წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა – უფალმა მოგვმადლოს სიყვარული იოანე მოციქულისა, უფალმა მოგვმადლოს სიბრძნე და ერთგულება იოანე მახარებლისა

21 მაისს, სიყვარულის დღეა, რადგან სიყვარულის მქადაგებელი მოციქულის – წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოციქულის იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.

წმინდა იოანე ღვთისმეტყველი წინდა მოციქულის იაკობის ძმა იყო. იგი იაკობ და პეტრე მოციქულებთან ერთად უფლის ერთ-ერთი ერთგული მოწაფე გახდა. ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა სწორედ წმინდა იოანე ღვთისმეტყველს მიანდო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ზრუნვა. თავად ღვთისმშობელსაც მოციქულის სახით სამყაროზე ზრუნვა ჩააბარა.

უფლის სიტყვა წმინდა მახარებელმა იერუსალიმში, სამარიაში, ეფესოსა და კუნძულ პატმოსზე იქადაგა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა მოციქულთაგან ყველაზე მეტხანს იცოცხლა და ღრმად მოხუცი მშვიდად მიიცვალა. მის მიერ სულიწმინდის მადლით დაიწერა ოთხთაგან ერთ-ერთი სახარება და საიდუმლო გამოცხადებები. მათ შორის ეკლესიისა და სამყაროს მომავალსა და დასასრულზე.

როდესაც უფალმა მოწაფეებს უთხრა, მივდივარ იერუსალიმში, სადაც ტანჯვა და წამება მელოდება, იოანე ბავშვური გულწრფელობით დანაღვლიანებული შეეხვეწა, რომ არ წასულიყო იქ.

წმინდა იოანე არის აგრეთვე ერთგულების, სიმამაცის მოციქული, ჯვარცმისას უფალი ყველამ მიატოვა, ყველა განუდგა, მაგრამ წმინდა იოანე იდგა ცრემლმორეული, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელთან ერთად, ჯვართან და უფლის ტკივილს იზიარებდა. უფალმა მას უდიდესი პატივი არგუნა – ჩააბარა თავისი საყვარელი დედა, მანაც ჯვარცმის შემდეგ შინ – სიონში წაიყვანა და არ განშორებია არასდროს წმინდა ქალწულს.

მოციქულთაგან ყველაზე დიდხანს იცოცხლა, სიკვდილის წინ, ღრმა მოხუცებულობაში, როდესაც სიარული აღარ შეეძლო, თავისი მოწაფეები საკაცით დაატარებნენ და იოანე ყველას მხოლოდ უფლის სიყვარულზე უქადაგებდა.

მისი დაწერილი სახარება ყველაზე სრულყოფილად გადმოგვცემს უფლის ცხოვრებას, უფლის სიდიადეს, მის ღვთაებრიობას. სიკვდილის წინ მოწაფეებს ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს. რამდენიმე დღის შედმეგ, როდესაც გათხარეს მისი საფლავი, იქ აღარ იყო მისი სხეული, არამედ დედაღვთისმშობლის მსგავსად ხორცით აღვიდა ზეცაში.

ლოცვა

„ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი ღვთისმეტყველო იოანე, მეოხ-გვეყავნ ჩუენ.”

უფალმა მოგვმადლოს სიყვარული იოანე მოციქულისა, უფალმა მოგვმადლოს სიბრძნე და ერთგულება იოანე მახარებლისა.

კომენტარები