წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 11 ივლისს მოიხსენიებს ღირსს პავლე მკურნალს

ღირსი პავლე მკურნალი ქალაქ კორინთოში დაიბადა. იგი სიჭაბუკეშივე აღიკვეცა ბერად და დაუცხრომელი ღვაწლით დიდი სულიერი გამოცდილება შეიძინა.

ერთხელ ღირს მამას, შურით აღბორგებული დემონის შეგონებით, ქალმა ცილი დასწამა. მან მონასტერში ახალშობილი ყრმა მოიყვანა და განაცხადა, იგი პავლე მონაზვნისაგან შემეძინაო. ბერმა თავმდაბლობით დაითმინა ცილისწამება, თავი არ იმართლა და საკუთარ ძედ მიიღო ჩვილი. როცა წმიდანს ყვედრება დაუწყეს მონაზვნური აღთქმის დარღვევის გამო, მან თქვა: „ძმებო, თავად ბავშვს ვკითხოთ, ვინ არის მამამისი!“ ახალშობილმა მჭედლისკენ გაიშვირა ხელი და წარმოსთქვა: „ესაა მამაჩემი და არა პავლე მონაზონი!“ სასწაულის მხილველებმა თაყვანი სცეს და პატიება სთხოვეს მოსაგრეს. ამ დროიდან მოყოლებული ღირსმა პავლემ სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიიღო, ამიტომაც უწოდეს მას მკურნალი. წმიდანი 70 წელს იყო გადაცილებული, როცა გარდაიცვალა.

კომენტარები