ხევსური დასტაქარი, მგელიკა ლიქოკელი თავის ქალის ოპერაციებს ანესთეზიის გარეშე აკეთებდა!

– “მგელიკა ლიქოკელი – ხევსური დასტაქარი, რომელსაც გრიგოლ რობაქიძე ჯადოსანს (მისტიური რომანი “ენგადი”,1932 წელი) უწოდებდა. მგელიკა ხევსურეთში 1870-1930 წლებში ექიმობდა. ქართული მედიცინის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მგელიკა ლიქოკელი თავის ქალის ოპერაციებს ანესთეზიის გარეშე აკეთებდა, ვინმეს დახმარების გარეშე და ოთხ საათში ამთავრებდა პაციენტის თავის ქალის ტრეპანაციას.მას ოპერაცია გაუკეთებია მკერდის არეში ძვლის ტუბერკულოზით დაავადებული ქალისთვის, 7 ნეკნი ამოუჭრია და ის სრულიად ჯანმრთელია, აგრეთვე მუცლისა და გულმკერდის არეში ტყვიით დაჭრილი ბევრი განუკურნავს.

მგელიკა ლიქოკელი

მგელიკა სახელგანთქმულ მამამისს ეხმარებოდა ექიმობაში და შემდეგ თვითონაც ექიმობა აურჩევია. ხევსურ ექიმთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დასტაქრის, მგელიკა ლიქოკელის შესახებ დაწვრილებითი მონაცემები აქვს გამოქვეყნებული ექიმ გიორგი თედორაძეს თავის წიგნში „ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში“. გიორგი თედორაძე ხევსურეთში სამუშაოდ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მიუვლენიათ. მაღალმთიან ხევსურეთში დასტაქრობის ტრადიცია ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი. ეს მხარე თითქმის მთელი წლის განმავლობაში მოწყვეტილი იყო დანარჩენ საქართველოს, ზვავების და უგზოობის გამო. როცა თედორაძე მგელიკას შეხვდა, ლიქოკელი უკვე 83 წლის იყო და მაშინაც მეტად რთულ ოპერაციებს აკეთებდა. გიორგი თედორაძე გაოცებულა ლიქოკელის ღრმა, თავისებური ცოდნით. მაგალითად, ავადმყოფ ბიძურა არაბულს, თავის ქალის მძიმე დაზიანების გამო მოძრაობის უნარი დაკარგული ჰქონდა, კიდურები დადამბლავებული. გიორგი თედორაძეს იგი თბილისის ნეიროქირურგიულ საავადმყოფოში გაუწერია. რამდენიმე ხნის შემდეგ ავადმყოფს შემთხვევით შეხვედრია და გაკვირვებული დარჩენილა, ასეთი ტრავმის შემდეგ მორჩენილი რომ უნახავს. გამოურკვევია, რომ არაბული თბილისში კი არ წასულა, მისთვის ოპერაცია მგელიკას გაუკეთებია. მგელიკა ლიქოკელი ოპერაციებს ფოლადისგან და ძვლისგან დამზადებული ხელნაკეთი ინსტრუმენტებით აკეთებდა. ამ ნივთებსაც თავად ამზადებდა და რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც შემორჩა, კორშას მუზეუმშია დაცული.”

წერს ზურაბ გეგეშიძე. 

წყარო: https://www.facebook.com/groups/246097303270993/posts/568518344362219/

კომენტარები