ჯვარი, სადაც წმინდა გიორგის გულის ნაწილი ინახება და რომელსაც ადამიანების განკურნება შეუძლია

წიფორის წმინდა გიორგის ხატი XII საუკუნისაა. ორნავიან ბაზილიკურ საყდარს პირვანდელი სახე დაკარგული აქვს. არაერთგზის რესტავრირებული სალოცავი 1991 წლის მიწისძვრამ დააზიანა. მთიულებმა საკუთარი სახსრებით გაამაგრეს. შიდა ინტერიერი უნიკალურია. საყდრის მთავარი დარბაზი და გვერდითა ნავი ეფუძნება, უზარმაზარ ქვის სვეტს. სვეტის წინა მხარეს უზარმაზარი ხის ჯვარია აღმართული. საკურთხევლის ერთი მხარე მომრგვალებული ქვითაა ნაშენი, მეორე – ოთხკუთხა კონსტრუქციით. კედლებში თახჩებია. სალოცავი მოხატული არ არის, მაგრამ აქ უამრავი შეწირული ხატია დაბრძანებული.

მთიულეთში, სოფელ წიფორში, უფრო სწორად, ახლა უკვე ნასოფლარში წიფორის წმინდა გიორგის საყდარია. სწორედ ამ ტაძარში ინახება ოქროს ჯვარი, რომელიც შუაზე იხსნება და გადმოცემის თანახმად, მასში წმინდა გიორგის გულის ნაწილი ინახება.ხატის დეკანოზები ოდითგანვე კედელაშვილები არიან. ამ ტაძრის დეკანოზი ახლა კოლია კედელაშვილია. წინაპრებისგან გადმოცემით იცის, რომ ტაძარი თამარის მეფობის პერიოდში ააგეს. ამბობს, რომ ამ საყდარში ქალების შესვლა აკრძალულია, მამაკაცებთან ერთად მხოლოდ ქალიშვილებს შეუძლიათ შესვლა და მოლოცვა.

ეს სალოცავი ბევრჯერ გაიძარცვა – დაიკარგა ოქროს თასები და ხატები. მძარცველები თურმე ჯვარსაც ეძებდნენ, თუმცა ვერ მიაგნეს. არაერთხელ გადაუთხრიათ ტაძრის მიმდებარე ტერიტორია ოქროს ჯვრის მაძიებლებს. ჯვრის კონკრეტულ ადგილსამყოფელს დეკანოზი და ე.წ დასტური, ანუ შეფიცული მკაცრად ასაიდუმლოებენ. სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა მომლოცველებს წელიწადში სამჯერ ეძლევათ – წმინდა გიორგის ხსენების ორ დღესა და აღდგომას.

ამბობენ, რომ ჯვარს ბევრი სასწაული უკავშირდება – ბევრი უშვილო წყვილისთვის უჩუქებია შვილი და ავადმყოფისთვის – ჯანმრთელობა. ჯვარს ძველი ბერძნული წარწერა აქვს დატანილი. ამ დრომდე უცნობია, რა საიუდუმლო იმალება, თუმცა „პრაიმტაიმი“ მის გაშიფვრას ენათმეცნიერებთან ერთად იწყებს და კვლევის შედეგებს ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს, უახლოეს მომავალში ვაცნობებთ.

ავტორი – თამილა გურაშვილი. წყარო – “ინტერმედია”

კომენტარები