ადამიანი საკუთარ ცხოვრებას ბადესავით ქსოვს

– ადამიანის ცხოვრებაში დროთა განმავლობაში ზოგიერთი ფაქტისა და პიროვნების მიმართ გარკევული განწყობა იბადება, ყალიბდება ცრურწმენა და უარყოფითი დამოკიდებულება, რომელსაც შემდეგ ხშირად დიდ ანგარიშს უწევს კაცი, თუმცა ეკლესია გვასწავლის, რომ არავითარი ცრურწმენა და ე.წ. „თარსი“ ადამიანი და დღე არ არსებობს. რაც თვითონ პიროვნებამაც კარგად იცის, მაგრამ გარკვეულწილად ცდილობს, მაინც დაემორჩილოს ამ ყოველივეს. რას ურჩევდით ასეთ დროს მას?

– არიან ადამიანი, რომლებიც ცხოვრებაში ძალიან დიდ ანგარიშს უწევენ სხვადასხვა ცრურწმენებს. ამ ცრურწმენათაგან ზოგიერთი ეკლესიას უკავშირდება, ზოგიერთი კი – ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებას. ეკლესიასთან დაკავშირებულია, ვთქვათ, სანთელი კენტი უნდა დაანთო თუ ლუწი, აუცილებლად მარჯვენა ხელში უნდა გეჭიროს და მსგავსი. ამაზე გაცილებით მეტია ცრურწმენები, რომლებიც ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებას უკავშირდება. ალბათ ყველას შეგვხვედრია ადამიანი, რომელიც თუ მარჯვენა ფეხით თუ არ გავიდა სახლიდან, ან თუ დილით გზაში შეხვდა მეზობელი, რომელიც მის წარმოდგენაში „თარსია“, თვლის, რომ იმ დღეს არ მოემართება ხელი. ამ დროს კი ავიწყდება, რომ „თარსი“ ადამიანი არ არსებობს, ყველა ადამიანი ღვთის ხატი და მსგავსია, მაგრამ ამ ადამიანის წარმოდგენაში ის მეზობელი ამ სიტყვას დაუკავშირდა და ამის შემდეგ იგი თვლის, რომ დილას, სახლიდან გასვლის წინ თუ ის ადამიანი შეხვდა, იმ დღეს საქმეში ხელი არ მოემართება. მსგავსი ცრურწმენები ბევრია, მაგალითად, შავი კატის გადარბენა, ორშაბათს თავის არ დაბანა და ა.შ. ეს ყველაფერი ადამიანი განწყობასთან არის დაკავშირებული. ალბათ ერთხელ, თუმცა კონკრეტულად როდის მოხდა ეს შემთხვევა აღარც ამ ადამიანს ახსოვს, მას შეხვდა ის მეზობელი, შემდეგ იმავე დღეს რაღაც უსიამოვნო ფაქტი მოხდა, რამაც უკვე მის წარმოდგენაში ეს ცუდი განწყობა ახლობელს დაუკავშირდა, ჩამოყალიბდა ფიქსირებული განწყობა ისე, რომ იმ მეზობლის დანახვაზე მოდის უსიამოვნო შეგრძნება, ფსიქოლოგიაში ამას ღუზას ეძახიან. ანუ ის მეზობელი მისთვის უსიამოვნო ღუზა ხდება. გარდა ამისა, ე.წ. შეძენილი განწყობა შეიძლება დაუკავშირდეს გარკვეულ ნივთს, ან კვირის გარკევულ დღესაც. არიან ადამიანები, რომლებიც კვირის რომელიმე დღეს, მაგალითად, სამშაბათს, ოთხშაბათს, არ აკეთებენ კარგ საქმეს და არავითარ შემთხვევაში არ დაეხმარებიან სხვას; თვლიან, რომ ეს მათ „ცუდად აქვთ დაცდილი“. არადა ამ დროს მთავარი სულ სხვა რამაა, მათ ავიწყდებათ, რომ ყოველი დღე ღვთის საჩუქარია, ადამიანმა ყოველი დღე ისე უნდა გამოიყენოს, როგორც ცხოვრების უკანასკნელი წამები, აკეთოს მაქსიმალურად ბევრი სიკეთე, ადიდოს უფალი და ითხოვოს მისგან შეწევნა, რათა ყოველი დღე ღვთის სადიდებელი და მისი ნების გამომეძიებელი იყოს. საერთოდ, ადამიანს უარყოფითი განწყობის დაძლევაში ძალიან ეხმარება ლოცვა, კონკრეტულად კი – იესოს ლოცვა. ერთი მოძღვარი ამბობდა, რომ ის ხშირად ურჩევდა მრევლს, ქუჩაში იმ ადამიანის დანახვისას, რომელიც მათ არ მოსწონდათ, გულში „უფალო შემიწყალენ“ ეთქვათ. მართლაც, საოცარი ეფექტი აქვს ამ ლოცვას. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ისეთ სულიერ სიმაღლეზე, რომ ყველა გვიყვარდეს, ზოგიერთი ადამიანი არ მოგვწონს და უარყოფით გრძნობებს იწვევს ჩვენში. ამ დროს ძალიან გვშველის ლოცვა. ამიტომ ასეთ დროს ადამიანებისთვის საუკეთესო რჩევა იქნება, გულში ხშირად იმეორონ იესოს ლოცვა, ღმერთს მიენდონ და არა – ცრუ წარმოდგენასა და ცრუ განწყობას. კარგი იქნება, თუ არ მიაქცევთ ყურადღებას ასეთ შეგრძნებებსა და წარმოდგენებს და ყოველ დღეს მიიღებთ ისე, როგორც ღვთის საჩუქარს – აღსავსეს ახალი და დადებითი შთაბეჭდილებებით.

– ჩვენში წინაპართაგან დამკვიდრებულია მეკვლეობის ტრადიცია. ადამიანები განსაკუთრებულად ელიან „ბედობა“ დღეს, საგანგებოდ არჩევენ ისეთ პიროვნებას, რომელიც მათ წარმოდგენაში „კარგი ფეხი აქვს“ და მისი მოსვლით ოჯახში მთელი წელი კარგად წარიმართება საქმე. რამდენად გამართლებულია მორწმუნე ადამიანისგან ამ ტრადიციაზე დაყრდნობა?

– ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თუ მივუდგებით მეკვლეობის ინსტიტუტს, მაშინ, როდესაც ადამიანმა იცის, რომ მეკვლეობა ცრურწმენაა და მაგრამ ამ რიტუალს მხოლოდ იმიტომ ასრულებს, რომ დადებითი განწყობა შემოიტანოს და დაილოცოს ოჯახი, მაშინ გარკვეულწილად ეს გამართლებულია. ამ დროს იბადება დადებითი განწყობა, ყველა გლოცავს, ოჯახს გამრავლებას, სისავსეს უსურვებენ, მაგრამ შეიძლება ეს გააკეთო და ამავე დროს შინაგანად იცოდე, რომ ეს ცრურწმენაა და სინამდვილეში ამაზე არ არის დამოკიდებული ოჯახის კეთილდღეობა. უბრალოდ ეს არის სიხარულის შემოტანის საშუალება. მაგრამ თუ მეკვლეობა ისეთ ხარისხში იქნება აყვანილი, რომ ადამიანი მეკვლეზე დაამყარებს სასოებას, ჩათვლის, რომ მისი „ფეხის“ მიხედვით წარიმართება შემდეგ მთელი წლის მანძილზე ოჯახის ცხოვრება, ეს, ფაქტიურად, დამღუპველი წარმოდგენაა, რადგან ასეთ დროს ის ამქვეყნიურს ეჯაჭვება და თვლის, რომ ის გარკვეული ბედისწერას გავლენის ქვეშაა. ეკლესია კი გვასწავლის, რომ ბედისწერა არ არსებობს, ადამიანი თავისი ყოველდღიური ცხოვრებით ქმნის თავს ბედს და სიმბოლურად რომ ვთქვათ, თავის ხელით ქსოვს ყოველ დღეს წლის მანძილზე, „ბედისწერა“ მის ყოველდღიურ საქმიანობაზეა დამოკიდებული და არა ახალი წლის ღამეს მოსულ პიროვნებაზე – მეკვლეზე. მეკვლეობისადმი დამოკიდებულება თუ ასეთ ხარისხშია აყვანილი, ეს, რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელია. ეს ადამიანს ძალიან აბრკოლებს ღვთისკენ მიმავალ გზაზე და არ აძლევს საშუალებას მის პიროვნულ განვითარებას. ამიტომ ამ თვალსაზრისით ასეთ რიტუალს არ უნდა მივუდგეთ, უმჯობესია, თუ ეს იქნება უბრალოდ სიხარულის შემომტანი ფაქტი, ზეიმის ერთ-ერთი ატრიბუტი, ოჯახის დალოცვა.

– ხშირად ადამიანები განსაკუთრებულად ელიან დღესასწაულის დადგომას, თვლიან, რომ მათ ცხოვრებაში ამ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება, დალაგდება და მოწესრიგდება, ყველა ნატვრა აუსრულდებათ. მაგრამ გადის დრო და საბოლოოდ, აღმოაჩენენ, რომ არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ძველებურად დარჩა. ეს კი მათში საოცარ სასოწარკვეთილების გრძნობას ბადებს…

– მთელი წელი მდორედ მიედინება და დღესასწაულის წინ, წელიწადში რამდენჯერმე ადამიანები თითქოს ფხიზლდებიან, ყველაფრის დალაგებას იწყებენ. ისეთი ცრურწმენაც კი არსებობს, რომ ახალი წლის წინ ყველა განათხოვრებული ნივთი უნდა დაიბრუნო, რომ შემდეგ ყველაფერი ოჯახში სავსე იყოს და კარგად წარიმართოს მომავალი წელი. დღესასწაულის წინ ადამიანები იწყებენ ფაცი-ფუცს, თითქოს ყველაფერს ალაგებენ, ასუფთავებენ როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, სხვა ურთიერთობები იღვიძებს – უფრო თბილები, მეგობრულები ხდებიან, თვლიან, რომ მათ ცხოვრებაში სწორედ ახლა იწყება ახალი ეტაპი და ყოველივე ამას სერიოზულად ელოდებიან, აქვთ განწყობა, რომ ამ დღესასწაულის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება, მასზე ამყარებენ დიდ იმედს, მაგრამ გადის დღესასწაული, ორ დღეში ისევ ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრება იწყება და ადამიანი ხვდება, რომ არაფერი შევლილა და იმედგაცრუება ეუფლება. ეს რომ არ მოხდეს, ადამიანმა არავითარ შემთხვევაში სასოება არ უნდა დაამყაროს თვითონ დღესასწაულზე. ამ საქციელით გამოდის, რომ ადამიანი დღესასწაულს აკერპებს. ეს რომ არ მოხდეს, ადამიანმა მთელი თავისი სასოება ღმერთზე უნდა დაამყაროს და დღესასწაული უბარლოდ ისეთ დღედ უნდა აღიქვას, რომლის დროსაც უფალი უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ მისგან მადლი სული წმიდისა, თითქოს თავისთან გვაახლოებს, ჩვენსკენ უხვად და უშურველად მოსჩქეფს მისი მადლი, ჩვენ კი ასეთ დროს მზად უნდა ვიყოთ მის მისაღებად, ვიზრუნოთ არა იმაზე, რომ თვითონ ამ დღესასწაულისგან ველოდით რაღაც მისტიურს, რომელიც მთლიანად შეცვლის ჩვენს ცხოვრებას, არამედ აბსოლუტურად ამის საპირისპიროს – ჩვენს თავში უნდა მოვძებნოთ ძალა და მოვახერხოთ, რომ ეს დღე მაქსიმალურად გავატაროთ ისე, რომ რაც შეიძლება მეტი მადლი მივიღოთ ღვთისგან, რადგან ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით საეკლესიო დღესასწაულებზე – აღდგომა ღამეს, შობა დღეს, მართლაც, მომეტებულად ეძლევა ადამიანს მადლი სულისა წმიდისა. ანუ აქ მიდგომა აბსოლუტურად საპირისპიროა: შენ კი არ ელოდები ცვლილებას, პირიქით, შენ ქმნი იმ გარემოს, რომ მიიღო დადებითი. საერთოდ, საქართველოში და ალბათ სხვა ქვეყნებშიც დღესასწაულებს ახასიათებს ის, რომ ასეთ დღეებში ადამიანებს განსაკუთრებულად უყვართ ერთმანეთი. განსაკუთრებულად გამოხატავენ სიყვარულს. ამას კი მოფრთხილება სჭირდება, რათა არ მოხდეს ამ გრძნობის გაუფასაურება. სკოლაში სწავლის პერიოდში, მაშინ, როდესაც ეკლესიური ჯერ არ ვიყავი, მახსოვს, განსაკუთრებულად ველოდებოდი ხოლმე ახალ წელს თორმეტი საათის დადგომას. ვგრძნობდი, რომ იმ წუთას მართლა ყველას უყვარდა ერთმანეთი და არავის სხვისი ცუდი არ ახსოვდა. ყველა გულით ულოცავდა ერთმანეთს. ამიტომ ის წუთები ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის, მაგრამ ვერ ვხვდებოდი და სულ ვფიქრობდი, თუ როგორ შეიძლებოდა ამ წუთების შენარჩუნება. შემდეგ ამაში ძალიან დამეხმარა ეკლესია და სულ მალე აღმოვაჩინე, რომ ის წუთი, რომელსაც მე მთელი წელი ველოდებოდი, ერთი კი არა, ძალიან ბევრი – საათებიც კი ყოფილა ტაძარში. ღვთისმსახურების დროს ალბათ ყველას გვქონია მსგავსი შეგრძნება, წირვის მოსმენის დროს საოცარი გრძნობა გეუფლება, გრძნობ, რომ ყველა ადამიანი გიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, სივიწროვეა ტაძარში, შეიძლება გაწუხებენ კიდევაც, გეყრდნობიან, მაგრამ შენ ნამვილად გრძნობ საოცარ სისავსეს, სიმშვიდეს, სიყვარულს ყველა ამ ადამიანის მიმართ და, რა თქმა უნდა, ღვთის მიმართ. წლების გასვლისა და ეკლესიაში მოსვლის შემდეგ მივხვდი, თუ რატომ ველოდი მთელი წელი ახალი წლის ღამეს. მადლობა ღმერთს, რომ გავხდი ეკლესიის წევრი და მივაგენი ჭეშმარიტ სიხარულსა და სიყვარულს, რომლის ნამცეცებსაც ახალი წლის ღამეს ვეძებდი ხოლმე.

ესაუბრა თამარ ასათიანი
ჟურალი „დედაეკლესია“, №23, 2005 წ.

წყარო: http://www.orthodoxy.ge/fsiqologia/tsrurtsmena.htm

კომენტარები