ჯუმბერ კირვალიძე: “რუსეთის “აღიარების პოლიტიკის” წინააღმდეგ, დასავლეთის “არ – აღიარების პოლიტიკის” წყალობით, საქართველო ინარჩუნებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას!”

– ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც დასავლეთის მრავალმხრივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ, მაგრამ ეს იმედი გაუცრუვდათ იმის გამო, რომ მთელ რიგ საკითხებში მათი მოლოდინი არ გამართლდა, რაშიც, სხვათაშორის ლომის წილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებების არაეროვნულ პოლიტიკას, ცრუ-მედასავლეთეებს, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესებს!..
მაგრამ, არის ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც დასავლეთის მიმართ საქართველოს მხრიდან არანაირ კრიტიკას არ იმსახურებს, პირიქით, დასავლეთის მადლიერნი უნდა ვიყოთ, ეს გახლავთ, დასავლეთის უპირობო და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით!
დიახ, ვისაც ასე არ მიგაჩნიათ, გთხოვთ ობიექტურად გააცნობიეროთ არსებული სამხედრო-პოლიტიკური რეალობა, – რომ არა, აშშ-ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან გამოცხადებული და განხოციელებული “არაღიარების პოლიტიკა”, რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ნაღიარებ” აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონს, არამარტო ნიკარაგუა-ვენესუელას დიქტატორული რეჟიმები და ოკეანეში მარჯნის კუნძული – სახელმწიფოები (რუსული ფულით მოსყიდული!) “აღიარებდნენ”, არამედ, კოსოვოს მსგავსად, – გაეროს წევრი 100-ზე მეტი სახელმწიფოც! ვიმეორებ, რომ არა, აშშ-ევროკავშირის სახელმწიფოების ერთობლივი და მტკიცედ წარმოებული “არაღიარების პოლიტიკა”, ამ შემთხვევაში, საქართველოს კუთვნილ აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონს, 2008 – 2019 წწ. ამერიკა-ევროპა-აზიის 100-ზე მეტი ქვეყანა, – “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებდა”!
ეს, რომ სრულად გავიაზროთ, ამისათვის თვალსაჩინოა კოსოვოს მაგალითი, ვის მიმართაც აშშ-ევროკავშირს “არაღიარების პოლიტიკა” არ უწარმოებიათ, პირიქით, კოსოვოსთან მიმართებით, სწორედ დასავლეთმა პირველმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა, რის გამოც ამ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ ამერიკა-აზია-აფრიკის სახელმწიფოებიც!
აქედან გამომდინარე, იგივე მოხდებოდა საქართველოს 2 რეგიონის შემთხვევაშიც, თუ რუსეთის “აღიარებების პოლიტიკის” წინააღმდეგ არ იარსებებდა დასავლეთის “არაღიარების პოლიტიკა”, რომლის წყალობითაც ამ 10 წლის განმავლობაში იბლოკებოდა და დღემდე იბლოკება რუსეთის ყველა მცდელობები, რომ, რაც შეიძლება ბევრმა ქვეყანამ მთელს მსოფლიოში, – “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარონ” აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი!

P.S. დიახაც, მხოლოდ, დასავლეთის მიერ დეკლარირებული და მყარად გატარებული “არაღიარების პოლიტიკა” საქართველოს უტოვებს შანსს, პოლიტიკურ პერსპექტივას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დასავლეთი საქართველოს “მოთხოვნით”(?!), ან რაიმე სხვა მიზეზით, შეწყვეტს “არაღიარების პოლიტიკას” აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ, მაშინ საქართველო სამუდამოდ დაკარგავს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს!!!

კომენტარები