ხათუნა საგინაშვილი: ამ პირობით ევროკავშირში შესვლამ შეიძლება საქართველოს უკრაინაზე უფრო დიდი სასჯელი დაატეხოს!

 – “მორწმუნე ადამიანებს მამათმავლობის ცოდვასთან დაკავშირებით რაიმე ახირება კი არ გვაქვს, არამედ მიზეზთა გამო წინააღმდეგნი ვართ, რათა სახელმწიფომ ამ გახრწნილების დაკანონება არ მოახდინოს. ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის, რომ ცოდვილი უნდა გვიყვარდეს, თუმცა თავად ცოდვა უნდა იყოს მიუღებელი. მართლმადიდებლობას ვერავინ მიედავება, რომ ტოლერანტული რელიგია არ არის. არც ერთ სხვა რელიგიას არ გააჩნია პოსტულატი „გიყვარდეს მტერი შენი,“ რაც სიყვარულის უზენაეს არსს გვიჩვენებს. სწორედ ამ სიყვარულიდან გამომდინარე გახლავთ პრინციპულად მიუღებელი მამათმავლობის პროპაგანდა და ლეგალიზაცია ღმერთისთვის, რომელმაც სამყარო გარკვეულ სიტემაზე, მორალზე და კანონებზე დაყრდნობით შექმნა. მამათმავლობა ბუნების ამ კანონების წინააღმდეგ გალაშქრებაა, ამიტომაც ეს ცოდვა განსაკუთრებით განარისხებს სამყაროს შემოქმედს!” –  ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, მართლმადიდებლურ-პატრიოტული ჟურნალ „ქვაკუთხედის“ მთავარმა რედაქტორმა,

ხათუნა საგინაშვილმა:

– ღმერთი ქალს – ქალად ქმნის, კაცს – კაცად და არ არის დამოკიდებული პიროვნების არჩევანზე, თავს რად მიიჩნევს. არავის არ აქვს უფლება, სამყაროს შემოქმედს პრეტენზიები წაუყენოს. მე-20 საუკუნის დადგომამდე ღვთის რისხვის შედეგად განადგურებული ბიბლიური ქალაქების, სოდომის და გომორას არსებობა ლეგენდის დონეზე იყო, ვიდრე მეცნიერებმა ამ ქალაქების ნანგრევები მკვდარი ზღვის ფსკერზე გათხრების შედეგად აღმოაჩენდნენ. დიახ, ცოდვილი მოსახლეობა თავის დროზე ზღვამ თავის ფსკერზე მოაქცია, ანუ სოდომის და გომორას გზა – სიკვდილის გზაა! დიახ, უხსოვარი დროიდან უფალი ცოდვილ კაცობრიობას კატაკლიზმების ენით ესაუბრება და გადარჩენის გზებსაც მიანიშნებს! სხვათა შორის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სწორედ ამ უპატიებელ ცოდვაში ჩაფლობამ განაპირობა!

 – სოდომ-გომორასთან უკრაინის მსგავსება რაში გამოიხატება?

– სახეზეა პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. სწორედ ზელენსკის ხელისუფლების პერიოდში მწვანე შუქი აუნთეს სოდომურ გარყვნილებას, ჩაატარეს უკრაინის ტერიტორიაზე მანამდე არნახული, უპრეცედენტო მასშტაბის გეიაღლუმი. იმის მაგივრად, რომ საკუთარ ხალხს ზნეობრივ მაგალითებს აძლევდნენ, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის ხელისუფლების პირველი პირები – ზელენსკი და არესტოვიჩი პირადად მონაწილეობენ სამარცხვინო უზნეო კლიპებში, რაც აშიშვლებს მათ ნამდვილ მსოფლმხედველობრივ სახეს.

ამ ყოველივეს აპროტესტებდნენ საღ პოზიციაზე მყოფი სასულიერო პირები უკრაინაშიც და საქართველოშიც. ჯერ კიდევ მაშინ გამოითქვა ვარაუდი, რომ ასეთი ნაბიჯი უფლის დიდ რისხვას გამოიწვევდა და მართლაც, რამდენიმე წელიწადში უკრაინას დამანგრეველი ომის ქარ-ცეცხლი დაატყდა. ასეთ გარყვნილებაში გადაჭრილი უკრაინის ხელისუფლება ზედმიწევნით ზუსტად ამხილა ზაპოროჟიეს ეპისკოპოსმა ლუკამ, რომელმაც თქვა რომ უკრაინა არის დიდი სიწმინდეების მფლობელი ქვეყანა, თუნდაც, კიევ-პეჩორის ლავრაში არსებული წმინდანთა მირონმდინარე ძვლების გამო… და განაცხადა, რომ უზნეობის შეწყნარების გამო დაისჯება მთელი ქვეყანა, რომელიც ამ სიწმინდეებს დაკარგავს! და მართლაც ასე ხდება! ანალოგიური განაცხადა ახლახან, სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა (აბულაძემ), რომელმაც პირდაპირ მოგვიწოდა, რომ 17 მაისს დავიცვათ სამშობლოს და სახელმწიფოს ზნეობა, სიწმინდე! რადგან ქვეყანა, რომელიც კარგავს სიწმინდეს, ის კარგავს უფლისგან ნაბოძებ წმინდა მიწაზე ცხოვრების უფლებას – ასე მიაჩნია დიდ მღვდელმთავარს! აქ აუცილებლად უნდა გავავლო პარალელი საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს, ამ დამანგრეველ ომში ჩვენი ქვეყანაც არ აღმოჩნდეს ჩართული, მაგრამ ეს პოლიტიკური სიფრთხილეც ვერასოდეს გამოიღებს შედეგს, თუ ხელისუფლება ქვეყნის სოდომიზაციას ხელს შეუწყობს.

