ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების მართვის ახალ სტილზე გადადის – კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა

ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების მართვის ახალ სტილზე გადადის. პროტოკოლში ცვლილება რამდენიმე წუთის წინ შევიდა. მკურნალობის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილური ჯგუფები გააკონტროლებენ.

5 კლინიკური ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც თითო ინფექციონისტი, რეანიმატოლოგი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შევა. ამ ეტაპზე ერთი ჯგუფი გაემგზავრება აჭარაში, ერთი იმუშავებს თერჯოლაში, 3 თბილისში.

მობილური ჯგუფების ძირითადი ფუნქცია მონიტორინგი იქნება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მედიკოსები ჩაერთვებიან მკურნალობის პროცესში, მისცემენ ექიმებს რეკომენდაციებს და აუცილებლობის შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზებს გამოიკვლევენ.

„გადავედით უფრო აქტიური მართვის ფაზაზე. მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში კლინიკური ჯგუფის გააქტიურება, რათა უფრო აქტიურად მოხდეს პაციენტებზე მონიტორინგი და ეს პროცესი უფრო მეტად გამჭვირვალე იყოს როგორც სამინისტროსთვის, ასე მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 569 ადამიანს დაუდასტურდა, 271 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

აჭარაში – 207 ახალი შემთხვევა, თბილისში – 168 , იმერეთში – 117, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24 , ქვემო ქართლში – 7, შიდა ქართლში – 25, გურიაში – 8, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში – 5-5, სამცხე-ჯავახეთში – 3 ახალი შემთხვევა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ვებგვერდ StopCov-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 102-ს შეადგენს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6538 ადამიანი, გარდაიცვალა 102 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები