ხათუნა საგინაშვილი: ათონის მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ სასწაულთმოქმედი, “წინასწარმეტყველი” კანდელი ამოძრავდა!

ეს საოცარი კანდელი მსოფლიო კატაკლიზმების მაუწყებელია – განსაკუთრებული მოვლენების წინ ღვთისმსახურებაზე ის თავისით იწყებს მოძრაობას. ამჯერად შესაძლოა, ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი კაცობრიობას განსაკუთრებული გლობალური საფრთხის შესახებ აფრთხილებდეს! – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი  მართლმადიდებლური ჟურნალ „ქვაკუთხედის“ რედაქტორმა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, ხათუნა საგინაშვილმა:

– უფალი სამყაროს შემოქმედია და მისთვის შეუძლებელი არაფერია. კაცობრიობას მრავალი სასწაული უნახავს და სმენია. სასწაულები უხვად ხდებოდა ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაში, უფალს ირაციონალური სასწაულები მოუხდენია: დაბადებიდან ბრმისთვის თვალი აუხელია და მიცვალებულიც კი აღუდგენია! სასწაულები ხდებოდა ძველ აღთქმაშიც – ღვთის რჩეულები ბერწი მშობლებისგან იბადებოდნენ! ასაკს გადაცილებულები იყვნენ იოაკიმე და ანა, როცა მარიამ ღვთისმშობელი ეყოლათ; ასევე, ელისაბედ და ზაქარია, როდესაც იოანე ნათლისმცემელი გაუჩნდათ. ისააკის დაბადების მომენტში მისი დედა სარა – 90 წლის იყო, ხოლო მამა – აბრაამი – 100 წელს გადაცილებული. სასწაული იმიტომაც არის სასწაული, რომ მატერიალურ კანონებზე აღმატებულია, მატერიის კანონებით ვერ აიხსნება მოვლენის არსი, რომელშიც ღმერთი ერევა და კაცობრიობას შეახსენებს, რომ ფიზიკის მიღმა არსებობს ღვთაებრივი, სულიერი კანონებიც! სულიერი კანონები ფიზიკის ფარგლებში რომ მოექცეს, ადამიანები ღვთის ხელს ვეღარ იგრძნობდნენ. სასწაულს ის დანიშნულება აქვს, რომ ადამიანებს მათ მიერ მივიწყებული ღმერთის არსებობა შეახსენოს, ამიტომ ხანგამოშვებით, უფალი ხილულ სასწაულებს უჩვენებს ადამიანებს, მაგრამ იმასაც გვეუბნება, რომ „სასწაულს ურწმუნო მოდგმა ეძიება“ და ჭეშმარიტად მორწმუნეს ხილული სასწაულები არ სჭირდება. ყველაზე დიდი სასწაული, რაც მართლმადიდებელ ეკლესიაში მისი დასაბამიდან ხდება, არის ადამიანის ის ფერისცვალება და ტრანსფორმაცია, რამაც მრუში და ავაზაკი მყისიერად შეიძლება, წმიდანად აქციოს!

 – ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის წინ კანდელის ამოძრავება ირაციონალური სასწაულია? იქნებ, ამოძრავება ნიავმა ან ლოცვის დროს ჰაერის ვიბრაციამ გამოიწვია?

– ათონის ივერონის მონასტერში ღვთისმშობლის კარიბჭის ხატის წინ სასწაულთმოქმედი კანდელი რამდენიმე კვირის წინ ამოძრავდა. აღსანიშნავია, რომ რხევას ეპიზოდური ხასიათი კი არ აქვს, არამედ, დღემდე გაუჩერებლად მოძრაობს, როგორც ჩვეულებრივ, ასევე სადღესასწაულო დღეებში. მეცნიერები ვერ ხსნიან ამ მოვლენას! გასაოცარი ის არის, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინ თაროზე ათობით კანდელია დაკიდებული. ნიავს ან ჰაერის ვიბრაციას სხვა კანდელებიც ხომ უნდა აემოძრავებინა?! არადა, მათ შორის მოძრაობს მხოლოდ ეს ერთადერთი!  ეს სასწაულთმოქმედი კანდელი საკმაოდ ხანდაზმულია, ანაზდეულად, ყოველგვარი ფიზიკური ზემოქმედების გარეშე ადრეც მრავალჯერ ამოძრავებულა და ამ მოვლენას ათონის მთაზე ან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მასშტაბური ტრაგედია და ბუნების კატაკლიზმი მოყოლია. ასე მოხდა მაგალითად, თურქების კვიპროსზე შეჭრის, სპიტაკში მიწისძვრის, ამერიკა-ერაყის ომის წინ…

 

 – მხოლოდ ტრაგიკულ მოვლენას იუწყება, თუ, სიხარულსაც წინასწარმეტყველებს?

– ძირითადად, კატაკლიზმების ან გლობალური სამხედრო კონფლიქტების წინ ტოკავს. სხვადასხვაგვარად – ხან წრიულად, ხან ჰორიზონტალურად მოძრაობს. განსაკუთრებული კატაკლიზმების წინ კანდელს ისეთი რხევებიც ჰქონია, რომ შიგთავსიდან ზეთი იქცეოდა! უკვე იმხელა გამოცდილება დაგროვდა, ბერებს აღარ უკვირთ, როცა სასწაუთმოქმედი კანდელის ამოძრავებას სისხლისღვრა ან ეპიდემია მოყვება. ტაძარი ღვთიმშობლის მიძინების (სიონის) სახელობისაა, ბერები თვლიან, რომ სადღესასწაულო დღეებში კანდელის მოძრაობა იქ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უხილავად ყოფნას ადასტურებს, ხოლო სადაგ დღეებში კანდელის შერხევით იძლევა ნიშანს და კაცობრიობას განსაცდელის შესახებ აფრთხილებს, სინანულისკენ, რწმენისკენ და ლოცვის გასაძლიერებლად მოუწოდებს!

 – სასწაულთმოქმედ კანდელს დღესასწაულებზე ანთებენ?

– არა, ის მუდმივად ანთია, ჩაუქრობელია. მის მახლობლად მუდმივად მორიგეობენ ბერები და ზეთს ამატებენ. ერთხელ იყო შემთხვევა, როცა მორიგეს ჩაეძინა. მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ კანდელი ქრებოდა და შეევსო. მოძღვრები გვასწავლიან, რომ კარგია, თუ ჩაუქრობელი კანდელი თითოეულ მორწმუნეს სახლშიც ექნება. კანდელის ნათელი არის სიმბოლო ზეციური ნათლისა. რამდენადაც სასუფეველში მყოფი წმინდანები ზეციური ნათლით არიან მოსილნი, მათ ხატებასაც, აქ, დედამიწაზე – მუდამ ნივთიერი ნათელი უნდა ეფინებოდეს, როგორც ზეციური მუდმივი ნათლის სიმბოლო.

 – გვსმენია წინასწარმეტყველება, რომ ანტიქრისტეს გამეფების წინ ათონის მთა მიწისძვრის შედეგად ზღვაში ჩაიძირება, ხოლო კარიბჭის ხატი ზღვით გამოემართება საქართველოსკენ… კანდელის რხევა ამ ჟამის დადგომაზე ხომ არ მიგვანიშნებს?

– მახსენდება ათონის მთაზე ჩვენი პატრიარქის სტუმრობა, როცა ორსაათიანი მუხლმოდრეკილი ლოცვის შემდეგ მან გააჟღერა, რომ „ჩემი გულისხმით, ყოვლადწმიდა ხატი ძალიან მალე წამოვა საქართველოსკენო.“ მსოფლიოში უკვე ძალიან ბევრი ნიშანი მოწმობს ანტირქრისტეს გამეფების ჟამის სიახლოვეს, უმთავრესი მათ შორის – კაცობრიობის ზნეობრივად დაცემაა. ათონის მთაზე მომლოცველებისგან მოდის ინფორმაციები, რომ რამდენჯერმე ბერებს ეზმანათ ზღვაზე ფეხზე მდგარი პორტაიტის ხატი და მიიჩნიეს, რომ ის უკვე ძალიან მალე დატოვებს ათონის მთას… ბერძენი ბერები გამუდმებით მორიგეობენ ივერიის ღვთისმშობლის ხატთან. ათონის ივერთა მონასტერი პლანეტაზე ერთ-ერთი უდიდესი მონასტერია, ხოლო პორტაიტის ხატი კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიწმინდეა და რამხელა სიხარულით და პასუხისმგებლობით უნდა გვავსებდეს ეს ქართველებს… ათონის მთიდან ამ ხატის წამობრძანება იქნება მთავარი ნიშანი იმისა, რომ კაცობრიობა აპოკალიფსის ფინალურ ფაზაში შევიდა.