 – რაზე მიგვანიშნებთ?

– არაფერია დასამალი – ვგულისხმობ ევროკავშირის მიერ ჩვენი ხელისუფლებისთვის გადმოგზავნილ კითხვარს, რომლის ზოგიერთ მუხლში პირდაპირ არის საუბარი ლგბტ თემის უფლებებთან და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხთან ხელისუფლების დამოკიდებულებაზე! ქართველმა ერმა უნდა იცოდეს, მისი სახელით ხელისუფლებამ როგორი პასუხები გაუგზავნა ევროკავშირს! დიახ, საქართველოს ომში ჩაბმის საწინააღმდეგოდ მიღებული პოლიტიკური პრევენციული ზომები საქმეს ვერ უშველის, თუ ხელისუფლება მორალური ასპექტით შეცდომებს დაუშვებს! ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ღვთის წინაშე ზნეობრივად რამდენად პირნათელი დარჩება ხელისუფლება, რადგან თუ ჩვენ ევროკავშირში მიღებას სახელმწიფოს სოდომიზაციაზე თანხმობის სანაცვლოდ გვთავაზობენ, სასიხარულო არაფერი გვაქვს, რადგან ამ პირობით ევროკავშირში შესვლამ შეიძლება საქართველოს ღმერთისგან მოვლენილი, უკრაინაზე უფრო დიდი სასჯელი დაატეხოს! ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხზე ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ხალხსაც დაეკითხოს და საბოლოო პასუხი – უღირს თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ ევროკავშირში გაერთიანება –  ამომრჩეველს მიანდოს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თუნდაც რეფერენდუმის გზით გამოხატავს საკუთარ ნებას! ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქართველ ხალხს საუკუნეების განმავლობაში აქვს გაცხადებული თავისი ფასეულობები, რომლებიც დაფუძნებულია ქრისტიანულ მორალზე, ამიტომ, დროებით ჩინოვნიკებს უფლება არ აქვთ, ერთპიროვნულად გადაწყვიტონ ჩვენი ქვეყნის მენტალური არჩევანის საკითხი!

 – განა რა შეიძლება მივიღოთ ევროკავშირისგან, მორალის დათმობის სანაცვლოდ?

– ევროკავშირის ღირებულებების შესახებ ყველაზე ზუსტად თქვა ნიცშემ, ზარატუშტრას პირით: – „ღმერთი მოკვდა!“ ეს ნიშნავდა, რომ წარსულს ჩაბარდა მორალურ-ზნეობრივი ფასეულობები, რასაც ღმერთი ითხოვს ადამის მოდგმისგან. ღმერთი „მოკვდა“ ევროპელი საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, მაგრამ ევროპელთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ტყვეობაში იმყოფება უმცირესობის წინაშე, რომლებმაც  ნამდვილი ფასეულობები, რაც მართლმადიდებელ სარწმუნოებაშია შემორჩენილი, ჩაანაცვლეს ცრუ მორალით და იდეალებით. რომლებმაც შემწყნარებლობის მომიზეზებით გააფეტიშეს რა, სოდომური ცოდვა, ეს პროპაგანდა ჰუმანიზმის გამოვლინებად მონათლეს! ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებიც სულიერად ავად არიან, იმის ნაცვლად, გადარჩენისკენ და ღმერთთან შერიგებისკენ მოუწოდებდე, მათ ჭაობში კიდევ უფრო ღრმად ჩაფლობას ხელს უწყობდე! აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დაცემული ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე „ყველაფრის უფლების“ გაფეტიშება მოდის ცნობილი სატანისტების – ალბერტ პაიკისა და ალისტერ კროულისგან, ამდენად, მამათმავლობის პროპაგანდისთვის სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და „უმცირესობის უფლებების“ დაცვით აპელირება სატანიზმს უტოლდება! ცოდვაში ჩაფლულ ადამიანს სახელმწიფომ დაღუპვისკენ კი არ უნდა უბიძგოს… არამედ სასიკვდილო ჭაობიდან ამოიყვანოს, სწორ გზაზე დააყენოს და გადაარჩინოს!

