ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ – პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს, აწარმოოს მოლაპარაკებები

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და კონგრესმენები საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

-„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისში ძალადობრივი შეჭრის, მისი ლიდერის, ნიკა მელიასა და ათობით აქტივისტის დაპატიმრების შესახებ, სერიოზულად შემაშფოთებელია.

პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად სამართალდამცავი ძალებისა და სასამართლო სისტემის კორუმპირებული გამოყენება საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური გზისგან.

ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუას დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და მოლაპარაკებები აწარმოოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ“.

განცხადებას ხელს აწერენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორი, ჯიმ რიში, მისი დემოკრატი კოლეგა, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და წარმომადგენელთა პალატის მხრიდან, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები – რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი და დემოკრატი ჯერი კონოლი.

კომენტარები