომის იმპერატორის დასავლეთის თანამმართველს კონსტანცი ქლორუსს. შეეძინა ვაჟი – კონსტანტინე.

ელენე დედოფლის სახელს უკავშირდება პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის მოპოვება, რომლის შემდეგაც დაწესდა ჯვართამაღლების დღესასწაული. ამ უდიდესი სიწმინდის ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. კონსტანტინე დიდმა განიზრახა, მოეძიებინა იგი. დედამისი, უკვე ოთხმოც წელს მიტანებული ელენე დედოფალი, იერუსალიმში გაგზავნა ამ დავალებით. ღვთივსათნო საქმის აღსრულებას მრავალი დაბრკოლება შეხვდა. საბოლოოდ, წმინდა ელენეს ლოცვითა და დიდი მონდომებით, უფლის ჯვარს მიაგნეს. დედოფალმა იგი კონსტანტინეპოლში ჩამოაბრძანა. იერუსალიმში ყოფნისას წმ. ელენემ მრავალი ტაძარი ააგო, მათ შორის, უფლის საფლავზე, სადაც აღდგომის წინა დღეს, ყოველ დიდ შაბათს უდიდესი სასწაული აღესრულება – ზეციდან გარდამოდის სასწაულთმოქმედი და მადლმოსილი ცეცხლი. სიცოცხლის ბოლო წლებში ელენე დედოფალი მონაზვნად აღიკვეცა და საკმაოდ ხანდაზმული გარდაიცვალა 327 წელს. ეკლესიის წინაშე უდიდესი დამსახურებისა და პატიოსანი ჯვრის მოპოვებისათვის ელენე დედოფალს წმინდა ეკლესიამ მოციქულთასწორი უწოდა.

ტროპარი

მოციქულთა სწორთა კონსტანტინე მეფისა (†327) და დედისა მისისა ელენე დედოფლისა (†327)

ჯუარისა შენისა სახე ცათა შინა იხილა და, ვითარცა პავლე, წოდებაჲ არა კაცთაგან მიიღო, რომელი იგი მეფეთა შორის მოციქულად შენდა გამოსჩნდა, უფალო, და სამეუფო ქალაქი ჴელთა შენთა შეგვედრა, რომელი აცხოვნებ მარადის მშჳდობით მეოხებითა ღმრთისმშობელისათა შეგჳწყალენ ჩუენ.

 

კონდაკი

კონსტანტინე დღეს დედისა თჳსისა თანა ელენესა პატიოსანი ძელი გამოაჩინეს ყოველთა იუდიანთა მარცხვენელად, ხოლო საჭურველად მტერთა ზედა მორწმუნეთა და ჩუენდა გამოსჩნდა სასწაული დიდი, და ბრძოლათა შინა სიქადული.

კომენტარები