 – აქამდე დემოკრატია ეწოდებოდა უმცირესობასთან მიმართებაში უმრავლესობის ნების უპირატესობას. როცა უმცირესობა თავის ნებას ახვევს უმრავლესობას – ეს სადაური დემოკრატიაა?

– დიახ, დღითიდღე ჩვენ მოწმენი ვხდებით საზოგადოების კონსერვატიულად და ზნეობრივად განწყობილ უმრავლესობაზე – უმცირესობის დიქტატის დამყარებისა. ამჟამად დემოკრატიის ეგიდით უმრავლესობისგან მოითხოვენ, აიტანოს ზნეობრივად დეგრადირებული აბსოლუტური უმცირესობის პარპაში, მათ მიერ შიშველი შიშველი სხეულების და მამათმავლური ავხორცული ალერსის საჯაროდ გამოვლენა და გვაიძულონ, ჩვენი პირადი ნება დავთრგუნოთ, დავუშვათ რომ მომავალი თაობა ასეთი გარყვნილების ცქერაში გაიზარდოს! ეს აღარ არის დემოკრატია! ეს უკვე ფაშიზმია! რამდენიმე წლის წინ ასეთ ფაშიზმთან დასაპირისპირებლად საარაკო საშუალება გამოძებნა ჩვენმა პატრიარქმა, რომელმაც 17 მაისს დანიშნულება სიკეთისკენ შეუცვალა, სოდომური ზეიმი გადაფარა და ეს დღე „ოჯახის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა! სწორედ მისი დამსახურებაა, რომ საქართველოში ლგბტ აღლუმი არ შედგა! მართალია, მათი წამხალისებელი ორგანიზაციები ფარ-ხმალს არ ყრიან, თუნდაც მარტო იმ მიზნით, რომ უცხოელი პატრონებისგან მატერიალური მხარდაჭერა გაიგრძელონ, მაგრამ ფაქტია, რომ მასშტაბურ ღონისძიებებს ვერ ატარებენ და მხოლოდ ლოკალური და სიმბოლური მცირე თავყრილობებით იფარგლებიან! უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ლგბტ პროპაგანდა დამარცხდა!

 – ქალბატონო ხათუნა, რით ახსნით, რომ რამდენიმე ეპისკოპოსი თავგამოდებით მოითხოვს პატიმარი სააკაშვილის ევროპაში სამკურნალოდ გაშვებას?

– სამწუხაროდ, ამ ეპისკოპოსებს ავიწყდებათ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაწამები და მოკლული ადამიანები, რომელთა საქომაგოდ თავის დროზე სიტყვაც არ დაუძრავთ! ასეთი ეპისკოპოსები პირველ რიგში, საზოგადოების წინაშე საკუთარი პერსონის მიმართ აღძრავენ კითხვის ნიშნებს, რატომ დგანან სისტემატიურად არასწორ და არაზნეობრივ მხარეს, მავანისგან ხომ არ არიან გამოჭერილი საზარელი კომპრომატებით? ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო სხვა პატიმრებისგან სააკაშვილის გამორჩევას, რომლებიც სააკაშვილის დროსაც და ახლაც იტანჯებოდნენ და იტანჯებიან სხვადასხვა დაავადებით. ისინი ქრისტიანული სარწმუნოების პროფანაციას ეწევიან, ვინაიდან ქრისტიანული მიტევების და შემწყნარებლობის მთავარი წინაპირობა – სინანულია! არადა, საზოგადოებას ჯერ არ უნახავს, რომ ამდენი ადამიანის გამაუბედურებელი და მკვლელი რეჟიმის წინამძღოლი რაიმეს ნანობდეს! ამ ეპისკოპოსებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი უნდა იქნეს შეწყნარებული, რადგან სახელმწიფოში პირველი პირი ბრძანდებოდა, ანუ თანამდებობა ინდულგენციად მიაჩნიათ, რაც პაპისტურ ცოდვაში მათ ყოფნაზე მიანიშნებს და ვარაუდის საფუძველს ტოვებს, რომ სააკაშვილის ქომაგობის მატერიალურ საზღაურსაც შეიძლება იღებდნენ. არადა, მისჯილი 6 წლიანი სასჯელი არ არის ადეკვატური, სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებისა! უამრავი დანაშაულის გამო მისთვის ხომ ჯერ ბრალიც არ წაუყენებიათ და გაურკვეველია, რის საფუძველზე ითხოვენ ეს ეპისკოპოსები სააკაშვილის მდგომარეობის შემსუბუქებას? დაე, ნუ აღიზიანებენ საზოგადოებას და ნუ ახდენენ ქრისტიანობის პროფანაციას, თორემ მოღვაწეობას დაასრულებენ იმგვარად, როგორც წმიდა წერილში წერია – ვაი მათ, ვინც ნათელს – ბნელად, ხოლო ბნელს-ნათელად შერაცხავს!

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

კომენტარები