„ჯანმრთელი მივიდა, ნემსი გაუკეთეს, ესე იგი, მოკლეს, – ეს არის ჩვენი პოზიცია“-გარდაცვლილი ექთნის ბიძა

ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის ბიძამ, ტარიელ ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

-„საავადმყოფოში გამართული არ იყო პროცესი, რაც უნდა ჩატარებულიყო ვაქცინაციისას. ქუჩაში რომ დამართნოდა ეს ამბავი, სხვა რამეა,  საავადმყოფოში ეს არ უნდა მომხდარიყო. იმდენი ექიმი იყო, იმდენი საშუალება. რა თქმა უნდა, ვიღაც იყო დამნაშავე, ეს შედეგი რომ დადგა. სწორად რომ ყოფილიყო წარმართული ყველაფერი,  ეს ყველაფერი არ უნდა მომხდარიყო.

ჯანმრთელი მივიდა, ნემსი გაუკეთეს, ესე იგი, მოკლეს, – ეს არის ჩვენი პოზიცია. მედიცინის ენით ეს როგორ აიხსნება, არ გვაინტერესებს, ამას ვთვლით მკვლელობად. ეს ნემსი რომ არ გაეკეთებინა , არაფერი მოუვიდოდა. რადგან გაუკეთეს, ვთვლით, ეს მკვლელობაა. სავარაუდოდ, დაგვიანებით გაუკეთეს ადრენალინი ან საერთოდ არ გაუკეთეს. კატეგორიულად ამას ვერ ვიტყვით.

ალერგიული ფონი რომ დაეწყო, რეანიმატოლოგი ადგილზე არ იყო . როგორც გვითხრა, გუბერნიაში იყო გასული. ვფიქრობ, გული რომ გაჩერდა, უმცროსმა ექიმმა სცადა მდგომარეობის გამოსწორება, რომ ვერ გამოასწორა, დარეკა რეანიმატოლოგთან. სავარაუდოდ, ამ ყველაფერში სადღაც რვა წუთი მაინც დაიკარგა.

-„მეუღლე ფიქრობს რომ იქიდანვე გარდაცვლილი წამოიყვანეს“, – განაცხადა  ტარიელ ბაქრაძემ “ტვ პირველთან“ საუბარში.

27 წლის ექთანი, რომელსაც 18 მარტს, ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, 19 მარტს გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები