ჯუმბერ კირვალიძე: ქართველებო, ნუ ხმარობთ სიტყვა “საზღვარს”!

“2007 წელს სააკაშვილის ნაცრეჟიმმა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ 1990 წელს გაუქმებული საბჭოთა ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” აღადგინა და “ახალი ადმინისტრაციული ერთეული შექმნა”, ამ ფსევდო, ანტიქართული სახელწოდებით,
სადაც ახალგორის რაიონიც შეიყვანა, რომელსაც მანამდე, მთელი ამ ინსპირირებული სეპარატისტული კონფლიქტის განმავლობაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებდა! ამის შედეგად კი, მას შემდეგ, რაც ავანტიურისტი სააკაშვილი აგრესორმა რუსებმა 2008 წლის აგვისტოში წინასწარ შემუშავებული პროვოკაციების შედეგად “ომზე წამოაგეს”, მივიღეთ ის სამხედრო – პოლიტიკური მდგომარეობა, რასაც დღეს ვადევნებთ თვალს, ანუ რუსეთის მიერ “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებული” ჩვენი 2 რეგიონი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი! ამ “აღიარებების” შემდეგ, რუსეთის სტრატეგია ასეთია: დრო და დრო, ოკუპანტ – სეპარატისტები, სააკაშვილის მიერ აღდგენილ “სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში”, რომელიც მათთვის “სახელმწიფო საზღვარია”, ხოლო ჩვენთვის საოკუპაციო ხაზი, “სასაზღვრო” ბანერებს და მავთულხლართებს ხან სად წამოჭიმავენ და ხან სად, თანაც სააკაშვილის მიერ აღდგენილ “ადმინისტრაციულ საზღვრებს” ხშირად არღვევენ, ზოგან 300 მეტრით, ზოგან კიდევ კილომეტრით და მეტით! რუსეთის ამ სტრატეგიის მიზანია – “ქართველების ნერვებზე თამაში” და თბილისში პოლიტიკური პროცესების დაშანტაჟება, როგორც ხელისუფლებისთვის ისე ოპოზიციისთვის, რომ გამოიწვიონ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირება და სამოქალაქო არეულობა!.. მოკლედ, ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ნაცვლად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგიის გარშემო მიდიოდეს მსჯელობა-კამათი, ჩვენი უსახური და უნიათო ხელისუფლება, პლიუს არაადექვატური ოპოზიცია და აჟიტირებული, ქარაფშუტა საზოგადოება, – მხოლოდ(!) საოკუპაციო ხაზის გადაწევა-გადმოწევაზე და მის გასწვრივ მავთულხლართების გავლებაზე “გამოთქვამს კატეგორიულ აღშფოთებას”?! სხვათაშორის, ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი კავკასიონის ქედზე გადის და არა იქ, სადაც “შეფარვით თუ ღიად გვაჩვევენ”, ანუ შუაგულ ქართლში (ამიტომ არ შეიძლება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო შენაერთების განთავსება)!.. და საერთოდ, ქართველებო, ნუ ხმარობთ სიტყვა “საზღვარს”, როცა საუბრობთ ამ თემაზე გამოიყენეთ ტერმინები – საოკუპაციო “ხაზი”, ან “ზოლი”! და ერთიც, როგორ ფიქრობთ, რა რეაგირება ექნება ქართულ სინამდვილეში, რომ ხვალ რუსებმა “ცხინვალისკენ გადაწიონ, გუშინ თბილისისკენ გადმოწეული ხაზი” (მათთვის – “სახელმწიფო საზღვარი”), ანუ ზუსტად, სანტიმეტრებში დაიცვან 2007 წელს სააკაშვილის მიერ “აღდგენილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი”?! რა რეაქცია იქნება და, უკაცრავად, ისეთი დაავადებულია ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ “გამარჯვებულად” ჩათვლის თავს და ისეთ ზარ-ზეიმს მოაწყობს, რომ 2008 წლის აგვისტოს სამარცხვინო “კონცერტი” რუსთაველზე, უფერულ სანახაობად ჩაითვლება! დიახ, “აღიარებების” შემდეგ, რუსეთმა მავთულხლართებით “დასერა” ქართლის შუაგული და თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწევს ქვეყნის სიღრმეში! წონასწორობა დაკარგული ქართველების რეაქცია კი ასეთია, – “კოლექტიური ჩასვლა” საოკუპაციო ხაზთან, თეატრალიზებული, შარვალჩახდილი წივილ-კივილის მოწყობა, რუსების და პუტინის მრავალსართულიანი გინება, მსოფლიოსთვის იმის ჩვენება თუ როგორ გვამცირებენ რუსები და როგორ “არ ვეგუებით” ამას ჩვენ, ქართველი “ჭეშმარიტი პატრიოტები”!.. ქოცების ხელისუფლების “მესიჯია”, – არ ავყვეთ რუსულ პროვოკაციას, ეს ჩვენი “ტესტია” გამძლეობაზე, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ამგვარი “უბადრუკობანი”! ნაცების პოზიცია შემდეგია, – აი, ხომ გეუბნებოდით, რომ რუსეთთან “არაფერი გამოვა” და ჩვენს მიერ წარმოებული პოლიტიკა სწორი და ერთადერთი იყო, 2008 წლის აგვისტოშიც და ზოგადადაც!.. ქართველებო, ნუთუ ამას დიდი ცოდნა და ანალიზი ჭირდება, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ამ პოლიტიკას (“ბორდერიზაცია”!) გააგრძელებს, ანუ – ყოფილი ავტონომიური ოლქის, ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მთელს პერიმეტრზე, შეგნებულად, პოლიტიკურ – ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით, თანდათანობით ყველგან დადგამს “სასაზღვრო” ბანერებს და გააბამს მავთულხლართებს, რათა დააფიქსიროს “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი”, ჩვენთვის საოკუპაციო ხაზი (ზოლი)! ოკუპანტი რუსეთი იგივეს მოიმოქმედებს მდინარე ენგურის გასწვრივაც, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მთელს პერიმეტრზე, ამას რუსეთი გააგრძელებს მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება –
“კარგად არ გააცნობიერებს” იმას, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიის 20% – ზე მეტს იგი ვერ აკონტროლებს და ვერც გააკონტროლებს, რუსეთის ფაქტორის “არ გათვალისწინების შემთხვევაში”!.. ეს არის და ეს, რაც ამ 11 წლის მანძილზე ოკუპაციის შედეგად ხდებოდა და ხდება, ეს მდგომარეობა მოულოდნელი არც არის, რადგანაც ქოცების ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით არსებითად არ შეცვლილა, იგივე დარჩა, რაც ნაცების დროს იყო! ამიტომაა, რომ ნაცების გავლენის ქვეშ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა ჯგუფები (მაგალითად “ანტისაოკუპაციო მოძრაობა”), სარგებლობენ ქართველი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტით, ქოცხელისუფლების უმოქმედობით და პოპულისტური პერფორმანსებით ცდილობენ ისედაც უმძიმესი სიტუაციის დაძაბვას!..
P.S. ხელისუფლებავ! მთელი მასმედია თქვენს განკარგულებაშია, რაც აქ დავწერე და რაც დავაკელი, ეს ყველაფერი გასაგებად, მწყობრად უნდა აუწყოთ, აუხსნათ ჩვენს ხალხს, მოქალაქეებს (მოსახლეობას! – ვერ ვიტან ამ სიტყვას!), თორემ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ არ იცით რა და როგორ თქვათ, ხშირად თქვენი წარმომადგენლები, პარლამენტარები თუ მთავრობის წევრები, ელემენტარულ კითხვებს ვერ პასუხობენ და სამარცხვინოდ ბლუყუნებენ!..” –  საკუთარ ფეისბუქზე წერს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე.

კომენტარები