„ხომ არის ადამიანების გარკვეული კატეგორია, ვისაც ჰგონია, – ბილ გეიტსმა უნდა „დაჩიპოს“. ახლა მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეიტსი როგორ ჩადგამს“ – პაატა იმნაძე
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგი ჩატარდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა ინფორმაცია გააჩნია, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, – რუსეთმა „გამალეიას ინსტიტუტის“ მიერ შემქნილი „კოვიდ-19“-ის ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა, – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა:
-„რუსული ვაქცინის შესახებ მწირი ინფორმაცია მაქვს. გულწრფელად მაინტერესებს, აქ ხომ არის ადამიანების გარკვეული კატეგორია, ვისაც ჰგონია, – ბილ გეიტსმა უნდა „დაჩიპოს“. ახლა მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეიტსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს, რომ დაჩიპოს?! სერიოზულად თუ გიპასუხებთ, ძალიან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა ამ ვაქცინის გამოცდა. მის ხარისხზე, კვლევის შედეგებზე, ფაზებზე, რამდენ ადამიანზე იყო დატესტილი, რა შედეგები ჰქონდა, სამწუხაროდ, – ვერაფერს მოგახსენებთ“.