წმინდა შიო მრავალ სასწაულს ახდენდა. ერთხელ მონასტრის სახედრებს მგელი შემოეჩვია

წმინდა შიო მღვიმელი.

წმინდა შიო მრავალ სასწაულს ახდენდა. ერთხელ მონასტრის სახედრებს მგელი შემოეჩვია და ბევრი დაგლიჯა. როცა ეს ამბავი წმინდა შიომ გაიგო, ილოცა და უფლისაგან ითხოვა, ეს მგელი სახედრების მწყემსად ქცეულიყო; ასეც მოხდა – ამის შემდეგ მგელი ერთგულად მწყემსავდა სახედრებს.

ერთხელ წმინდა იოანე ზედაზნელმა იხმო თავისი მოწაფეები და სთხოვა მათ, ეჩვენებინათ, თუ სულიერების რა საზომს მიაღწიეს. წმინდა შიომ ხელისგულზე დაიდო ნაკვერჩხალი და საკმეველი დააყარა. სასწაულის მხილველი ხალხი გაკვირვებული ადიდებდა უფალს.

ბოლოს წმინდა შიომ თავისი სულიერი მამის, იოანე ზედაზნელისა და საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით, შეკრიბა მოწაფეები, მისცა მათ წესი, დაუნიშნა წინამძღვრად ღირსი ევაგრე და თავის მიერვე გათხრილ მღვიმეში განმარტოვდა.

ქრისტეს სიყვარულისათვის ცოცხლად დამარხული ღირსი შიო თხუთმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მღვიმეში მარხვითა და ლოცვით. ბოლოს, ღვთისაგან სიკვდილის მოახლოების გამოცხადების შემდეგ, მიიღო წმინდა ზიარება, ხელები აღაპყრო და მშვიდად ჩააბარა უფალს სული სიტყვებით: „ჰოი, უფალო! ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“.

სპარსელების ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბასის მხედრებმა შიო მღვიმელის წმინდა ძვლები ირანში წაიღეს. იმ წელს სპარსეთი საშინელმა ჭირმა მოსრა. შეშინებულმა სპარსელებმა ამის მიზეზად წმინდა შიოს ნაწილებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება მიიჩნიეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნეს.

კომენტარები