წყალზე მოტივტივე სახლის დიზაინი შექმნეს

იაპონურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ –  Sony ახალი პროექტის, “One Day, 2050”-ის ფარგლებში წყალზე მოტივტივე სახლის დიზაინი შექმნა. კომპანია Sony- ის წარმომადგენლების განცხადებით, არ გამორიცხავენ, რომ 2050 წლისთვის ტოკიოს მცხოვრებლები სწორედ ასეთ კაფსულებში გადასახლდნენ.

ფუტურისტულ სახლებს ორმაგი სტრუქტურა ექნებათ, რომლის დახმარებითაც ისინი შტორმებს უვნებლად გადაურჩებიან.კაფსულების კორპუსი წყალგაუმტარი მასალით დამზადდება, ტალღებთან გამკლავებასა და რყევის შემცირებას უზრუნველყოფს. სახლის ინტერიერში საცხოვრებელი სივრცეები მოეწყობა.სახლი სამსართულიანი იქნება. მისი ნაწილი – წყალქვეშ, ნაწილი წყლის ზემოთ მოექცევა. სახლის ყველა სართული ერთმანეთს კიბეებით დაუკავშირდება. საცხოვრებელი კაფსულები გადაადგილებას წყლის ნაკადის დახმარებით შეძლებენ. სახურავზე მზის პანელები დამონტაჟდება, სახლები განახლებადი ენერგიით მომარაგდება. კაფსულები სპეციალური ფილტრების მეშვეობით მათ გარშემო, გარკვეულ რადიუსში არსებული წყლის გასუფთავებას შეძლებენ.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ყინულის საფარის დნობის გამო მსოფლიოში ზღვის დონე უფრო და უფრო იმატებს. ბოლო ინფორმაციით, 1880 წლიდან დღემდე მსოფლიოში ზღვის დონემ დაახლოებით 21-24 სანტიმეტრით მოიმატა. მისი ყოველწლიური ზრდის ტენდენცია უცვლელია. განსაკუთრებული საფრთხე ოკეანეებისა და ზღვების სანაპიროებთან გაშენებულ დასახლებულ პუნქტებს ემუქრებათ. ერთ-ერთი ასეთი იაპონიის დედაქალაქი ტოკიოა.

კომენტარები