ჯარიმები დაწესდება – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა

ბიუროს სხდომა ჩატარდა. 

-„პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სისტემის მიერ დაწესებული რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე ახალი ჯარიმები დაწესდება. 

ჯარიმები დაწესდება სხვადასხვა რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. რეკომენდაციებს შორისაა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა.

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა საჯაროდ ისაუბრა,  რომ არაერთი შემთხვევა ფიქსირდება,  მოქალაქეები არ იცავენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან არის მოწოდებული. მინდა, ჯანდაცვის და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეებს ვთხოვო,  დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა, რაც შეიძლება მოკლე დროში შეიმუშაონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამ წესების ადმინისტრირებას უკავშირდება.

საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა საკმაოდ მაღალი ჯარიმები დაწესებული, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ ჩაითვლება პროპორციულად, ყოველდღიური, ხშირი, ინდივიდუალური გამოყენებისთვის. საჭიროა, უფრო რაციონალური ჯარიმების შემოტანა, ახალი ზომების განსაზღვრა,  შესაბამის სამსახურებს ყოველდღიურ რეჟიმში რომ მიეცეთ საშუალება, ასეთ დარღვევებზე რეაგირება მოახდინონ. ჯარიმების ოდენობები უნდა იყოს გონივრული, პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს,  ამავე დროს მოქალაქეებს დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს.

ასეთი ტიპის დარღვევები არა ერთი, არამედ ბევრი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უკავშირდება, ნებისმიერ ცალკეულ შემთხვევაში ქმნის მცირე ეპიდემიოლოგიური გართულებებების საფრთხეს, რაც მათ შორის ბოლო 1 კვირის განმავლობაში გვქონდა სახეზე”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები