ჯუმბერ კირვალიძე: “რუსეთი ორად გაყოფილი გერმანიის გაერთიანებას დათანხმდა, ხოლო საქართველოსთვის ორი რეგიონის დაბრუნებას არ აპირებს”!

– რუსეთის ოფიციალური პირები, “აბსოლუტურად უპერსპექტივოს” უწოდებენ საქართველოს მცდელობას, რომ აღიდგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა! რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, საკუთარ პოზიციას შემდეგნაირად “ასაბუთებს”: პრეზიდენტი სააკაშვილის (ანუ, საქართველო?!) სამხედრო ქმედებების შედეგად, რუსეთი “იძულებული გახდა დაეცვა სამხრეთ ოსეთის ხალხი” და შემდეგ, “ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა”, ხოლო, რუსეთის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, არც დღეს და არასდროს – “გადახედვას არ დაექვემდებარება”-ო! რუსეთის ეს პოზიცია გახლავთ, – პოლიტიკური უტიფრობის და ცინიზმის მწვერვალი, რადგანაც, როგორი შეფასებაც არ უნდა მისცე ომში დამარცხებული ქვეყნის ხელმძღვანელს (სააკაშვილი ხომ აღარ არის პრეზიდენტი!), ეს არ იძლევა იმის უფლებას, რომ “გამარჯვებულმა” სახელმწიფომ (მითუმეტეს აგრესორმა) “დამარცხებული” დაანაწევროს და თან განუცხადოს მას, რომ მისი მცდელობა, მშვიდობიანი გზით აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, – “აბსოლუტურად უპერსპექტივოა”?!

ფაშისტურმა გერმანიამ, რომელმაც მსოფლიო ომი გააჩაღა და ათეულ მილიონობით ადამიანის (მათ შორის მილიონობით რუსი!) სიცოცხლე იმსხვერპლა, საკონცენტრაციო ბანაკებით დაფარა ევროპის კონტინენტი და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ადამიანთმოძულე რეჟიმი ჰქონდა, ომში დამარცხების და მისი დანაწევრების შემდეგ, აი, ასეთი დანაშაულებების ჩამდენ გერმანიას და გერმანელ ერს, მსოფლიო ცივილიზაციამ, უწინარესად კი რუსეთმა(!?), რომელმაც 150 000 ჯარისკაცი გაიყვანა აღმოსავლეთ გერმანიიდან, მისცა რა უფლება, რომ გერმანია და გერმანელი ერი გაერთიანებულიყო და გამთლიანებულიყო!! ჰოდა, “პატარა საქართველომ რა დააშავა ასეთი”, რომ რუსეთის უმაღლესი სტატუსის მქონე სახელმწიფო მოხელეები, – ქართველ ხალხს “ფიქრსაც კი გვიკრძალავენ”, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა?!

ამავდროულად, რუსეთის პირველი პირები, სხვადასხვა მასმედიაში ფარისევლურად საუბრობენ – “განსაკუთრებულ სიყვარულზე ქართველი ხალხის მიმართ”, რაც თურმე გამოიხატება იმაში, რასაც რუსეთი “გვთავაზობს” ქართველებს, რომ “უნდა შევეგუოთ ახალ პოლიტიკურ რეალობას”, – ანუ, “არც ვიოცნებოთ” აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზე საქართველოს იურისდიქციაში! რუსეთის ეს “ბარბაროსული სტრატეგია”, ერთი-ერთში ჰგავს ამერიკის კოლონიზატორთა ქმედებებს, როდესაც ისინი აბორიგენ ინდიელ ტომებს გარკვეულ ტერიტორიაზე რეზერვუაციაში ამყოფებდნენ და უკრძალავდნენ მომიჯნავე, მათსავე ტერიტორიაზე გადაადგილებს, ანუ – ქართველებს რუსები “ინდიელებივით გვექცევიან”!?

ასე რომ, “ჯერჯერობით” სრული ილუზიაა, რომ კრემლი ნატოში არ შესვლის სანაცვლოდ, აფხაზეთ-ცხინვალს “დაგვიბრუნებს”! ყოველ შემთხვევაში, მე ვისთანაც კავშირი მაქვს მოსკოვში (ძირითადად ჩემი თანაკურსელები) და მერწმუნეთ, ძალიან ინფორმირებულ ადამიანებთან, ყველა ამას მიდასტურებს, რომ – კრემლი არც კი განიხილავას, “რაიმეს ფასად” – საქართველოსთვის აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას!..
რა არის იცით, უკანასკნელი 25 წლის მანძილზე არაერთი სტატიის ავტორი ვარ, რომლებიც ამ საკითხს შეეხება, სადაც არაერთი სხვადასხვა მოდელი, გეგმა, კონცეპცია შემითავაზებია ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელნიც დაფუძნებულები არიან ურთიერთ კომპრომისზე რუსეთსა და საქართველოს შორის, საქართველოს მიერ სამხედრო ნეიტრალიტეტის დაცვაზე, ანუ ნატო-ში არ გაწევრიანებაზე, ოღონდ კონსენსუსისთვის მიგვეღწია საქართველოს გამთლიანების საკითხში!.. სამწუხაროდ, ჩემი გამოცდილება იმაზე მეტყველებს, რომ მოსკოვში “ყურის შებერტყვაც არ უნდათ”, მეტიც, მე ვინ ვარ, ერთი დამოუკიდებელი პოლიტოლოგი, რამოდენიმე ქართული პოლიტიკური ჯგუფი (არ დავასახელებ, ყველამ იცით!), სხვადასხვა დონეზე, რუსეთის დუმაში, მთავრობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მუდმივად ცდილობენ, რომ ამ კუთხით რაიმე შედეგი “დადონ”, მაგრამ, უშედეგოდ, თორემ აქამდე ქვეყანას შეძრავდნენ – “რუსები დავითანხმეთ”-ო!..

P.S. დიახ, დღეს ასეა და ხვალის იმედს ნუ დავკარგავთ, არ გავტყდეთ, არ დავთმოთ და ღმერთი შეგვეწევა!!!

კომენტარები