„ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონსტრუქციულობანას თამაშობს – ეს უფრო ფასილიტატორებთან პრანჭვას ჰგავს- ოპოზიციის აქციის გადადება, რატომ უკავშირდებოდა“- გია ხუხაშვილი

-„ოპოზიცია ცდილობს, ითამაშოს კონსტრუქციულობანა, – კონსტრუქციულობის და შეთანხმების საფუძველი პრაქტიკულად არ არსებობს, თუ გავითვალისწინებთ, თუნდაც, პრემიერ-მინისტრის დღევანდელ გამოსვლას, რომელიც აბსოლუტურად საომარი რიტორიკითაა გაჟღენთილი, მოლაპარაკებების სივცეს, ფაქტობრივად, არ აჩენს. უფრო კონსრტუქციულობის იმიტაციებთან გვაქვს საქმე ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც, ვიდრე რეალური მოლაპარაკების სივრცის აღქმასთან. ოპოზიციის აქციის გადადება, რატომ უკავშირდებოდა მოლაპარაკებებს, ჩემთვის გაუგებარია, – მშვიდობიანი აქციები თუ გაქვს დაგეგმილი, კი ბატონო, ჩაატარე, მოლაპარაკებების პროცესს არაფრით ხელს არ უშლის.

ეს ყველაფერი იმიტაციებს ემსგავსება, – შეუძლებელია, ერთის მხრივ, ილაპარაკო მოლაპარაკებებზე და მეორეს მხრივ, ჩნდებოდეს საფუძვლიანი ეჭვი პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანასთან დაკავშირებით. – ერთი მხრიდან შენ ხსნიდე მოლაპარაკებებისთვის სივრცეს, მეორე მხრიდან ამას კეტავდე და შეურაცხყოფას აყენებდე, თუნდაც, მტერს, რომელთანაც მაგიდასთან დაჯდომას აპირებ,- ეს აბსურდია.

გარდა ამისა, ორივე მხარე ახდენს იმ ტიპის წითელი ხაზების დეკლარირებას, რომელიც არათუ არ იკვეთება ერთმანეთთან, არამედ ურთიერთგამომრიცხავია. ეს არის იმიტაციები, უფრო პრანჭვას გავს ფასილიტატორებთან, მედიატორებთან თუ დამკვირვებლებთან, – ორივე მხარე ეპრანჭება მათ, -როგორი კონსტრუქციულია. სინამდვილეში კონსტრუქციულობა საქმით არ იკვეთება. მოლაპარაკებები თუ გინდა, მაშინ შენი რიტორიკაც უნდა ქმნიდეს მოლაპარაკებების საფუძველს, მაგრამ,  გამოდის პრემიერ-მინისტრი სიტყვით, – ყველას მოღალატეს და ქვეყნის დამანგრეველს ეძახის, ვისთანაც, თითქოს მოლაპარაკება აპირებს,- ეს არის აბსურდი“, – განაცხადა  პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა„ინტერპრესნიუსთან“.

კომენტარები