ჯუმბერ კირვალიძე: ბაქოში მოწყალება გაიღეს – მხოლოდ ქართველ სამღვდელოებას შეუშვებენ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებში!

– „აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოწყალება გაიღო და ხვალიდან, მხოლოდ ჩვენს სამღვდელოებას (ქართველ მომლოცველებს და უცხოელ ტურისტებს კი, არა!) – “შეუშვებენ” უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებში! დიახ, მხოლოდ ქართველი სამღვდელოებისათვის “ნებართვის მიცემა” და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების სადავო სასაზღვრო მონაკვეთიდან “უკან არ დახევა”, აგრეთვე, ქართველი მომლოცველების და უცხოელი ტურისტების გადაადგილების აკრძალვა მიუთითებს იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა, ქართულმა ეკლესიამ არ უნდა შეასუსტოს წნეხი ქვეყნის ხელისუფლებაზე და თავისი შეურიგებლობით ოფიციალურ ბაქოსაც აუწყოს ის მტკიცე პოზიცია, რომელიც საქართველოს კათალიკოს – პატრიარქმა, ილია მეორემ ბრძანა:”სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის დაჩემება, რომელმაც 2019 წლიდან, ფაქტობრივად, ჩამოგვართვა მონასტრები ჩიჩხიტური და უდაბნო, რომლის მახლობლად, ჯერჯერობით განუსაზღვრელ ადგილზე, ააშენეს სასაზღვრო სექტორი და ამ საცხოვრისებში სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების გადაადგილება, რასაც, ბუნებრივია, ჩვენ არ შევეგუებით”! საქართველოს წინა და აწინდელი ხელისუფლებების “კაპიტულანტური” ეროვნული პოლიტიკის ბრალია, რომ ამდენს გვიბედავენ, ანუ მრავალი საუკუნის მანძილზე ქართველების კუთვნილ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, – ალბანურად ასაღებენ?! კარგად მესმის, რომ ერთი ვიზიტით (გუშინ, პრემიერ-მინისტრის გ.გახარიას ბაქოში ჩასვლა) ასეთი სერიოზული საქმე “სტრატეგიულ პარტნიორთანაც კი”, ვერ მოგვარდება, მითუმეტეს, რომ სახელმწიფოები, რომლებსაც ერთმანეთთან ტერიტორიული, ისტორიულ-კულტურულ-რელიგიური პრეტენზიები აქვთ, არ და ვერ იქნებიან – “სტრატეგიული პარტნიორები”! ამიტომ, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, “სხვადასხვა სახის” პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურული და სხვა ბერკეტების ამოქმედებაზე იმიტომ, რომ აზერბაიჯანული მხარის “კეთილი ნების იმედად” არ დავრჩეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების შენარჩუნების პრობლემა დაუდგება მმართველ პოლიტიკურ ძალას, ვინაიდან – ქართველი ერი დავით გარეჯას არ დათმობს, მათ შორის, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის სალოცავებს!!!…“ – წერს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე

კომენტარები