ხათუნა საგინაშვილი

 – სხვა რომელ ნიშნებს დაასახელებთ?

– 2019 წლის შემოდგომაზე მე გამოვაქვეყნე დიდი მამის, ამერიკაში მოღვაწე და იქ რამდენიმე სამონასტრო კომპლექსის დამაარსებელი ეფრემ არიზონელის წინასწარმეტყველება. მან თქვა, რომ ახალ წლამდე გარდაიცვლებოდა, ხოლო გარდაცვალებიდან მალე დაიწყებოდა ისეთი ომი, რომელიც კაცობრიობას მანამდე არ უნახავს… ეფრემ არიზონელი მართლაც გარდაიცვალა 8 დეკემბერს და მორწმუნე საზოგადოება ომს ელოდა, რომელიც პაისი ათონელის წინასწარმეტყველების თანახმად, რუსეთსა და თურქეთს შორის უნდა დაწყებულიყო… თუმცა ომის ნაცვლად საზოგადოებამ კოვიდის პანდემია მიიღო. როგორც ჩანს, ეფრემ არიზონელმა იწინასწარმეტყველა კაცობრიობის წინააღმდეგ ომი ბიოლოგიური იარაღით! მართლაც, დღითიდღე მყარდება ვარაუდი, რომ კოვიდის ვირუსი, როგორც ბიოლოგიური იარაღი – პლანეტის მოსახლეობის შემცირების მიზნით შეიქმნა და ამ გამოუცხადებელმა, ბიოლოგიურმა ომმა ქალაქები ჩაკეტა, მასობრივი ლოკდაუნი გამოიწვია! იმავე პერიოდში ხილვა ჰქონდა ჩვენს პატრიარქსაც, რომლის თანახმადაც, შველას ითხოვდნენ სახლებში გამოკეტილი ადამიანები! ჩვენს თვალწინ ეს წინასწარმეტყველებები ზედმიწევნით ახდა! უფრო ადრე ვირუსთან დაკავშირებით იწინასწარმეტყველეს პაისი ათონელმა და ჩვენმა მამა გაბრიელმაც, რომელთა თანახმად, ეშმაკის დამღით საყოველთაო აღბეჭდვას ვაქცინაციის მოტივით შემოგვაპარებენ! დიახ, ჩვენ მოცემულ მომენტში უკვე ვიმყოფებით აპოსტასიის ფაზაში და ათონის ივერთა მონასტერში სასწაულთმოქმედი კანდელის ამოძრავებაც სწორედ ამაზე მიგვანიშნებს!

 – სად არის ხსნა?

– ხსნა მართლმადიდებელ სარწმუნოებაშია! გადარჩება ის, ვინც ფორმალურად კი არა, გულწრფელად მიეწებება ეკლესიას, ჩაერთვება მისი ცხოვრების რიტმში, მონაწილეობას მიიღებს ეკლესიის საიდუმლოებებში და ქრისტიანულ სიფხიზლეს გამოიჩენს. სიცოცხლე როგორც ადრე გადარჩა ნოეს კიდობანში, ამჯერად კაცობრიობა ეკლესიის სულიერ კიდობანში უნდა გადარჩეს, ხოლო ვინც ეკლესიას დაშორდება, ის აუცილებლად დაიღუპება, რადგან ჩვემს თვალწინ ხდება კიდევ ერთი სასწაული – საზოგადოების ნაწილი იმდენად დაეცა, რომ მოვლენების ადეკვატური აღარ არის, თეთრის და შავის, ზნეობის და უზნეობის ერთმანეთისგან გარჩევა უჭირს, რაც ღვთიური მადლის დეფიციტზე მიანიშნებს. დადგება მომენტი, როცა გონებადაბნელებულ ადამიანებს პირდაპირ ეტყვიან – აი, ეს არის ანტიქრისტეს ბეჭედი, რომლის მიღება წარწყმედას გამოიწვევს! – მაგრამ მადლის დეფიციტის გამო იმდენად გადაგვარებულები იქნებიან, სასაცილოდ არ ეყოფათ უკანასკნელი შეგონება და ანტიქრისტეს მითითებებს გაყვებიან! ჭეშმარიტებას მხოლოდ საზოგადოების ის ნაწილი უერთგულებს, ვინც ეკლესიის წიაღში მიიღებს ბოროტის კეთილისგან გარჩევის მადლს და შესაბამისად იმოქმედებს!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები