ჯო ბაიდენმა 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა.
ჯო ბაიდენის სტრატეგია სახელწოდებით „ამერიკის გადარჩენის გეგმა“ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას, ეკონომიკის გამოცოცხლებასა და სკოლების გახსნას ითვალისწინებს.
-„აშშ-ს სასწრაფო დახმარება სჭირდება, ის სარგებელი, რასაც ამ გეგმის განხორციელებით მივიღებთ, დანახარჯებს აღემატება“, -განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ფინანსური პაკეტის ფარგლებში აშშ-ის თითოეული მოქალაქე 1 400 დოლარს მიიღებს, ამისთვის, საერთო ჯამში 1 ტრილიონი დოლარია გამოყოფილი.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამას 415 მილიარდი დოლარი, მცირე ბიზნესის მხარდაჭერას 440 მილიარდი დოლარი მოხმარდება.
უმუშევარი პირები ყოველკვირეულად 400 დოლარს მიიღებენ.