ხევში გადავარდნილი სატვიროთო ავტომობილის ამოსაყვანად თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაიკეტება

დღეს დილის 06:00 საათიდან  ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გადაიკეტება, სოფელი ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიიდან ომალომდე. ნათქვამია  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

გზის გადაკეტვა აუცილებელია სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად.  ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა იგეგმება ხევში გადავარდნილი სატვიროთო ავტომობილის ამოსაყვანად.

„მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საძიებო-სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან  სამი ხევიდან  უვნებლად ამოიყვანეს. ისინი სამედიცინო ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაშველებმა შეძლეს ექვსი ადამიანის ცხედარის პოვნა და ხევიდან ამოყვანა. დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

კომენტარები