ხულოში სახალხო დღესასწაული „ტბელობა“ აღინიშნა

ხულოში სახალხო დღესასწაული „ტბელობა“ აღინიშნა.

ღონისძიება სოფელ ხიხაძირში ჩატარდა. ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და ინდივიდვალური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი. მოეწყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებაზე ხულოს მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, 4 პიროვნებას: ეთერ დეკანაძეს, ეთერ ხალვაშს, რევაზ შაინიძესა და ნიკოლოზ დუმბაძეს ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია გადაეცათ. დღესვე, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძე, ხულოს საპატიო მოქალაქის წოდებით დაჯილდოვდა.

სახალხო ზეიმ ,,ტბელობა“-ს ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების პირველი პირები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ხიხაძირელები, პედაგოგები, პროფესორ მასწავლებლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ტბელ აბუსერისძე მე-13 საუკუნეში მოღვაწეობდა ის იყო მწერალი, ჰიმნოგრაფი, ასტრონომი, ღრმა მეცნიერული აზროვნებით გამორჩეული მწიგნობარი, რომელმაც წარუშლელი კვალი დააჩნია ქართულ კულტურას. ისტორიული წყაროების მიხედვით ტბელმა ააშენა წმინდა გიორგის ეკლესია ხიხანში, შემდეგ კი ამ ტაძრის ღვთისმსახურიც ყოფილა ის და თავისი თხზულებებიც სწორედ მაშინ შეუქმნია. მასვე შეუდგენია ასტრონომიულ-კალენდარული ნაშრომი, რომელიც 1223 წლით თარიღდება.

ივ. ჯავახიშვილისა და კ. კეკელიძის დახასიათებით, მან დიდი წვლილი შეიტანა შუა საუკენეების ქართული კულტურის, მეცნიერებისა და სასულიერო მწერლობის განვითარებაში, იმდროინდელი საქართველოს ყოფა-ცხოვრების შესწავლაში.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ტბელ აბუსერისძე წმინდანად იქნა შერაცხული, მას შემდეგ 30 აგვისტოს წმინდა ტბელის ხსენების დღეს აღნიშნავენ.

პირველი სახალხო დღესასწაული „ტბელობა“ 1979 წლის 13 სექტემბერს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

კომენტარები